Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხმების პარალელური დათვლის შედეგად "ნაციონალები" ლიდერობენ
/ 3 ნოე.'03 / 18:39

"ნაციონალური მოძრაობა" - 26,26%, "ახალი საქართველოსთვის" - 18,92%, "ლეიბორისტული (შრომის) პარტია" - 17,36%, ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" - 10,15%, "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" - 8,13%, "ახალი მემარჯვენეები" - 7,99% და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - 5,20%. ასეთია  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგები შესახებ.

"ხმების პარალელური დათვლის მთავარი მიზანი იყო გაგვეგო, თუ როგორი იყო ქართველი ხალხის ნება. ის, რაც წარმოგიდგინეთ ეს არის სწორედ ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც 2 ნოემბერს გამოხატა, შედეგები არის საბოლოო და არ შეიცვლება", - განაცხადა დღეს სასტუმრო "მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა "გლობალური სტრატეგიის ჯგუფის" მიერ 2 ნოემბერს ჩატარებული "ეგზით პოლის" შედეგებს, რომლის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. თუმცა, განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებისგან, სადაც პირველი ადგილი სახელისუფლებო ბლოკს უკავია, ხოლო მეორე ადგილი ნაციონალებს.

"ჩვენი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ეს ისედაც ვიცით, რადგანაც ეს სტრუქტურა ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, თავმჯდომარე პრეზიდენტის დანიშნულია და არ მიკვირს, რომ ეს მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება. უბრალოდ, ჩვენ ვიცით, როგორია ხალხის ნება და როგორია ხელისუფლების, რომელიც ცდილობს თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები. ეს არ არის იურიდიული დოკუმენტი, თუმცა არის რეალური, რომელიც დამკვირვებლების მუშაობის შედეგად მოვიპოვეთ და დაყრდნობილია რეალურ დოკუმენტებზე", - განუცხადა "სივილ ჯორჯიას" სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა.

"რა თქმა უნდა, ეს არ იყო იდეალური არჩევნები, დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, ცალკეულ უბნებზე იყო ზეწოლა დამკვირვებლებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ ვიცავდით არჩევნებს და ვიმედოვნებ, რომ ამით დავიცავით ქართველი ხალხის ნება. რომ არა ამომრჩეველთა აქტივობა, რომ არა მათი სურვილი საქართველოში გვქონოდა 2 ნოემბრის არჩევნები, ამ შედეგებს ვერ მივიღებდით, ეს არის რეალობა - ქართველი ხალხის პოზიცია", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, ხმების პარალელური დათვლის შედეგებში იმ უბნების შედეგები არ შევიდა, სადაც სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის საარჩევნო ყუთების გატაცება, ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა, დამკვირვებლებზე ზეწოლა და სხვა სახის დარღვევები.

"ჩვენ უბნების 20%-ზე ვნახეთ ხმის მიცემის პროცედურების დროს დარღვევები, რის შესახებ გაგვაჩნია შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელსაც ამ დღეებში წარვადგენთ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში, რომელთაგანაც შესაბამის რეაგირებას ველით", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ხმების პარალელური დათვლის შედეგებში მხოლოდ იმ უბნების მონაცემები შევიდა, სადაც სამართლიანად, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული ნორმების დაცვით ჩატარდა არჩევნები.

"ჩვენს მიერ წარმოდგენილ ხმების პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილება თითოეულ პარტიაზე შესაძლოა 2%-ზე დაბალი იყოს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე სტატისტიკოსმა ნინო ტორონაძემ, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ხმების პარალელური დათვლის პროცესში.

სამართლიან არჩევნებს ასევე აქვთ არჩევნების მონაცემები ქვემო ქართლიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, თუმცა, ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, ეს მონაცემები ხმების პარალელური დათვლის მთლიან შედეგებში არ მოხვდა, რადგან ამ რეგიონებში საარჩევნო უბნების უმეტესობაზე საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ 2 ნოემბერს დარღვევები დაფიქსირდა.

"პირველი მონაცემები, რაც მივიღეთ, ეს აჭარა და ქვემო ქართლი იყო. იქ ბიულეტენების  დათვლა ყველაზე მალე დასრულდა, რაც არჩევნების სამართლიანიად ჩატარებაში ეჭვს ბადებს.  დარღვევები ჩვენ დამკვირვებლებს სხვა უბნებეც აქვთ დაფიქსირებული და ყველა მათგანს გავასაჩივრებთ", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, ხმების პარალელური დათვლით შესაძლებელი გახდა არჩევნების რეალური შედეგების დანახვა საზოგადოებისთვის, ხოლო თუ რა იურიდიულ ძალას მიიღებს ეს შედეგები, მთლიანად საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

თეა გულარიძე, "სივილ ჯორჯია"

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14