Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აჭარის კრიზისი - მოვლენათა ქრონოლოგია
/ 5 მაი.'04 / 19:12

2003

6 ნოემბერი - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მიიღო 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვით, 284 ათასი ამომრჩეველიდან 269 ათასი "დემოკრატიული აღორძინების" კავშირმა მიიღო, რაც 95%-ს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, აღორძინებამ არჩევნებში ხმების 21.01% მოიპოვა.

7 ნოემბერი - აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს უმაღლესი პოლიტიკოსის და სამხედრო პირის თანამდებობა ენიჭება, რომელსაც სამხედრო ფორმირების ყოლის უფლება ეძლევა.

10 ნოემბერი - შევარდნაძე აჭარაში ვიზიტით ოპოზიციის ლიდერებთან გამართული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ გაემგზავრა. ასლან აბაშიძე შევარდნაძეს მის მიერ ორგანიზებული მხარდამჭერთა მიტინგით დახვდა.

20 ნოემბრიდან - პარლამენტის წინ პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერი  აღორძინების აქცია დაიწყო, რომელიც 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციამდე გაგრძელდა.

24 ნოემბერი - აჭარის მეთარუმა ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 30 დღის ვადით.  დადგენილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ ითვალისწინებს საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებას, მათ შორის ადმინისტრაციულ საზღვარზეც. აბაშიძემ დაგმო თბილისში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუცია, და განაცხადა, რომ ამით დაირღვა კონსტირუციური წყობა.

3 დეკემბერი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე ბოიკოტს უცხადებს 2004 წლის 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. ამის შესახებ განცხადებას იგი მოსკოვში ვიზიტის დროს აკეთებს.

8 დეკემბერი - რუსეთი აჭარასთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აწესებს, რაც ცენტრალური ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს.

10 დეკემბერი - ნინო ბურჯანაძის პირველი ვიზიტი აჭარაში ვარდების რევოლუციის  შემდეგ კონკრეტული შედეგის გარეშე სრულდება. ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს ასლან აბაშიძე უარი თქვას არჩევნების ბოიკოტზე.  პრეზინებტის მოვალეობის შემსულებლის აჭარაში ვიზიტის პარალელურად პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძის მიმართ მწვავე განცხადებებს აკეთებს,"მზად ვარ წავიდე კომპრომისზე, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას იგი ვერ წაიღებს თან. ვინც ბლოკადის თემას წამოწევს ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ოთხი კედელი გამზადებული იქნება."

20 დეკემბერი - სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ბათუმში გაემგზავრა, სადაც იგი მოლაპარაკებებს გამართავს აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან. აბაშიძემ 18 დეკემბერს სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ვოლტერ შვიმერთან გამართა მოლაპარაკებები, რომელმაც აჭარის ლიდერს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

26 დეკემბერი - სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარა” დაარსდა, სადაც ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი მოქალქეები გაერთიანდნენ.

28 დეკემბერი - ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა მისმა პარტიამ „აღორძინებამ“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

2004

6 იანვარი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ ორი წევრი და მათი ოჯახის წევრები დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აქტივისტები 18 იანვარს გაათავისუფლეს. მათი პატიმრობის მიზეზი განსხვავებული აზრის გამოხატვა იყო.

7 იანვარი - აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა განაახლა. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აჭარაში ნოემბრის „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს გამოცხადდა, 3 იანვარს დროებით შეწყდა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.

11 იანვარი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ გონიოში ადგილობრივი მცხოვრებლების ათასკაციანი მიტინგი, რომლის ძირითადი მოთხოვნა აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება იყო,
უცნობმა პირებმა დაარბიეს.

18 იანვარი - აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი ბათუმის ცენტრში მოკლეს. აჭარაში მოქმედი ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგანაც ინაიშვილი ოპოზიციურ მოძრაობებს უჭერდა მხარს.

20 იანვარს - გონიოში პოლიციასა და ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა.

