Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო არჩევნები ლაგოდეხში
სივილ ჯორჯია / 17 ნოე.'03 / 20:17

გიგა ჩიხლაძე, "სივილ ჯორჯიასთვის" ლაგოდეხიდან 

არჩევნებს პროვინციაში არაერთგვაროვნად უყურებენ: პირველ ყოვლისა, არის მღელვარებისა და არეულობების შიში. თუმცა, ამას სამოქალაქო ვალის გრძნობა აჭარბებს და... ასევე ნაღდი ფულის შოვნის შესაძლებლობა, რისი სიმცირეც რეგიონები ყველაზე მეტად იგრძნობა.

ლაგოდეხი საქართველოს თითქმის დასალიერში მდებარეობს. ქალაქის ბოლოს ნაკრძალია, რომელიც ოდესღაც პირველი და ერთადერთი ნაკრძალი იყო რუსეთის იმპერიაში. ახლა ლაგოდეხის ნაკრძალს კიდევ ორი ესაზღვრება - დაღესტნის და აზერბაიჯანის.

ამ ადგილიდან ერთდროულად სამი ქვეყნის მთები მოჩანს - საქართველოს, რუსეთის და აზერბაიჯანის. ჩრდილო-დასავლეთით ჩეჩნეთი მდებარეობს, საიდანაც ზოგჯერ დაბომბვის ხმებსაც კი მოუღწევია. ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტანია, პირდაპირ აღმოსავლეთით კი - აზერბაიჯანი.

ლაგოდეხში სულ 7 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათგან 1500-მდე ადამიანმა შეძლო არჩევნებზე ფულის შოვნა. ზოგი აგიტატორი გახდა, ზოგი მძღოლად დაიქირავეს, ზოგმა მანქანა ან სახლი გააქირავა ამა თუ იმ პარტიის წინასაარჩევნო შტაბისთვის. მაღაზიის მფლობელმა კი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და არჩევნების შემდეგ მეტი საქონელი გაყიდა, ვიდრე მანამდე ერთი თვის განმავლობაში. თითქმის 500-მდე ადამიანმა, რომელთა შორის იყვნენ დამკვირვებლები, ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერები, ჟურნალისტები, რომლებიც საარჩევნოდ ლაგოდეხში ჩავიდნენ, ერთი ადგილობრივი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მაინც გააუმჯობესეს.

"მე ახალ მემარჯვენეებს ვუწევდი აგიტაციას, ხელფასს ლეიბორისტები მიხდიან, ხოლო ხმა ნაციონალებს მივეცი", - ეცინება მამუკას, ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს. რამდენიმე დღის განმავლობაში მან 60 დოლარის შოვნა შეძლო, რაც ლაგოდეხის მასშტაბებში საკმაოდ სოლიდური თანხაა.

საერთო ჯამში ლაგოდეხელები კმაყოფილნი დარჩნენ - არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, სამოქალაქო ვალი შესრულებულია, ფულიც ნაშოვნია...

"წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაცილებით მეტი დარღვევა და გაყალბება იყო", - ამბობს გიორგი მ, ლაგოდეხის მკვიდრი. მისი თქმით, ამ დარღვევებს არც კი მალავდნენ, საღამოს საარჩევნო უბნებში პოლიციელები შედიოდნენ და საარჩევნო კომისიების წევრების თანდასწრებით ყრიდნენ ურნებში ბიულეტენების დასტებს, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლოდ იყო შევსებული.

გიორგი მ-მ არჩევნების გაყალბების შემთხვევების შესახებ საკუთარი გამოცდილებიდან იცის - იგი ლაგოდეხის ერთ-ერთ საარჩევნო კომისიის წევრი იყო. ამჟამინდელმა არჩევნებმა, მისი თქმით. უფრო დემოკრატიულად და მშვიდად ჩაიარა. @თუმცა, ეს ლაგოდეხს ეხება. საქართველოს სხვა რეგიონებში სხვანაირად წარიმართა საქმე".

