"ჩვენ უკვე მივხვდით, რომ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან ყოველგვარი მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს. სანამ პრეზიდენტად შევარდნაძე იქნება, არ ვაპირებ მასთან შეხვედრას, მასთან საუბარი უკვე აღარ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ჩვენი უპირობო და ერთადერთი მოთხოვნაა შევარდნაძის გადადგომა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მიტინგზე გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკება აღარ ღირს, რადგან იგი აჭარის მეთაურთან ასლან აბაშიძესთან შეხვედრით საბოლოოდ გაემიჯნა ოპოზიციას.
"იგი შეპირდა ასლან აბაშიძეს და მისი აღორძინების კავშირს საუკეთესო ადგილებს მთავრობაში და პარლამენტში. აბაშიძის რეჟიმის თბილისში და საქართველოში დამკვიდრებას კი ჩვენ არ დაუშვებთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 14 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ ათიათასობით მოსახლე შეიკიბება და უფრო ფართომასშტაბიანი მშვიდობიანი აქციები დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს მოთხოვნა შეთანხმებულია ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერებთან.
რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან შეხვედრას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს შეხვედრა აშშ-ს ელჩის რიჩარდ მაილსის შუამავლობით შედგა და მისი მხრიდან ყველა ის საკითხი იქნა დაყენებული, რასაც საპროტესტო აქციებზე მოითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. "შეხვედრა კონფიდენციალური არ იყო, მე ამის შესახებ მოგვიანებით აქციაზე განვაცხადე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.