25 იანვარი - პრეზიდენტი სააკაშვილი იანუგურაციის დღეს აჭარაში ჩადის და სახედრო აღლუმს იბარებს.

27 იანვარი - მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ პირველ ყრილობას მართავს და აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანის გზებით შეცვლაზე საუბრობს. ყრილობას მოძრაობის 4,000-მდე წევრი ესწრება.  

27 იანვარი - ასლან აბაშიძე აჭარაში მოსალოდნელ „სისხლიან დაპირისრიპებაზე“ საუბრობს და მოვლენების განვითარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსაგავსად განვითარებაზე აკეთებს განცხადებებს. 

2 თებერვალი - სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარის” ინიციატივით, აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

20 თებერვალი - მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ოფისი ბათუმში დაარბიეს, რასაც  წინ უძღოდა ასლან აბაშიძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკება. ინციდენტი დაემთხვა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის ვიზიტს აჭარაში.

22 თებერვალი - გაიტაცეს და სასტიკად სცემეს „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ წევრი, რასაც მოჰყვა ბათუმში „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ოფისის დაწვა. 21 თებერვალს ჩოლოქთან ასევე სასტიკად სცემეს მოძრაობა „კმარას“ ორი აქტივისტი, რომლებსაც ბათუმში აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიჰქონდათ.

27 თებერვალი - ბათუმში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებული შემოჭრის მომზადებაში დაადანაშაულა.

28 თებერვალი - ბათუმის ციხიდან ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” ორი აქტივისტის ჩხარტიშვილისა და ხაჟომიას ნათესავები გაათავისუფლეს. ისინი აჭარის  სამართალდამცველებმა 6 იანვარს დააკავეს, როდესაც “კმარას” აქტივისტები ბათუმის ქუჩებში აჭარის ხელისუფლების საწინააღმნდეგო პლაკატებს აკრავდნენ. 

1 მარტი - ასლან აბაშიძის განცხადებით ხელისუფლება აჭარაზე ტოტალური კონტროლის დამყარებას გეგმავს.

2 მარტი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ნებისმიერი ტიპის დაუმორჩილებლობის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ რეგიონში რეპრესიების ყველა გამტარებელი უნდა დაისაჯოს. კონკრეტულ დამნაშავეებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისთვის პრეზიდენტი აბაშიძეს ათდღიან ვადას აძლევს, „წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სადამსჯელო ღონისძიებებს გავატარებთ”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

5 მარტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის რაიონში ბათუმიდან თბილისში მომავალი სამაუწყებლო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, გადაცემა “60 წუთის” კორესპონდენტი ვახტანგ კომახიძე სცემეს. თვითმხილვევების განცხადებით, თავდამსხმელები სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ. ინციდენტს სამართალდამცავები შეესწრნენ, მაგრამ რეაგირების გარეშე დატოვეს.

7 მარტი - ასლან აბაშიძე პრეზინტ სააკაშვილის მოთხოვნაზე, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაუქმდეს უშიშროების სამინისტრო, უარს აცხადებს.

12 მარტი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ჩამოგდების მცდელობაში“ დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი სპეციალურად ამზადებს თავის სამართალდამცავ სტრუქტურებს და საპროტესტო აქციებს გეგმავს ბათუმში, „აჭარის კანონიერი ხელმძღვანელობის ჩამოგდების მიზნით“.

13 მარტი - აჭარის სამართალდამცავებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დააკავეს, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში აჭარის მოსახლეობასთან შესახვედრად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა.   თუმცა, იგი მალევე გაათავისუფლეს და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. აჭარის ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ნოღაიდელი აჭარაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით ჩავიდა.

14 მარტი პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მისი კორტეჟი ჩოლოქის ადმინისტრციულ საზღვარზე შეიარაღებულმა პირებმა შეაჩერეს.  პრეზიდენტი სიტუაციის განმუხტვის მიზნით იძულებული იყო უკან გაბრუნებულიყო. საქართველოს პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში ჯარებით შესვლას აპირებდა, მას ჩოლოქთან 30 კაციანი პირადი დაცვა ახლდა თან. პრეზიდენტმა მოუწოდა ბათუმში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელებს არ გამოიყვანონ შეიარაღებული დაჯგუფება და ტექნიკა და არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.