"ჩვეულებრივ, არჩევნების წინ იყო სროლა და ჩხუბი, ახლა ყველაფერმა წყნარად ჩაიარა", - უკვირს ლაგოდეხის სხვა მკვიდრს, ალეკო ბ-ს.

ამ არჩევნებზე ლაგოდეხის რაიონში ისევე, როგორც საქარტველოს ყველა დანარჩენ რეგიონში, მთავარი პრობლემა ამომრჩეველთა არასწორი სიები იყო, რის გამოც მრავალმა ადამიანმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო. გარდა ამისა, საარჩევნო კომისიების წევრები ძალიან ნელა მუშაობდნენ, რის გამოც დიდი რიგები წარმოიშვა. იყო უფრო ნაკლებ სერიოზული პრობლემებიც: "ამომრჩევლები საწერ კალმებს იპარავენ, დაიჩივლა ლაგოდეხის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა ნანული ჩ-მ, დღის განმავლობაში 50-მდე საწერკალამი მოიპარეს, და ეს გარკვეულ პრობლემას ქმნიდა, რადგან ადამიანებს უბრალო არაფრით შეეძლოთ ბიულეტენების შევსება. ვსესხულობდით დამკვირვებლებისგან, ვიდრე მაღაზიიდან კალმების ყუთი არ მოგვიტანეს".

ლაგოდეხის რაიონის სოფლების დიდ ნაწილში უფროსი თაობის წარმომადგენელთა ნაწილი დოკუმენტების გარეშე მიდიოდა ხმის მისაცემად. ჩემს თვალწინ სოფელ ლალიანის 87 წლის მცხოვრები გაკვირვებული ეკითხებოდა საარცევნო კომისიის წევრს: "რაში მჭირდება საბუთები? შენ რა, ჩემი სახელი დაგავიწყდა? შენ ხომ ჩემი მეზობელი ხარ და კარგად მიცნობ".

ამ კურიოზების გარდა აღმოჩნდა, რომ ლაგოდეხის რაიონის მრავალ მცხოვრებს სერიოზულად ეშინოდა ამომრჩეველთა მარკირებისს პროცედურის გავლისა. "ვაითუ ამ სითხით მე როგორღაც დამაპროგრამირებენ, - შეშინებულმა იკითხა ლიანა თ-მ, რომელიც ლაგოდეხის სოფელ ქაბალიში ცხოვრობს, - ან იქნებ ალერგია დამემართოს. ნუთუ არ შეიძლება მარკირების გარეშე ხმის მიცემა?".

მრავალ მორწმუნეს კი სულ სხვა რამის ეშინოდა: "ეს რაღაც ეშმაკისეული გამოგონებაა, ამბობდა 34 წლის მედიკო ქ., - მეშინია, რომ ჩემი მოძღვარი ამ მარკირებისთვის გამკიცხავს".

თუმცა, სწორედ მორწმუნე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნებზე გამოკრული იყო განცხადებები მარკირების სრული უსაფრთხოების თაობაზე ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისთვის, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოაწერა ხელი. მაგრამ ამანაც ვერ გაფანტა ეჭვები სრულად.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენმა პატრიარქმა მოაწერა ხელი ამ ტექსტს", - ამბობს ლაგოდეხელი დავით მ. მარკირების პროცედურისადმი შიშის გამო მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. და ასეთი შემთხვევა იშვიათი სულაც არ ყოფილა.

ამომრჩეველთა ძირითადი ნაკადები საარჩევნო უბნებში დილით და საღამოს მივიდა. თუმცა, დილით საარჩევნო უბნებში მოხუცები მიდიოდნენ, რომლებიც შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უბრუნდებოდნენ, საღამოს კი ახალგაზრდობა მიდიოდა. ამომრჩეველთა პოლიტიკური შეხედულებები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, როგორც ეს ამომრჩეველთა გამოკითხვამ ცხადყო.

