სამართალდამცავებმა დღეს ბათუმში შპს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე დააკავეს.
მისი დაპატიმრების შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ ფლობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე.
“სამინისტროში აკაკი ჩხაიძის დაკავების შესახებ განცხადება არ შემოსულა და მისი დაპატიმრება ჩვენთან შეუთანხმებლად მოხდა" - განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აჭარის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დათო გერგედავამ.
თბილისიდან ბათუმში, ჩხაიძის დასაკავებლად ჩასულ სამართალდამცველებს, უკვე ოპერაციის ჩატარების შემდეგ პრობლემები შეექმნათ უკან დაბრუნებისას. მათ ჩოლოქზე აღარ ატარებდნენ. თუმცა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის ბრძანების შემდეგ პრობლემა მოგვარდა.
აკაკი ჩხაიძეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 19 დეკემბერს აღიძრა. მას დიდი რაოდენობით თანხების მითვისებასა და გადასახადების დამალვაში ედებოდა ბრალი. იგი ამ ხნის განმავლობაში აჭარაში იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ "დამნაშავეებს ყველგან მივწვდებით."
"აჭარა არ იქნება დამნაშავეთა თავშესაფარი. გართულება ოპერაციას არ მოჰყოლია, თუმცა ამისთვისაც მზად ვიყავით. ამისთვის სპეცრაზმი მზად იყო" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.