Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ელენა პოკალოვა საქართ-ველოში ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან ბრძო-ლის გზებზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 18 მარ.'18 / 17:18


ელენა პოკალოვა, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი.

12 მარტს საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა მრგვალ მაგიდას უმასპინძლა, სადაც ხელისუფლების და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რადიკალიზაციის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ და ამ კუთხით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

დისკუსიის ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი ელენა პოკალოვა, რომელიც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტია ტერორიზმის და მასთან ბრძოლის განხრით. Civil Georgia პოკალოვას საქართველოში რადიკალიზაციის და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრობლემებზე ესაუბრა.*

სირიასა და ერაყთან გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, სამხრეთ კავკასია შედარებით დაცული რჩება რეგიონიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ. თუმცა, რადიკალიზაციასა და ექსტრემიზმთან მიმართებაში პრობლემები მაინც არსებობს. როგორ ფიქრობთ, რამდენად უქმნის საფრთხეს ეს ორი საკითხი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას?

საუბედუროდ, რადიკალიზაციამ და ექსტრემიზმმა ბოლო დროს ბევრ იმ ქვეყანაზე მოახდინა გავლენა, რომელთაც ისტორიულად ნაკლები გამოცდილება აქვთ ტერორიზმის თვალსაზრისით, მათ შორის, საქართველოზეც. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ისლამური სახელმწიფოს აღზევებასთან ერთად, როდესაც აზერბაიჯანიდან და საქართველოდან უამრავი ადამიანი სირიასა და ერაყში წავიდა. ამგვარი პირების არსებობა და მათი სურვილი, იბრძოლონ ISIS-ის მხარეს, იმის მანიშნებელია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რადიკალიზაციის პროცესები მიმდინარეობს. ახლა, როდესაც ISIS-მა სირიასა და ერაყში თავისი ყოფილი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა, უცხოელი მებრძოლები შესაძლოა უკან, სახლებში დაბრუნდნენ და თავიანთ სამშობლოს უსაფრთხოების კუთხით საფრთხე შეუქმნან. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მებრძოლების უმეტესობა შესაძლოა არ წარმოადგენდეს საფრთხეს, ზოგიერთები შესაძლოა იმ გეგმებით დაბრუნდნენ, რომ, ან თავდასხმები დაგეგმონ, ან საკუთარი ქვეყნები იმისთვის გამოიყენონ, რომ აღიდგინონ ძალები და შემდგომი გეგმები დასახონ. ამგვარი პირების ინდივიდუალური შეფასება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათი განზრახვები დადგინდეს. 

ბოლო წლების მანძილზე ათობით მებრძოლი საქართველოდან დაეშს და სხვა მებრძოლთა ჯგუფებს შეუერთდა სირიასა და ერაყში. როგორ ფიქრობთ, რა ძირითადმა ფაქტორებმა უბიძგა მათ რადიკალიზაციისკენ, და თქვენი აზრით, როგორ აგვარებს მთავრობა ამ პრობლემას? რას ურჩევდით ხელისუფლებას რადიკალიზაციასთან ბრძოლის კუთხით ადგილობრივ დონეზე?

იმ კვლევის საფუძველზე, რომელიც საქართველოში ჩავატარე, აღმოვაჩინე, რომ პირთა რამდენიმე მკაფიო ჯგუფი არსებობს, რომლებიც სირიაში და ერაყში წავიდნენ საბრძოლველად. პირველი ჯგუფი (მათ შორის, მურად მარგოშვილი, რუსლან მაჩალიკაშვილი, ფეიზულა მარგოშვილი) უფრო ასაკოვანი პირებისგან შედგება, რომელთა უმეტესობასაც სამხედრო ან საბრძოლო გამოცდილება აქვთ და ასევე კავშირები გააჩნიათ ჩრდილოეთ კავკასიის მეამბოხეებთან. ამ პირთათვის, როგორც ჩანს, კავშირებმა ჩრდილოეთ კავკასიასთან ითამაშა მთავარი როლი იმაში, რომ მათ სირიასა და ერაყში სხვადასხვა ჯგუფების მხარეს ებრძოლათ. ისინი ალეპოს მიდამოებში 2012 წელს გამოჩნდნენ და როგორც ჩანს, სწორედ მათ უბიძგეს ახალგაზრდებს, რომ მათთვის მიებაძათ. მებრძოლების მეორე ტალღამ საქართველო 2013-2015 წლებში დატოვა. ისინი უფრო ახალგაზრდები, 80-იან ან 90-იან წლებში დაბადებული ადამიანები არიან. მათი უმეტესობა ISIS-ის მხარეს საბრძოლველად გაემგზავრა და ამის მაგალითი მათთვის სწორედ თარხან ბათირაშვილი იყო. ადამიანების ამ ჯგუფს ქვეყნიდან გამგზავრებას სხვადასხვა ფაქტორები ახალისებს. საქართველოში მუსლიმების მიმართ უსამართლო მოპყრობის განცდა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოტივატორია. ბევრი მათგანი თავიანთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან ერთად გაემგზავრა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს სამთავრობო პოლიტიკის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ რელიგიური საკითხები მოგვარდეს. როგორც ჩანს, მუსლიმ თემს საქართველოში ხელისუფლებასთან რამდენიმე მოუგვარებელი საკითხი აქვს, რომელთა გადაჭრაც არის საჭირო (მაგალითად, ბათუმის მეჩეთი). ხელისუფლებამ მრავალფეროვან მუსლიმ ჯგუფებთან ერთად უნდა იმუშაოს ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენის და მყარი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით. ამას გარდა, ხელისუფლებას ასევე შეუძლია იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დაამყაროს თანამშრომლობა,  რომელთაც, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, უკეთესი შესაძლებლობები აქვთ  რადიკალიზმის გამომწვევი ფაქტორების მოსაგვარებლად.

