Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას „ქართული მარშის“ აქტივისტების დაკავება მოჰყვა
Civil Georgia, Tbilisi / 20 მარ.'18 / 13:56


„ქართული მარშის“ წევრებმა ალყაში მოაქციეს მანქანაში მყოფი რუსთავი 2-ის თანამშრომლები, 19 მარტი, 2018. ფოტო: კადრი რუსთავი 2-ის ვიდეომასალიდან

ულტრანაციონალისტური მოძრაობის „ქართული მარშის“ ექვსი აქტივისტის დაკავებით დასრულდა 19 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი დავით ერაძე დაშავდა და არხის იურისტის თამთა მურადაშვილის ავტომანქანა დაზიანდა. 

„ქართული მარშის“ წევრები რუსთავი 2-ის შენობასთან გუშინ, დაახლოებით 16:00 საათისთვის შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ კვირას, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას, რომელმაც, მოძრაობის აქტივისტთა თქმით, მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. გადაცემაში, გაბუნია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით აჭარის რეგიონიდან მრავალწლიანი ხეების გადარგვის საკითხს შეეხო და განაცხადა: „იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად ორი ათასი წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო, ასე ორ-სამ წელიწადში, აჭარაში. ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ. იმიტომ, რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი“.

მარშის წევრებმა ალყაში მოაქციეს რუსთავი 2-ის იურისტის თამთა მურადაშვილის ავტომანქანა და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მურადაშვილს და მასთან ერთად მყოფ გიორგი გაბუნიას გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ისინი გაბუნიას მისამართით იგინებოდნენ და ტელეწამყვანის მხრიდან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. 

„ქართული მარშის“ წევრების აგრესიული პროტესტი რუსთავი 2-ის ჟურნალისტებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც არხის ჟურნალისტს დავით ერაძეს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ „ქართული მარშის“ ექვსი აქტივისტი დააკავა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს. 

რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოუხადა „მორწმუნეებს, ვისი გრძნობებიც შეილახა“. მან ასევე განაცხადა, რომ არხის ეთიკის საბჭომ გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადა. 

ამასთან ერთად, გვარამიამ ჟურნალისტებზე თავდასხმას მკაცრი შეფასება მისცა და „ქართულ მარშს“ „მოძალადე, რუსული ორიენტაციის და იქიდანვე დაფინანსებული“ ძალა უწოდა. მისი თქმით, ტელეკომპანია ამგვარი ძალების მხრიდან „ანგარიშსწორების რისკის წინაშე“ დგას. გვარამიამ „ქართული მარშის“ წევრთა სისხლის სამართლის წესით დასჯა, ასევე არხის თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჟურნალისტური თავისუფლების დაცვა მოითხოვა.

ომბუდსმენისა და სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებზე თავდასხმას „სამწუხარო და მძიმე“ ინციდენტი უწოდა. მისივე თქმით, ომბუდსმენი „მიადევნებს თვალყურს იმას, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, მოხდეს ჟურნალისტზე თავდასხმის სწორი კვალიფიკაცია და ყველა პირი მიეცეს შესაბამის პასუხისგებაში“. 

რუსთავი 2-თან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიცავდა სისხლის სამართლის შემდეგი დანაშაულების, მათ შორის, იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის, ნივთის დაზიანების და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც დროულად უნდა იქნას გამოძიებული. 

რუსთავი 2-თან მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ 19 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „არ შეიძლება ჟურნალისტური პროდუქტი გახდეს ჟურნალისტებზე ანგარიშწორების მიზეზი, იმის მიუხედავად, აკმაყოფილებს თუ არა ის პროფესიულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობა იყოს დაცული და ყველა მოქალაქე თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ“.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს „უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა“. 

პოლიტიკური პარტიების შეფასებები

რუსთავი 2-თან განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გუშინდელი ინციდენტი „კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული თავდასხმა“ იყო. მისივე თქმით, თუ დამნაშავეები სათანადოდ არ დაისჯებიან, „ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას“. 

ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ირმა ნადირაშვილმა „ქართული მარშის“ წევრებს „მახინჯი, რუსული იდეოლოგიის წარმომადგენლები“ უწოდა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეების დასჯა მოითხოვა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა რუსთავი 2-თან განვითარებული მოვლენები შეაფასა, როგორც „ორი რადიკალური ჯგუფის“ დაპირისპირება, სადაც ერთი მხრივ „ქართული მარში“, მეორე მხრივ კი, „გვარამია, გაბუნია და მასთან ასოცირებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები“ არიან წარმოდგენილნი. „ერთმანეთის გარეშე ამ ადამიანებს არ შეუძლიათ და ჩვენ ვტოვებთ ამ ადამიანებს ისეთ ფარგლებში, სადაც მათი უფლებები იქნება დაცული“, - დასძინა გოგიჩაიშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24