გიორგი გახარია, შს მინისტრი. ფოტო: შსს
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.
რეჟის ჟენტე Civil.ge-ს სახელით შინაგან საქმეთა მინისტრს მის გეგმებსა და მიზნებზე ესაუბრა.
თქვენ ქართული პოლიტიკის ამომავალი ვარსკლავი ხართ. 15 თვის წინ, როდესაც 2016 წლის ნოემბერში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად, ხოლო ერთი წლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად დაინიშნეთ, საზოგადოებისთვის არ იყავით ცნობილი. ვის ვესაუბრებით? პოლიტიკოსს?
ამ პოზიციაზე ტექნიკურ პირად, მენეჯერად მივიჩნევ თავს. ჩვენი სამინისტრო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, ვინაიდან იმ რეგიონში ვიმყოფებით, სადაც უსაფრთხოება და დაცულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ჩვენი მოქალაქეებისთვის; შემდეგ მოდის კეთილდღეობა. უსაფრთხოების არსებულ დონეზე შენარჩუნება ამ რთულ რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, თუმცა ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინაპირობაცაა. ამას ჩემს წინა თანამდებობაზეც, ეკონომიკური განვითარების მინისტრის რანგშიც ვხედავდი. ავიღოთ ტურიზმის მაგალითი. ის ჩვენს ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარება მაღალი დონის უსაფრთხოების გარეშე? ამის მისაღწევად კი, მიმაჩნია, რომ ტექნიკური და პოლიტიკურად ნეიტრალური მინისტრის რანგში უნდა ვიმოქმედო. ეს მნიშვნელოვანია.
რატომ ამახვილებთ ამხელა ყურადღებას უსაფრთხოებაზე? ერთი შეხედვით, საქართველო შედარებით უსაფრთხო ქვეყანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
დიახ, ქვეყანა უსაფრთხოა, მაგრამ რეგიონში ბევრი გამოწვევაა და, ბოლო წლებში, ეს გამოწვევები სულ უფრო იმატებს.
ხმები დადის, რომ მოსკოვში ყოფნის დროს თქვენ ივანიშვილთან მუშაობდით. მართალია?
არ არის მართალი. მას პირველად 2013 წელს შევხვდი, როდესაც ბიზნესომბუდსმენად დავინიშნე. ივანიშვილი [მაშინ] პრემიერ-მინისტრი იყო და მან სტანდარტული პროცედურის გავლის შემდეგ დამნიშნა. ჩემთვის, იმ დროს, ამ პოზიციაზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობა იყო. რუსეთში სწავლის შემდეგ, გერმანიაში ვმუშაობდი, ლუფთჰანზაში, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. გარკვეული სირთულეებიც მქონდა ქართულ ენასთან დაკავშირებით და ჩემი ქართულის გასაუმჯობესებლად გარკვეული მომზადებაც დამჭირდა. ივანიშვილთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა, როდესაც ბიზნესომბუდსმენად ვმუშაობდი. მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ.
მას შედეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნეთ, ძალიან აქტიურად შეუდექით მუშაობას. საქმიანობის დაწყებისთანავე რიგი რეფორმები დააანონსეთ: კრიმინალური პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ოფიცერი, საპატრულო პოლიცია და სასაზღვრო პოლიცია. რა მიზანს ემსახურება ეს რეფორმები?
მთავარი იდეა სამინისტროს ეფექტურობის ზრდაა. თუ შეხედავთ სამინისტროს მთავარ დეპარტამენტებს- საპატრულო, კრიმინალურ და სასაზღვრო პოლიციას - დაინახავთ, რომ სამივეს რეალური რეფორმირება სჭირდება.
მოდით ავიღოთ საპატრულო პოლიცია - პირველი რეფორმა, რომელიც სააკაშვილის გუნდმა განახორციელა. აქ დაინახავთ, რომ ფრონტ ოფისი საკმაოდ კარგად მუშაბს. ჩვენ [ამ მხირვ] გავაგრძელებთ იმას, რაც 2004 წელს და შემდეგ გაკეთდა. თუმცა, ბექ ოფისში უზარმაზარი პრობლემები გვაქვს. ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება, სრულიად არაეფექტურია, არ არსებობს არანაირი დიგიტალიზაცია და ასე შემდეგ. მომდევნო ორ თვეში, მაისამდე, შევქმნით სპეციალურ სივრცეს, სადაც ჩვენს მოქალაქეებს უკეთ მოემსახურებიან.