ახლა, როდესაც დაეში როგორც ტერიტორიული ერთეული თითქმის დაიშალა, უნდა ველოდოთ, რომ ისინი, ვინც გადარჩნენ, საქართველოში დაბრუნებას შეეცდებიან, რაც უსაფრთხოების კუთხით წუხილებს წარმოშობს. როგორია თქვენი შეხედულება ამ საკითხზე? როგორ უნდა გაუმკლავდეს ხელისუფლება დაბრუნებულებს?           

დაბრუნებული მებრძოლების მიმართ სხვადასხვა მიდგომები არსებობს. ზოგიერთმა ქვეყანამ მებრძოლების კრიმინალიზაცია განახორციელა და დაბრუნების შემთხვევაში მათ პატიმრობა ელით. სხვა ქვეყნებმა მათი პასპორტები გააუქმეს და ისინი ლეგალურად ვეღარ დაბრუნდებიან უკან. თუმცა, მხოლოდ ეს მიდგომები ვერ მოაგვარებს რადიკალიზაციას, რომელიც დაკავშირებულია უცხოეთში ბრძოლის წარმოებასთან. მაგალითად, დანიასა და გერმანიაში ხელისუფლება ფოკუსირებულია უკან დაბრუნებულ პირთა დახმარებაზე. ექსპერტი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, რელიგიური პირები აფასებენ დაბრუნებულებს, რათა განსაზღვრონ შესაძლებელია თუ არა ამ პირთა რეაბილიტაცია. ამ მიდგომის ფარგლებში, დაბრუნებულ მებრძოლებს შეუძლიათ რეაბილიტაციაში დახმარების მიღება და საზოგადოებაში რეინტეგრირება. 

საქართველო ნაკლებად მიიჩნევა ტერორისტული თავდასხმების სამიზნედ. თუმცა, თბილისში 21-22 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი და ISIS-ის წევრის ახმედ ჩატაევის დაღუპვა საპირისპიროს ამტკიცებს. როგორ ფიქრობთ, რის გაკეთებას აპირებდა ჩატაევის დაჯგუფება საქართველოში და რამდენად სანდოა ოფიციალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმებს გეგმავდა? 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს უშუალო გამოცდილება ტერორიზმის კუთხით, ISIS-დან მომავალი საფრთხეების უგულებელყოფა არ შეიძლება. პირველი, საქართველოდან წასულმა ზოგიერთმა მებრძოლმა მანამდე საქართველოს წინააღმდეგ მუქარები გაახმოვანა. მაგალითად, ცნობილი ვიდეო, რომელიც 2015 წელს გავრცელდა და სადაც ხვიჩა გობაძე მუსლიმი უმცირესობების დევნის გამო საქართველოს ემუქრება. მეორე,  ISIS-ის პროპაგანდა დასავლეთის წინააღმდეგაა მიმართული და დასავლეთის წინააღმდეგ თავდასხმებით იმუქრება. ექსტრემისტული ჯგუფების აზრით, საქართველო დასავლური ქვეყანაა და პოტენციურად შესაძლოა გახდეს სამიზნე. ამას გარდა, ტერორისტული ჯგუფები ისეთ ადგილებს ეძებენ, რომელთაც უფრო ადვილად მიუდგებიან და სადაც უფრო ხელსაყრელი იქნება ტერიტორიული თავდასხმების მომზადება. თავად ქვეყანაშიც რომ არ განახორციელონ თავდასხმები, ტერორისტული ჯგუფები შესაძლოა შეეცადონ, რომ საქართველო თავშესაფრად გამოიყენონ ძალების აღდგენისა და რეორგანიზაციისთვის. ამ თვალსაზრისით, ახმედ ჩატაევის ყოფნა საქართველოში იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა ISIS-ის მეტი მებრძოლი გამოემართოს საქართველოსკენ.

თქვენი შეფასებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გვითხრათ იმ მებრძოლების ამჟამინდელი სტატუსი, რომლებიც საქართველოდან არიან წასული? კერძოდ, გვაინტერესებს რომელი ცნობილი ქართველი მებრძოლი რჩება ისევ სირიაში და რომელმა დატოვა ქვეყანა, ან ცდილობს ამის გაკეთებას.

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენი მებრძოლი რჩება საქართველოდან სირიასა და ერაყში, რამდენი დაიღუპა, რამდენი წავიდა სხვა ქვეყანაში და რამდენი ბრუნდება სამშობლოში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზოგიერთი ქართველი მებრძოლი, მათ შორის თამაზ ბათირაშვილი ავღანეთში გაემგზავრა. სხვა, უფრო ასაკოვანი გამოწრთობილი მებრძოლი შესაძლოა დაინტერესებული იყოს, რომ საქართველოში დაბრუნების ნაცვლად, მსოფლიო ჯიჰადი სადმე სხვაგან გააგრძელოს. ამას გარდა, არ მინახავს რაიმე ინფორმაცია მურად მარგოშვილის გარდაცვალების შესახებ. ის საერთაშორისო ტერორისტების ბევრ სიაშია შეყვანილი და მისთვის რთული იქნება სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილება. შესაძლოა ის კვლავ სირიაში ან ერაყში იმყოფებოდეს.

*აქ გამოხატული შეხედულებები მხოლოდ რესპონდენტს ეკუთვნის და არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, თავდაცვის დეპარტამენტის ან ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის შეხედულებებს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10