14 მარტი - ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში მოშიმშილე ლექტორების და სტუდენტების ერთი ნაწილი დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს. ბათუმელი სტუდენტების და ლექტორების ერთმა ნაწილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ისინი აპროტესტებენ ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის რეგიონის  ხელმძღვანელობას შორის ვითარების დაძაბვას.

14 მარტი  - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას აჭარის ხელმძღვანელობის მოქმედებას „სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა. მისი განცხადებით, ჯარები მზადყოფნაში იყვნენ, თუმცა უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე, რადგანაც „ჯერ კიდევ არსებობს შანსი დაძაბულობის დიალოგით მოგვარებისა“.  სააკაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს და მოსთხოვა ცენტრალური ხელისუფლების პირობები 15 მარტამდე შეესრულებინა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

„[14 მარტის სატელეფონო საუბრისას] მე ვუთხარი ასლან აბაშიძეს, რომ აქვს დრო იფიქროს ჩემს პირობებზე. ვთხოვე მას შემიშვას მე  და მთავრობის სხვა წევრები აჭარაში ამომრჩევლებთან შესახვედრად; მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია; მისცეს საშუალება ოპოზიციას აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფლად აწარმოოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მან ასევე მოსთხოვა აბაშიძეს „განაიარაღოს უკანონო შეაიარაღებული ჯგუფები აჭარაში“. „ცენტრალური ხელისუფლება ასევე მოითხოვს, მიეცეს საშუალება თავისი მოვალეობები განახორციელოს  ავტონომიურ რესპუბლიკაში და რეგიონის საზღვრები და საბაჟო გააკონტროლოს“, - დასძინა პრეზიდენტმა.

15 მარტი - საქართველოს პრეზიდენტის და მინისტრთა კაბინეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით ფოთში ანტიკრიზისული ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც აჭარის საკითხის მოგვარება დაევალა. აჭარასთან გართულებული ურთიერთობების გამო მთავრობის მთლიანი შემადგენლობა ფოთში გადავიდა დროებით.

15 მარტი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „აჭარაში მომხდარი პროვოკაცია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შეუშვეს, მიზნად ისახავდა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების  ჩაშლას“.

18 მარტი - საქართველოს პრეზიდენტსა და აჭარის ლიდერს შორის შეხვედრა შედგა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებით დასრულდა. ეს საკითხებია საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე და მოსახლეობაში დარიგებული იარაღის ჩაბარების პროცესის დაწყება. სანაცვლოდ აჭარაში დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოიხსნა.

24 მარტი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაქირავებული შეიარაღებული დაჯგუფებების შესაძლო შეყვანის შესახებ განცხადებას აკეთებს და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს აფრთხილებს არ დაუშვას მსგავსი ფაქტები.

24 მარტი - ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის განცხადებას აჭარაში შეჭრის წინ შესავალს უწოდებს და დასძენს, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შეიარაღებულ შეჭრას ამზადებს. მან მოუწოდა მოსახლეობას წინ აღუდგნენ ამგვარ გეგმებს, რათა  „თავიდან აიცილონ ახალი კონფლიქტი აჭარაში, როგორც ეს თავის დროზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა“.

27 მარტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ აჭარის მოსახლეობაში იარაღი ბოლო დროს ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბული ვითარების გამო დარიგდა. მისი თქმით, იარაღი პირველად მოსახლეობას ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს დაურიგდა, რადგანაც აჭარას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები.