ის რეფორმები, რომელთაც არა მხოლოდ საპატრულო პოლიციაში, არამედ ყველა სხვა დეპარტამენტში ვგეგმავთ, ორ მიმართულებას გულისხმობს. პირველია სტრუქტურული რეფორმები და მეორე - რეფორმები სხვა სფეროებში, როგორიცაა ადამიანის რესურსებთან დაკავშირებული პროცედურები, ან საგამოძიებო პროცედურების გაუმჯობესება.
მოდით ავიღოთ კრიმინალური პოლიციის მაგალითი. საჭიროა, რომ სტრუქტურაკონკრეტული სპეციალიზაციის გარშემო ჩამოყალიბდეს, რათა გამოძიებების ეფექტურობა და ხარისხი გავაუმჯობესოთ. ეს გადამწყვეტი საკითხია.
ასევე საჭიროა მუშაობა ადამიანური რესურსების განვითარებაზე, რაც გულისხმობს ჩვენი ძალისხმევის მიმართვას პოლიციის აკადემიაზე, რათა ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ხარისხი გავზარდოთ.
რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციას, მინდა ხაზი გავუსვა მის მნიშვნელობას რეგიონულ კონტექსტში. სასაზღვრო პოლიციას უზარმაზარი ადამიანური რესურსი ესაჭიროება. ამისათვის, ნამდვილად გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების- ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მხარდაჭერა. ჩვენი საზღვრის სამხრეთი ნაწილი უაღრესად მნიშვნელოვანი და რთულია, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით.
თქვენ არ გიხსენებიათ „პოლიციის ოფიცრის“ თანამდებობის შექმნა. რატომ? მაგალითად ევროპაში შინაგან საქმეთა მინისტრები არ კურირებენ პოლიციას, რაც მათ საშუალებას აძლევს, არ იყონ ჩართულნი პოლიციის ყოველდღიური მართვაში და მეტი დრო პოლიტიკის შექმნას დაუთმონ.
ჩემი ხუთი მოადგილიდან ერთ-ერთი სწორედ იმ სამ მიმართულებას კურირებს, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ესენია: საპატრულო, კრიმინალური და სასაზღვრო პოლიცია. ასევე გვყავს საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსი, თორნიკე მუშკუდიანი. ყველა მათგანი პოლიციის ოფიცერია. დილის ყოველდღიური თათბირები ჩემს მოადგილეებთან და ყველა მნიშვნელოვანი დეპარტამენტის უფროსებთან 9:00 ან 9:30 საათზე მაქვს. მოდით ასე ვთქვათ, ჩემი დღის განრიგის 60% ყოველდღიურ მენეჯმენტს, ხოლო 40% პოლიტიკის შექმნას ეთმობა. ეს უნდა შეიცვალოს და 50/50-ზე გახდეს.
ახლა რომ გესაუბროთ როგორც პოლიტიკის შემქმნელს, ბოლო ორი თვის მანძილზე თქვენ აქტიურად ეწინააღმდეგებოდით ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას. როგორია თქვენი კონკრეტული პოზიცია ამ საკითხზე?
ჩვენი პოზიცია მთავრობაში ასეთია: მოდით მაშინ ვისაუბროთ დეკრიმინალიზაციაზე, როდესაც სარეაბილიტაციო სისტემა გვექნება. ამ ეტაპზე, ეს არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ვთანხმდებით იმაზე, რომ პატიმრობის პერიოდი უნდა შემცირდეს, მაგრამ ზოგიერთები ახლა სრულ დეკრიმინალიზაციაზე საუბრობენ.
ახლა, ერთი კითხვა მაქვს: რა შესაძლებლობები გაგვაჩნია ნარკოტიკების მომხმარებელთა რეაბილიტაციისთვის? და რა გვჭირდება იმისათვის, რომ სრულყოფილი სარეაბილიტაციო სისტემა მივიღოთ? ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას ნარკომომხმარებელთა მხოლოდ 10%-15%-ის დახმარება შეუძლია. ასე რომ, ჩვენი ერთადერთი საფიქრალია, რომ საკმარისი შესაძლებლობა გვქონდეს ადამიანების რეაბილიტაციისთვის, სანამ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას მოვახდენთ.
