Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართველი ჯარისკაცები გაანთავისუფლეს
/ 9 ივლ.'04 / 18:00
"სივილ ჯორჯია"

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 9 ივლისს ქართველი სამშვიდობოები გაათავისუფლა; თუმცა სამი მათგანი ისევ პატიმრობაში რჩება.

სამხრეთ ოსეთის მხარე აცხადებს, რომ ეს სამი ქართველი არ იმყოფებოდა იმ 50 სამშვიდობოს შორის, რომლებიც 8 ივლისს სოფელ ვანათში განაიარაღეს და დააკავეს. ცხინვალის განცხადებით, ისინი "კრიმინალები არიან, და არა სამშვიდობოები“.

"ჩვენ სამი ქართველის დაუყონებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ამჟამად სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით“, განუცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს სამი ქართველი მართლაც მანამდე იყვნენ დაკავებულნი. 

გათავისუფლებული ჯარისკაცები შიდა ქართლის სოფელ ვარიანში გადაიყვანეს. "ისინი დაიკითხებიან იმ ვითარების გასარკვევად, თუ როგორ მოხდა მათი მძევლად აყვანა", განაცხადა გივი თარგამაძემ.

9 ივლისს ირანიდან დაბრუნებული პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე ესაუბრა ტელეფონით მის რუს კოლეგას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. პრეზიდენტებმა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილი კრიზისული ვითარება განიხილეს. საუბრის დეტალები არ ხმაურდება.

მიხეილ სააკაშვილი ასევე ესაუბრა პრემიერ-მინიტრ ზურაბ ჟვანიასა და ძალოვანი უწყებების მინისტრებს , რომელთაგანაც შექმნილ ვითარებაზე სრული ინფორმაცია მიიღო.

ჯერ კიდევ ირანში ყოფნისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას "აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც თანმიმდევრულად ხორციელდება და კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად“.
 
“ჩვენ ვიცით, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა. ჩვენს ქმედებებში პრინციპულები ვიქნებით“, აღნიშნა პრეზიდენტმა 8 ივლისს.

საქართველომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სიტუაციის დაძაბვასთან მიმართებაში უკიდურესი თავშეკავებისთვის იმთავითვე მოიპოვა სოლიდური საერთაშორისო მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეიკავა თავი საპასუხო ქმედებებისაგან მას შემდეგ, რაც ოსური მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. 
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 ივლისს დაგმო სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ 8 ივლისის გამთენიისას სოფელ ვანათში 50-მდე ქართველი ჯარისკაცის დაკავების ფაქტი და მოუწოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დააუყოვნებლივ გაათავისუფლოს მძევლები, რომლებიც ცხინვალში ჩაიყვანეს და ქალაქის ცენტრში მოედანზე დააჩოქეს, როგორც ეს გავრცელებულ სატელევიზიო კადრებით მსოფლიომ ნახა.
 
"რამდენადაც ჩვენ ვიცით, მძევლები გამოიყვანეს და დემონსტრაციულად, იძულების წესით დააჩოქეს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში [ცხინვალში]. ჩვენ ვგმობთ სამხრეთ  ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მძევლების აყვანის ფაქტს და მიგვანჩნია რომ მძევლებისადმი მოპყრობა იყო საშინელი“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 8 ივლისის ბრიფინგზე ვაშინგტონში.
 
მისივე თქმით, 8 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „იგი [კოლინ პაუელი] ასევე აპირებს ესაუბროს თავის რუს კოლეგას [საგარეო საქმეთა მინისტრს] სერგეი ლავროვს“, განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა.

9 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თითქმის ერთხმად მიიღო რეზოლუცია “ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”. რეზოლუციის წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაცია იყო.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით”, ნათქვამია რეზოლუციაში.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და ამავდროულად ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ ასევე გამოხატა შეშფოთება 8 ივლისს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების გამო და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაკავებულთა დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
 
"მიმაჩნია, რომ ეს უკიდურესად სახიფათო ნაბიჯია და მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ხელისუფლებას დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები“, დასძინა მან.
 
საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ მათიას იორშის ხელმძღვანელობით დაგმო ოსური მხარის პროვოკაციული მოქმედებები და 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა.
 
თუმცა, რუსეთი ქართველ სამშვიდობოთა დაკავების თაობაზე დუმილს ამჯობინებს. მოსკოვი განაწყენებულია იმ ინციდენტის გამო, რომელსაც 7 ივლისს გამთენიისას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ქართველმა სამხედროებმა იარაღითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული რუსული ავტოკოლონა დააკავეს და იარაღით დატვირთული ორი მანქანა ჩამოართვეს რუს ჯარისკაცებს. რუსეთმა დაგმო ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ იარაღი კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, თბილისის განცხადებით, იარაღი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ჯგუფებს უნდა გადასცემოდა. 
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 8 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს მიიღებს, რათა გაათავისუფლოს სამხრეთ ოსეთი მისი დე ფაქტო პრეზიდენტისგან.
 
„კოკოითი მწარედ ინანებს იმის გამო, რომ აიძულა ჩვენი ჯარისკაცები დაჩოქილიყვნენ. ამას მას არასოდეს ვაპატიებთ“, განაცხადა ოქრუაშვილმა. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

“დღეს რუსეთის მშვიდობისმყოფელები ან განახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ან საერთაშორისო ორგანიაზციები და მათ შორის ეუთოც, უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ განიხილოს რუსეთის სამშვიდობოების საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლების საკითხი”, განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, სადაც ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო რიგგარეშე მოხსენება გააკეთა ნინო ბურჯანაძემ 8 ივლისს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ რუს სამშვიდობოებს ქართველი ჯარისკაცების გათავისუფლებაში ხელშეწყობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ძალისმიერი ქმედებების განხორციელებისკენ უბიძგებდა. 
 
„ჩვენ არ წამოვეგებით არანაირ პროვოკაციაზე. ჩვენ მაშინაც არ გამოყენეთ ძალა, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები დაჩოქილი ვნახეთ ცხინვალში“, განაცხადა ჟვანიამ 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
 
საპასუხოდ, სამხრეთ ოსეთის დე დაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ქართული მხარე რეგიონში “საომარი მოქმედებების“ დაწყების მცდელობაში დაადანაშაულა. “საქართველოს ომი სურს და ჩვენც მზად ვართ თავდაცვისთვის“, განუცხადა ედუარდ კოკოითმა ჟურნალისტებს ცხინვალში.
 
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 7 ივლისს რეზოლუცია მიიღო, რომელიც “სამხრეთ ოსეთში რუსეთის კანონმდებლობის გავრცელებას“ ითვალისწინებს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ უკვე რამდენჯერმე მიმართა მოსკოვს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თხოვნით, რაც ოფიციალური მოსკოვის მხრიდან სერიოზულად არ ყოფილა აღქმული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14