ლაგოდეხში უმრავლესობამ ხმა მისცა ბლოკს "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა". მეორე ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია, მესამეზე - სამთავრობო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის". თუმცა, უჩვეულო პოზიციასაც აფიქსირებდნენ: "საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია, გარდა "ბურჯანაძე-დემოკრატებისა"", - თქვა ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანის 45 წლის მცხოვრებმა მიხეილ დავითაშვილმა, - "სააკაშვილიც შევარდნაძის კაცია. მე ხმა მივეცი თოფაძის "მრეწველებს".

"სამი თვეა პენსია არ მოუტანიათ ჩემთვის", - ამბობს ხანშიშესული მარია ვასილიევნა, ლაგოდეხის რუსული რაიონის მცხოვრები, - "თუმცა, არ მჭირდება ეს ფული - ისედაც ვიცხოვრებ. მაგრამ ასეთ მთავრობას ხმას არასდროს მივცემ. მე ყველა გადავხაზე". თუმცა ყველა ლაგოდეხელი რუსი ასე არ ფიქრობს. მათმა უმრავლესობამ "აღორძინების" კავშირს და ჯუმბერ პატიაშვილის "ერთობას" მისცეს ხმა. ორივე პარტია, როგორც ცნობილია, აშკარად გამოხატული პრორუსული ორიენტაციით გამორჩევა.

ლაგოდეხის რაიონში 63 სოფელია და 25 ეროვნების 30 ათასამდე ამომრჩეველი. ეროვნული უმცირესობები, როგორც წესი, კომპაქტურად ცხოვრობენ. მათმა დიდმა ნაწილმა სახელისუფლებო ბლოკს მისცა ხმა.

რაც შეეხება 8 მაჟორიტარ კანდიდატს, ყველაზე გააფთრებული ბრძოლა წარიმართა ორ მათგანს შორის - უშიშროების გენერალ ლაშა ნაცვლიშვილსა (სახელისუფლებო ბლოკი) და ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტს, ისაკო ცქიფურიშვილს (დამოუკიდებელი) შორის. ორივე წარმოშობით ლაგოდეხელია. სხვა კანდიდატების შესახებ აქ არც არავის არაფერი უთქვამს, ისინი აქაურები არ იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხში შევარდნაძის ხელისუფლება არ უყვართ და ცოტა ვინმემ თუ მისცა ხმა სახელისუფლებო ბლოკს, მაჟორიტარი კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენელმა ლაშა ნაცვლიშვილმა მიიღო. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რომ ქართული ელექტორატი კონკრეტულ პიროვნებას აძლევს ხმას მისი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

თუმცა აქ, გარკვეული როლი შეასრულეს სხვა ფაქტორებმაც. ლაშა ნაცვლიშვილმა დააფინანსა ადგილობრივი ტელევიზია, რის შედეგადაც ორწლიანი პაუზის შემდეგ ლაგოდეხის ტელეარხმა შეძლო მუშაობის განახლება. შემდეგ მან გაარემონტა რაიონში საავტომობილო გზების ნაწილი, გარდა ამისა, მან ადგილობრივი ახალგაზრდების ხმებიც მიიღო, გახსნა რა ლაგოდეხში უფასო კინოთეატრი, რომელიც ნომერ პირველ გასართობად იქცა. გარდა ამისა, მან განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ აპირებს რაიონის ეკონომიკის აღდგენას, მრეწველობის აღორძინებას და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მიზიდვას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.

ადგილობრივი ფაბრიკების და ქარხნების დიდი ნაწილი არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, რაიონში კიდევ ცოცხლობს სოფლის მეურნეობის რამდენიმე დარგი: მევენახეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა და ა.შ.

არანაკლები პოპულარობა მოიპოვეს ჭორებმა იმის თაობაზე, რომ ლაშა ნაცვლიშვილი უარყოფითადაა განწყობილი შევარდნაძის მიმართ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ამბავი ძალიან პოზიტიურად მიიღო, და არც კი დაფიქრებულა იმაზე, საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ხმები.