ჩვენი ხედვა ასეთია, რომ ნარკოტიკების მოხმარებას არ უნდა მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ ამ პროცესის დაწყება ძლიერი სარეაბილიტაციო სისტემის არსებობის გარეშე ძალიან სარისკოა. ამჟამად, დაინტერესებული მხარეები განიხილავენ და აფასებენ იმას, თუ რა საშუალებები გვჭირდება იმისათვის, რომ რეალური და ეფექტური სარეაბილიტაციო სისტემა შევქმნათ. შესაძლოა ამგვარი სისტემის შექმნას ერთი ან მეტი წელი დასჭირდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი შექმნა მოგვიწევს საბოლოოდ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის სტრატეგიული მიზანი, რომელიც გაგვაჩნია: რაც შეიძლება ნაკლები ნარკომომხმარებელი გვყავდეს, ხოლო ვინც უკვე მოიხმარს, მათი რეაბილიტაცია განვახორციელოთ. ეს არის ჩვენი ერთადერთი წუხილი. სხვა არაფერი.
ცოტა ხნის წინ თქვენ ასევე გამოხვედით ინიციატივით, რომ გამკაცრდეს კანონი ე.წ. „კანონიერ ქურდებზე“. რატომ გადაწყვიტეთ კანონის შეცვლა? ეს ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა (მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ, განსაკუთრებით გერმანიამ, ასევე საფრანგეთმა, საბერძნეთმა, ესპანეთმა ან იტალიამ გააკრიტიკეს საქართველო), თუ რაიმე შიდა მოტივები არსებობს?
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და კანონში ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის შესახებ იმ გამოწვევებმა განაპირობა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.
რეგულაცია „ქურდული სამყაროს“ შესახებ 2005 წელს იქნა მიღებული, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ „ქურდული სამყაროს“ წესების, საშუალებების და შესაძლებლობების მუდმივ ცვლილებას, ეს კანონმდებლობა აღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და გამოწვევებს.
ამას გარდა, კანონი რამდენიმე ბუნდოვან მუხლს შეიცავს, რაც სამართლიან და ობიექტურ სასამართლო პროცესს აფერხებს. ცვლილებები საქართველოს პრეცედენტის და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებების პროექტის თანახმად, ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ მკაცრდება. ცვლილებებით იზრდება სანქციები დანაშაულებისთვის, მათ შორის „კანონიერი ქურდობისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის. „ქურდული სამყაროსთვის“ დახმარების აღმოჩენა, ქურდულ შეხვედრებში მონაწილეობა ან „ქურდული სამყაროსთვის“ დახმარებისთვის მიმართა დასჯადი ქმედება ხდება. ახალი კანონმდებლობა ძალაში ერთი თვის ვადაში შევა მას შემდეგ, რაც პარლამენტში მისი განხილვა დასრულდება.
მაგრამ, იმ კრიტიკას, რომელიც ევროკავშირის პარტნიორებისგან გაისმა, ხომ არ უთამაშია რაიმე როლი კანონის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებაში? რამდენიმე თვის წინ, საფრანგეთის პოლიციასთან თანამშრომლობით, პარიზში კრიმინალური დაჯგუფების რვა წევრი დააკავეს.
დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დავიწყეთ მანამ, სანამ ბოლო კვირების მანძილზე ამგვარი განცხადებები გაკეთდებოდა.
თქვენ პარიზის ოპერაცია ახსენეთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ის წარმატებულად განხორციელდა, არის ის, რომ 2014 წლის სექტემბრიდან ჩვენ პოლიციის ატაშეები გვყავს ზოგიერთ ჩვენს საელჩოში, მათ შორის პარიზში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ საკითხში მთავარია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ, მომდევნო თვეში Europol-თან შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, რათა ოპერატიული თანამშრომლობა დაუყონებლივ დავიწყოთ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კრიმინალებს ვებრძოლოთ, რომლებიც ხშირად ეთნიკური ქართველები არიან, თუმცა ბევრი მათგანი არ არის საქართველოს მოქალაქე. მათ [ხშირად] უკრაინული, რუსული, ბელარუსული პასპორტები აქვთ [რაც კიდევ უფრო ართულებს ჩვენ ძალისხმევას].
„კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონის გამკაცრება არ არის პირდაპირ კავშირში უვიზო რეჟიმის საკითხთან. ეს უფრო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას ეხება. სწორედ აქ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა. გვინდა, რომ ევროპაში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩვენს ზოგიერთ საელჩოში პოლიციის ატაშეების რაოდენობა გავზარდოთ. შესაძლოა ქვეყნების კონკრეტულ რეგიონებშიც გვყავდეს პოლიციის ატაშეები, როგორიცაა გერმანიის ზოგიერთი ფედერალური მიწა. ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის.