28 მარტი - საპარლამენტო არჩევნების დღეს პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია აჭარაში იმყოფება მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. აჭარის ტერიტორიაზე არჩევნების პროცესი მეტ-ნაკლებად სტაბილურად წარიმართა, თუმცა ადგილი ჰქონდა დარღვევებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოხატა შეშფოთება აჭარაში დაფიქსირებული დარღვევების გამო და არ გამორიცხა აჭარაში არჩევნების შედეგების გაუქმების შესაძლებლობა. 

31 მარტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აჭარაში ხელოვნურად იქნა შემცირებუილი ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე აბაშიძის დასაყრდენმა პარტიამ „აღორძინებამ“ 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტს გარეთ დარჩა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ იგი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს აჭარაში, რათა განისაზღვროს საბოლოოდ, „თუ ვის მისცა ხმა აჭარის მოსახლეობამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში“.

2 აპრილი - თბილისი ბათუმს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს, რომელიც "აჭარის უმაღლესი ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული."

2 აპრილი - თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური რომან დუმბაძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაუმორჩილებლობის მოტივით გათავისუფლდა.

9 აპრილი - თერთმეტწლიანი პატიმრობიდან სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა თენგიზ ასანიძე. ასანიძე ითვლებოდა აბაშიძის ხელისუფლების პოლიტიკურ პატიმრად, რომელიც შეწყალების მიუხედავად წლების მანძილზე პატიმრობაში რჩებოდა.

9 აპრილი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად გააფრთხილა აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე განაიარაღოს რეგიონში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აჭარის პარლამენტის დაშლით და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა. „მან [აბაშიძემ] უნდა განაიარაღოს შეიარაღებული ჯგუფები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვაიარაღებთ მათ“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

13 აპრილი - ბათუმში მყოფ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის შეთანხმება ვერ შედგა. შეხვედრის დროს ძირითადი საკითხი აჭარის მოსახლეობიდან უკანონოდ დარიგებული იარაღის ამოღება იყო. ასლან აბაშიძემ განიარაღებაზე უარი განაცხადა.

14 აპრილი - ცსკო-ს თვამჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც18 მარტს ქობულეთსა და ხულოში დანიშნული ხელახალი არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ჩასატანად მიდიოდა, ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვარზე არ შეუშვეს. ქობულეთიდან და ხულოდან ასევე გამოაძევეს ცესკოს სპეციალური ჯგუფები, რომელთაც არჩევნების ორგანიზება ევალებოდათ.

15 აპრილი - ბიზნესმენების სამშვიდობო მისია ბათუმში შედეგის გარეშე დასრულდა. ბიზნესმენთა 5-კაციანმა ჯგუფმა აბაშიძესა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობების განმუხტვის მიზნით მედიატორის ფუნქცია იკისრა.

15 აპრილი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება წინააღმდეგია ჭადრაკის მსოფლიო ქალთა ჩემპიონატი, რომელიც 21 მაისს-7 ივნისს არის დაგეგმილი, ბათუმში ჩატარდეს. ცენტრალური ხელისუფლების განმარტებით, მას არ შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოება ავტონომიურ რესპუბლიკაში.

16 აპრილი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის პრობლემა არ არსებობს, არამედ პრობლემაა კრიმინალების ერთ ჯგუფთან, რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფოში მოქმედ კანონებს.

18 აპრილი - ხულოსა და ქობულეთში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალა.

19 აპრილი - ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი რომან დუმბაძე თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრძანებას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ ემორჩილება და კლავ განაგრძობს ბრიგადის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას. “მე ვემსახურები აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს და ჩემი დანიშვნა-გადაყენებაც მას ევალება. 25-ე ბრიგადაც არის ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში. მთავარსარდალად ასლან აბაშიძეს ვაღიარებ” - განაცხადა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე რომან დუმბაძემ.

20 აპრილი - პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმში განთავსებული 25-ე ბრიგადის იმ 17 ოფიცერსა და ჯარისკაცს შეხვდა, რომლებმაც უარი განაცხადეს დამორჩილებოდნენ თანამდებობიდან გადაყენებულ ბრიგადის მეთაურს გენერალ რომან დუმბაძეს. გენერალურმა პროკურატურამ ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილ მეთაურზე რომან დუმბაძეზე სისიხლის სამართლის საქმე აღძრა სამშობლოს ღალატის მუხლით.