ოფიციალურად, ყველა კაპიტალდაბანდება (ტელევიზიის დაფინანსება, გზების რემონტი, კინოთეატრის გახსნა) ლაშა ნაცვლიშვილის მეგობრებმა განახორციელეს. მაგრამ იმავე დროს, თბილისის ოპოზიციური გაზეთების მონაცემებით, ლაშა ნაცვლიშვილი უშიშროების სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო. თვითონ ნაცვლიშვილი კორუფციასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს: "მე არასდროს ამიღია ფული და არც გავაკეთებ ამას, - ამბობს იგი, - რისი გაკეთებაც კი შემიძლია ლაგოდეხისთვის, ამას ან პარლამენტში გავაკეთებ, ან ჩემი მეგობარი ბიზნესმენების დახმარებით".

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი - არჩევნების წინა საღამოს, როცა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს ეთერში უნდა გაეშვა სიუჟეტი ლაშა ნაცვლიშვილისა და ისაკო ცქიფურიშვილის შესახებ, ლაგოდეხში ამ არხის ტრანსლირება შეწყვიტეს. თუმცა, კანდიდატების შესახებ სიუჟეტი ლაგოდეხის მოსახლეობამ მაინც იხილა - მომხდარის შეტყობინებისთანავე "რუსთავი-2"-ში რომ შეიტყვეს, ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ ტრანსლაცია აღდგა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ სიუჟეტში ლაშა ნაცვლიშვილისა და ისაკო ცქირუფიშვილის შესახებ არაფერი საშინელება არ თქმულა. თუმცა, შიშს დიდი თვალები აქვს...

ლაშა ნაცვლიშვილის ძირითადი კონკურენტი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი ისაკო ცქიფურიშვილი იყო. როგორც ლაგოდეხელები ამბობენ, მას რამდენიმე მკვლელობა აქვს ჩადენილი, რომელთა გამო ის ციხეშიც არ მჯდარა და პოლიციის მოსყიდვა შეძლო დიდი ფულის საფასურად. იგი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, რომელსაც, როგორც ადგილობრივები თვლიან, მხარს უჭერდნენ როგორც "ბურჯანაძე-დემოკრატები", ასევე კახეთის გუბერნატორის წარმომადგენლები, რომლის ნათესავიცაა იგი.

ვიწრო კოსტუმსა და ჰალსტუხში ისაკო ცქიფურიშვილი მთლად თავისუფლად ვერ გრძნობს თავს. ჟურნალისტებს იგი ძირითადად პრობლემებზე ელაპარაკება: "უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ ლაშა ნაცვლიშვილს, რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ჩემი ელექტორატის დაშინებას ცდილობენ. ჩემს წინასაარჩევნო შტაბში გამორთულია ელექტრობა, აგიტატორების მანქანებს რაიონში გადაადგილებაში უშლიან ხელს, შტაბის უფროსს პოლიციამ ნარკოტიკები შეუგდო და დააკავა. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შემიშალონ".

არჩევნების შედეგებს ისაკო ცქიფურიშვილი ფალსიფიცირებულს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მეორე ადგილზე გავიდა რაიონში ხმების რაოდენობის მიხედვით. თუმცა, მის უკმაყოფილებას მრავალი ადგილობრივი მოსახლე იზიარებს.

"მე არ ვიცი, საქართველოს სხვა რაიონებში რა და როგორ მოხდა, ჩვენთან კი ყველაფერი გაცილებით სამართლიანად ჩატარდა, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა და საერთოდ შეიძლება მომხდარიყო, - მიაჩნია ლაგოდეხის ერთ-ერთი მცირე მაღაზიის მფლობელს ირაკლი ჩ-ს, - ”ჩემი აზრით შევარდნაძის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. მხოლოდ სასიკეთო გარდაქმნების იმედიღა რჩება, სასიკეთო გარდაქმნების.”

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13