მაგრამ, როდესაც საუბარია კრიმინალებზე ან თავშესაფრის მაძიებლებზე, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა იმ ტალღის დასრულების მომსწრე ვართ, რომელიც 2017 წლის 28 მარტის ვიზალიბერალიზაციას მოჰყვა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სამ ან ოთხ თვეში, ამგვარი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.
ამას გარდა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, 3.7 მილიონი ადამიანი. ამიტომ, დიდ გავლენას ვერ მოვახდენთ ევროპაში არსებულ სიტუაციაზე. მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, ჩვენ მაინც გავატარებთ ყველა იმ ზომას, რისი გაკეთებაც ხელგვეწიფება, მაგალითად, გავამკაცრებთ გვარის შეცვლის პროცედურებს. [პოლიციის კვლევის თანახმად, ევროპიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა საქართველოს შედარებით ლიბერალური კანონმდებლობით სარგებლობდა და, გვარის გამოცვლის შემდეგ, ევროპაში ახალი პასპორტით ბრუნდებოდა. ახალი კანონი გაამკაცრებს იმ პირობებს, რომლითაც გვარის შეცვლა რეგულირდება - Civil.ge].
მინდა ერთ კონკრეტულ საქმეს შევეხო, რომელსაც სერიოზული გავლენა აქვს როგორც პოლიციის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობის, ასევე იმ იმიჯის თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს საზღვარგარეთ აქვს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას და დემოკრატიის რეგიონულ შუქურას. ეს არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე, რომელმაც სულ ახლახან დაუდასტურა „რუსთავი 2“-ს, რომ ის „საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმებში ჩაცმულმა“ პირებმა გაიტაცეს. როგორ მოხდა, რომ გატაცებიდან რვა თვის თავზე გამოძიება თითქმის უშედეგოა?
რა თქმა უნდა, უნდა განვაცხადო, რომ საქმის გამოძიება საჭიროა. ეს ეჭვგარეშეა. ის ფაქტი, რომ გამტაცებლებს ქართული პოლიციის ფორმა ეცვათ, არაფერს ადასტურებს, სანამ საქმე არ იქნება გამოძიებული. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არის მხოლოდ და მხოლოდ პროცედურიული საკითხი, ვინაიდან ეს ადამიანი [მუხთარლი] ახლა აზერბაიჯანში იმყოფება და ამიტომაც გამოძიება მეტ დროს მოითხოვს. თუმცა, ამას წლები არ სჭირდება. პროგრესს გონივრულ ვადებში ვიხილავთ. შეგვიძლია მას ნებისმიერ დროს ვესაუბროთ ბაქოში. პროკურატურამ უკვე გაუგზავნა თხოვნა აზერბაიჯანის ხელისუფლებას გამოძიების ინტერესებისთვის მისი გამოკითხვის თაობაზე.
პოლიციის მიმართ უნდობლობა სულ უფრო იზრდება. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) გამოკითხვის თანახმად, 2017 წელს რესპონდენტების 51% „საკმაოდ“ ან „სრულად“ ენდობოდა მას, მაშინ როდესაც 2011 წელს ეს მაჩვენებელი 67%-ს შეადგენდა. როგორ ახსნიდით პოლიციის მიმართ ნდობის ამგვარ კლებას? და რის გაკეთებას აპირებთ?
დიახ, პოლიციის მიმართ ნდობა შემცირებულია. სწორედ ამიტომაც გვაქვს ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი, რაზეც ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ. საჭიროა, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ხიდები ავაშენოთ. მომავალი ინიციატივები, მაგალითად, კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ნაბიჯები მარტში, და საპატრულო პოლიციის სპეციალური მომსახურების სივრცის გახსნა მაისში დაგვეხმარება ამ ნდობის აღდგენაში. ცოტა ხნის წინ სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი შევქმენით და ასევე შევთანხმდით, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო სააგენტო ჩამოვაყალიბოთ, ანუ „პოლიცია პოლიციისთვის“.
და ბოლოს, ერთ კითხვას დავსვამ იმის გასარკვევად, ხართ თუ არა პოლიტიკოსი... შეიძლება გკითხოთ, ხართ თუ არა მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ეს შეუძლებელია, ეს ჭორია და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.