Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი
Civil Georgia, Tbilisi / 29 მარ.'18 / 21:42

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი 27-28 მარტს გაიმართა, სადაც მონაწილეებმა უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში მონაწილეობენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ცხინვალიდან და სოხუმიდან.

თბილისის პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით“.

სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ „ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი  საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი“.

„ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომლის თანახმადაც მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს არ შეუქმნას დაბრკოლება მიმდინარე გამოძიებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „ინტენსიური დისკუსია“ გაიმართა ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების პროექტთან დაკავშირებით, რა დროსაც თბილისის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ „აღნიშნული განცხადების მიღება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს, კერძოდ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესის დაწყებას“.

„ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას. რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების თქმით, მოლაპარაკებების დროს „დეტალურად“ იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი მდგომარეობა. თბილისის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებულ რეგიონებში „მიმდინარე მილიტარიზაციის“ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „ფაქტობრივი ანექსიისაკენ რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო“. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნა, რომ „განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში“.

„მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულებით დარეგისტრირება უცხოელებად და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის გაგრძელებას. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი ეთნიკური ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებს. განხილულ იქნა ასევე გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის, ცხინვალის და სოხუმის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 28 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რომ „მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებისა ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესისკენ სწრაფვის შესახებ, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად გადააქციეს“.

სამინისტრომ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ „რუსული ოკუპაციის თეზისის“ გამოყენებას და აღნიშნა, რომ ქართული მხარე კვლავ შეეცადა, რომ რუსეთზე დაეკისრებინა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ უუნარობის გამო, რომ ვერ მოაგვარა ურთიერთობები სოხუმთთან და ცხინვალთან.

„ნაცვლად ამისა, უმჯობესია, რომ საქართველო სერიოზულად დაფიქრდეს მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე: ჟენევაში პირდაპირი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის დაწყებაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, მათი მცხოვრებლებისთვის სავიზო ბლოკადის გამოცხადების თაობაზე სხვა ქვეყნების წაქეზებაზე უარის თქმაზე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებაზე და საზღვარგარეთ რესპუბლიკების კულტურული და ჰუმანიტარული ღონისძიებების შეფერხების შეწყვეტაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ძალის არგამოყენების განცხადებასაც შეეხო და განაცხადა, რომ „სამწუხაროა“, რომ მონაწილეებმა ვერ შეძლეს განცხადების პროექტზე შეთანხმება. „ამჯერად, მიუღებელი იყო ამერიკული ფორმულირება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ხასიათის შესახებ ძველ თეზისებს აბრუნებდა“. სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს არ აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის გამო და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააკრიტიკა „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დარღვევის“ გამო. 

სოხუმის და ცხინვალის ხელისუფლებებმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადების მსგავსი გზავნილები გააკეთეს.  

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ 43-ე რაუნდის მონაწილეებმა ვერ მიიღეს ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელიც „მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდებოდა საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთ შორის ძალის არგამოყენების შესახებ შესასრულებლად სავალდებულო შეთანხმების ხელმოსაწერად“, ვინაიდან „ამჯერად, მიუღებელი იყო ამერიკული ფორმულირება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ“. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიმეორა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ განცხადება „კონსტრუქციული ნაბიჯი იქნებოდა დოკუმენტის შემუშავების გზაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საქართველოს მხრიდან“. „ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლები გამოვიდნენ წინადადებით, რომ იმთავითვე მიუღებელი ცვლილებები შეგვეტანა პროექტში, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფორმატს და სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა ნულამდე დაყავდა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია

ამერიკის შეერთებული შტატების მისიამ ჟენევაში აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რომ აშშ-ის დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე დაგმო „საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება“ და „სრულმასშტაბიანი და გამჭირვალე გამოძიებისკენ“ მოუწოდა.

აშშ-ის დელეგაციის თქმით, ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება არის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო მექანიზმების „გადაუდებელ საჭიროებას, რაც ადგილზე უსაფრთხოებას და სტაბილურობას გააუმჯობესებს“.

აშშ-ის დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ ძალის არგამოყენებაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და სინანული გამოთქვა, რომ მონაწილეებმა ვერ შეძლეს დევნილთა საკითხის განხილვა რუსეთის მონაწილეების მიერ სხდომის დატოვების გამო. 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შეაფასეს როგორც „შედარებით მშვიდი და სტაბილური“, თუმცა კიდევ ერთხელ გამოხატეს „ძლიერი შეშფოთება საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო“.

თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს „ამ და მსგავს შემთხვევებზე სათანადო რეაგირების საჭიროებას, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი გამეორება და დაძაბულობის ზრდა“. მათ საქმის ზედმიწევნითი გამოძიებისა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.

თანათავმჯდომარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად ყველა მონაწილის „ინტენსიური ჩართულობისა“, „შეუძლებელი გახდა ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტის მიღება“. მათ აღნიშნეს, რომ განაგრძობენ კონსულტაციებს ამ კუთხით.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა დღის წესრიგის ყველა საკითხზე დისკუსიების დასრულება დევნილთა/ლტოლვილთა საკითხზე არსებული განსხვავებული მიდგომების გათვალისწინებით“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი ივნისშია დაგეგმილი. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7