სვანტე კორნელი სტოკჰოლმში მდებარე უსაფრთხოების და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია. ზვიად აძინბაია Civil.ge-ს სახელით მას უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.
უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით რა პერსპექტივებს ხედავთ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში?
ვფიქრობ, ინსტიტუციური თვალსაზრისით, საკმარისი ჩარჩო არსებობს იმისათვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, მიუხედავად ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა. საქართველოსთვის მთავარი საკითხი, გარე აგრესიისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამჟამად, თქვენ შესაძლოა გქონდეთ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, მაგრამ ნიშნავს კი ეს, რომ რუსები აღარ განაგრძობენ ბორდერიზაციის პოლიტიკას საქართველოში? საბოლოო ჯამში, მიმდინარე თანამშრომლობას დიდი პოტენციალი გააჩნია და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი ერთადერთი კითხვა იქნება, თუ რა მასშტაბით ეფუძნება ეს თანამშრომლობა იმ სტრატეგიულ მიზანს, რომლის მიღწევასაც ორი ქვეყანა აპირებს?
ამ თანამშრომლობის ფარგლებში რომელი სფეროების წინ წამოწევაა შესაძლებელი?
ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ აშშ-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობა საქართველოსთვის თავდაცვითი სისტემების, კერძოდ კი, ჯაველინების მიყიდვით აღინიშნა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ორმხრივი თანამშრომლობა ამერიკული, ან უფრო ფართო რეგიონული სტრატეგიის გარეშე ხორციელდება, წამოიჭრება საკითხი, თუ უნდა მოხდეს რუსეთის ასიმეტრიულ გამოწვევებთან გამკლავება ადგილზე?
მიგაჩნიათ, რომ სტრატეგია არ არსებობს?
არა მგონია, რომ არსებობდეს. არსებობს პოლიტიკა, ინდივიდუალური პოლიტიკა, რომელიც ზოგჯერ აქტიურია, ზოგჯერ კი რეაქტიული. მაგრამ ის არ არის სტრატეგიის ნაწილი. ნათელია, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას. თუმცა, აბსოლუტურად გაურკვეველია ა) როგორ ურთიერთმოქმედებენ ეს საკითხები ერთმანეთთან, იმ თვალსაზრისით, თუ როგორი ურთიერთობაა საქართველოს დემოკრატიას უსაფრთხოებას შორის; ბ) როგორია რეგიონული კონტექსტი? ამით, მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს რეგიონული კონტექსტი, სადაც საქართველო სტრატეგიულადაა განსაზღვრული.
რა ძირითადი შესაძლებლობების გამოყენება შეუძლია ორივე ქვეყანას?
კარგი ამბავი აქ ისაა, რომ საქართველოს შედარებით პროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემო აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსები უამრავ რამეს აკეთებენ ადგილზე, მაგრამ სამხედრო კონფლიქტის უშუალო საფრთხე არ არსებობს. რუსები ამას ერთხელ შეეცადნენ, თუმცა თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს. როგორც იცით, მათი მიზანი არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (ცხინვალის რეგიონი), არამედ მთლიანი საქართველო იყო. ყირიმში, რუსებმა ნახევარკუნძული დაიპყრეს, როდესაც ვერ შეძლეს უკრაინის ხელში ჩაგდება. მოკლედ რომ ვთქვა, ქართული მხრიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ შეიქმნას გრძელვადიანი, მკაფიო სტრატეგიული ორიენტაცია. ამჟამად საქართველოს აქვს ასეთი ორიენტაცია დასავლეთთან მიმართებაში, თუმცა არა იმ კუთხით, თუ როგორ გაუმკლავდეს რუსეთს.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს უფრო ღრმა პრობლემაა. ობამას ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა სტრატეგიული ხედვა რეგიონში (ცენტრალური აზია - კავკასია, უკრაინის მოვლენებამდე). და როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, კავშირი დემოკრატიას და უსაფრთხოებას შორის კვლავ გაურკვეველი იყო დასავლური თვალსაზრისით. სააკაშვილის პერიოდში, აშშ-ის მთავრობის მხრიდან იყო ბიძგი რეგიონში დემოკრატიის გასაძლიერებლად, ვინაიდან ეს უსაფრთხოებას გაზრდიდა. ამრიგად, დღეს მე ვხედად სტრატეგიის აბსოლუტურ საჭიროებას და ეს მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება. ეს არის უფრო ფართო სტრატეგია კავკასიისთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის, დაწყებული თურქეთით და დამთავრებული შუა აღმოსავლეთით მთლიანად დანარჩენი ევროპისკენ.
როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?
ვფიქრობ, ეს შესაძლებელია ბიუროკრატიის დონეზე. აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან დაბნეულია და არა მგონია, რომ ამ მომენტში ეს საპრეზიდენტო დონე იყოს. მაგრამ თუ სამთავრობო დონეს შევხედავთ, ვფიქრობ, ეს რეალურია.
რა ძირითადი შეზღუდვები არსებობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის ამ პროცესში?
