Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
Civil Georgia, Tbilisi / 18 აპრ.'18 / 12:04

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით შეწყვიტოს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალება, რასაც წინ უძღოდა პოლიტიკური ზეწოლა პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების პრაქტიკასთან დაკავშირებით.

კრიტიკული განცხადებები გასულ კვირას გაკეთდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში 13 აპრილს 25 წლის გერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვეფხია ბაქრაძე ერთი წლის წინ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. 
 
„სამინისტრო გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ძალადობის თითოეულ ფაქტზე, თუმცა ამ პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება შეუძლებელი იქნება, თუ მკაცრი პოლიტიკის გატარება არ განხორციელდება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე დარახველიძემ კვირას დაადასტურა, რომ სამინისტროს ვადამდელი გათავისუფლების კომისიამ ექვსჯერ არ დააკმაყოფილა ეჭვმიტანილის შეწყალების თხოვნა.
 
ქართული ოცნების დეპუტატებმა გააკრიტიკეს პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება. დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და რომ მას შესაძლოა „სუბიექტური ინტერესიც“ ჰქონდეს.

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე გააკრიტიკეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

ოთო კახიძემ ევროპული საქართველოდან გაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შეუსაბამობაშია იმ ფაქტთან, რომ პრეზიდენტი თავს იკავებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილის შეწყალებაზე. „როგორც ჩანს პრეზიდენტისთვის სხვა გარემოებები უფრო მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს ნეპოტიზმი, ნაცნობობა თუ რაიმე სხვა ინსენტივები. ლოგიკას ჩვენ, ევროპული საქართველო, მის ამ ნაბიჯში ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მან.

სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან კახიძის მსგავსი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყეტილება „გაუგებარია“ იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი „არ იყენებს შეწყალების უფლებას იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს პოლიტიკური რეპრესიის რეჟიმს, რომელიც ჩართული აქვს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“.  

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კრიტიკას 16 აპრილს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა და განმარტა, რომ ვეფხია ბაქრაძე ორი დანაშაულისთვის იხდინა სასჯელს - ოჯახში ძალადობისთვის და ავარიისთვის 2014 წელს.

მარგველაშვილის თქმით, ბაქრაძის პირველი თხოვნა შეწყალებაზე შეწყალების კომისიამ 2015 წლის ივლისში არ დააკმაყოფილა. თუმცა, მისი მეორე თხოვნა 2016 წლის ოქტომბერში დაკმაყოფილდა, როდესაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მისი დარჩენილი სასჯელი გაანახევრა და შვიდი თვის შემდეგ,  2017 წლის 25 მაისს იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა. რომ არა შეწყალება, იგი საპატიმროს 2017 წლის 28 დეკემბერს დატოვებდა.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულების უაღრესად დადებით რეკომენდაციას, ასევე ოჯახის „გამოხატულ სურვილს“ ეფუძნებოდა. მას მხედველობაში ჰქონდა მსხვერპლის დედის თხოვნა ბაქრაძის გათავისუფლების თაობაზე.

მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ისე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას“.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას მანამ, სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის, რომელიც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე მოიცავს იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ“, - განაცხადა მან.     

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34