22 აპრილი - აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმების წინადადებით მიმართა.  აბაშიძის ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური ანტინარკოტიკული და ანტიტერორისტული ცენტრები უშიშროების სამინისტროს ბაზაზე.

23 აპრილი - აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ვითარების მოგვარებას ორი ქვეყნის, რუსეთისა და აშშ-ს დახმარებით შესაძლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ მიზნით მან უკვე წერილობით მიმართა ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს.

23 აპრილი - საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება აჭარაში არსებული სიტუაციის თაობაზე, რომელიც გმობს აჭარის ხელმძღვანელობის ქმედებებს და მას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობად აფასებს. დეპუტატებმა მოსთხოვეს პრეზიდენტს, მთავრობას და სამართალდამცავ სტრუქტურებს განაიარაღონ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები აჭარაში.

24 აპრილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის უზენაესმა საბჭომ და სენატმა ერთობლივ სხდომაზე მიიღო.

26 აპრილი - ბათუმის პორტში განთავსებულმა სანაპირო დაცვის კატარღამ ფოთის პორტში გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის ცხრა წევრმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრძანებებს.

26 აპრილი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის რეგიონში ძალის გამოყენებას არ აპირებს.“სისულელეა ასალნ აბაშიძის მიერ გავრცელებული ხმები, თითქოს რეგიონში სამხედრო ტექნიკით შეჭრას ვგეგმავთ. ასლან აბაშიძეს თავად აჭარლები მიხედავენ და ამ პრობლემას თავად ისინი გადაწყვეტენ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტი არ გამორიცხავს აჭარაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და აცხადებს, რომ ამ საკითხზე ცენტრალური ხელისუფლება იმსჯელებს.

27 აპრილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძე აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეუშვა. სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის მაღალმთიანი სოფლებისთვის განკუთვნილი სასუქით დატვირთულ რამდენიმე სატვირთო მანქანას მიაცილებდა.

28 აპრილი - აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის განკარგულების თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკაში არმიის რეზერვისტების მობილიზება დაიწყო. განკარგულებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ეს ნაბიჯი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია.

29 აპრილი - აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების მომხრეა და აცხადებს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის არსებული დაძაბულობა მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.

2 მაისი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ბრძანებით, ააფეთქეს ადმინისტრციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები. გავრცელებული ინფორმაციით აჭარის ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ ფოთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნების დასრულების შემდეგ, 2 მაისს, სამხედრო ნაწილები აჭარის ტერიტორიისკენ გაადგილდებოდნენ. მოსახლეობას აჭარაში შესვლა, ან რეგიონიდან გამოსვლა ფეხით, შემოვლითი გზების გავლით უწევს. 
 
2 მაისი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა აბაშიძისგან მოითხოვა 10 დღის ვადაში განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები და უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციის დაცვა აჭარაში. „წინააღმდეგ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, დავითხოვ აჭარის ადგილობრივი მართველობის ორგანოებს და დავნიშნავ ვადამდელ არჩევნებს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

3 მაისი - აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ განიარაღება 10 დღის ვადაში, როგორც ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოითხოვა, შეუძლებელია.

4 მაისი - ბათუმში გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია აჭარის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. არსებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად აჭარის ხელისუფლება საპროტესტო აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა, თუმცა შემდგომში ხელკეტებიც გამოიყენა.  ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადაყენების და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

5 მაისი - დაახლოებით 15,000 ათასი ადამიანი შეიკრიბა ბათუმის უნივერსიტეტთან, ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით. ეს იყო ყველაზე მასშტაბური აქცია, რომელიც აჭარაში ოდესმე ჩატარებულა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18