ერთ-ერთი შეზღუდვა შეიძლება იყოს საქართველოს ცალკე აღებულად აღქმა, რეგიონული კონტექსტის გარეშე. შეიძლება გქონდეთ ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ თუ რეგიონულ ქვეყნებთან ცალ-ცალკე გექნებათ ურთიერთობები, ეს სისუსტე იქნება. უმჯობესია, რომ ეს იყოს უფრო ფართო ამერიკული სტრატეგიის ნაწილი.
როგორ წარმოგიდგენიათ ამგვარი რეგიონული კონტექსტის განვითარება რეგიონული მოთამაშეების განსხვავებული ინტერესების გათვალისწინებით?
თუ გინდათ, რომ უფრო ფართო რეგიონში მიაღწიოთ წარმატებას, საჭიროა, რომ დემოკრატია და უსაფრთხოება ერთმანეთისგან გამიჯნოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია აღარ არის რელევანტური. მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს უფრო ფართო კონტექსტზე და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე როგორც დემოკრატიულ, ისე ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.
როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკუთარი სტრატეგიული ღირებულება გაზარდოს?
მთავარი საკითხი ჩემთვის არის საქართველოს ყოფნა - იმ თვალსაზრისით, თუ რას ამბობს და რას აკეთებს ის. მართალია, საქართველოს საუკეთესო ელჩი ყავს ვაშინგტონში, რომელიც საკუთარი ქვეყნის ძლიერი წარმომადგენელია, ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის. წინა ადმინისტრაციის პირობებში, ბევრი ადამიანი იყო, მათ შორის თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ძალიან აქტიური იყო ვაშინგტონში. და ის არ იყო ერთადერთი ადამიანი. იყვნენ სხვებიც, რომლებიც საერთაშორისო გაზეთებში წერდნენ, ხშირად გამოდიოდნენ კონფერენციებზე და ეუბნებოდნენ ამერიკელებს, თუ რატომ არის საქართველო საინტერესო და რატომ უნდა ზრუნავდნენ ისინი მასზე. დღეს განსხვავებული პოლიტიკაა.
ამას გარდა, საქართველოში იყვნენ ისეთებიც, ვინც აცხადებდა, რომ საქართველომ არ უნდა შეაწუხოს თავისი მოკავშირეები. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა. საქართველომ მუდმივად უნდა მიმართოს იმ ადამიანებს, რომლებიც მის პოზიციებს გააძლიერებენ.
როგორ შეეცდება რუსეთი, რომ გავლენა მოახდინოს აშშ-ის მიერ საქართველოში უსაფრთხოების კუთხით მზარდ ჩართულობაზე?
მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ როდესაც რუსებს ესმით, რომ ისეთი რამ ხდება, რასაც ისინი ვერ შეაჩერებენ, ისინი უკან იხევენ და სხვა გზით მიდიან. 2007-2008 წლებში მათ ღია ასპარეზი იხილეს, მათ შორის ბუშის სუსტი ადმინისტრაცია და უთანხმოება ნატოს შიგნით. მათ ასევე ჰქონდათ კოსოვოს მაგალითი, როგორც შესაძლებლობა საქართველოს დასაპყრობად და მათ ეს გააკეთეს კიდეც. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერეს, რომ ვერ შეცვლიდნენ მთავრობას, მათ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩაიგდეს ხელში, რომელიც უკვე თბილისის კონტროლს მიღმა იმყოფებოდა.
მაგალითი თუ გინდათ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს უნდა ესაუბროთ. მათი ურთიერთობები რუსეთთან ბევრად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ნატოში გაწევრიანდნენ. რუსები მიხვდნენ, რომ ბრძოლა წააგეს და მისი შედეგებიც აღიარებს. ამრიგად, ამ კონტექსტში, აშშ-ის ქმედება სტრატეგიაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული და გრძელვადიანი ყოფილიყო ბუნებით, და რუსებს სცოდნოდათ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ, ეს კარგად იმუშავებდა. საუბედუროდ, ეს ასე არ ხდება. რუსეთმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაში შეაღწია და თავის ინსტრუმენტს საკმაოდ ეფექტურად იყენებს. ამგვარი ქმედებებით, რუსები ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერ თამამ ნაბიჯს მოსკოვის ინტერესების წინააღმდეგ უარყოფითი შედეგები მოყვება.
როგორ ხედავთ საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მომავალს?
საქართველო საკუთარი თავი უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს დანარჩენი ევროპისთვის. მაგალითად, ეს ალასანიამ გააკეთა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან ურთიერთობების გაუმჯობესებით, მან ხელი შეუწყო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. შემიძლია ფრანგი მინისტრის ციტირებაც კი მოვახდინო, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს გარეშე საფრანგეთის მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შეუძლებელი იქნებოდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცა საფრანგეთი, რომელიც დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს, მხარდამჭერად. დღეს ქართველების სტრატეგიული აზროვნება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, თუ რა სჭირდება დანარჩენ ევროპას და „როგორ შეგვიძლია მათი დახმარება“. ძალიან ბევრი ადამიანი ევროპაში ფიქრობს, რომ საქართველო მათ დაცვას სთხოვს. ამიტომ, ასეთი ნარატივია საჭირო: „მე გთხოვთ, რომ კი არ დამიცვათ, არამედ მომცეთ შესაძლებლობა, რომ დავიცვა საკუთარი თავი“.