Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თვითგამოცხადებული აფხაზეთი ახალ ლიდერს ირჩევს
/ 2 ოქტ.'04 / 19:16
თეა გულარიძე,

3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობა ახალ ლიდერს 5 წლის ვადით აირჩევს, რითაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას მმართველობის ხანგრძლივი პერიოდი დასრულდება.

არჩევნებში პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი იღებს მონაწილეობას - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯინბა,  ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი  - სერგეი შამბა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ანრი ჯერგენია, აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა და ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი - სერგეი ბაღაფში.

თუმცა გამარჯვების ყველაზე რეალური შანსები ორს – კრემლისა და არძინბას რჩეულს რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციური მოძრაობების “ამცახარასა“ და “ერთიანი აფხაზეთის” ერთიან კანდიდატს, ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს“ გენერალურ დირექტორს სერგეი ბაღაფშს გააჩნიათ. ამ უკანასკნელის შანსებმა კიდევ უფრო იმატა, რაც ბაღაფშს მხარი კიდევ ერთმა ოპოზიციურმა მოძრაობამ –  “აიტაირამ“ დაუჭირა. თავად “აიტაირას“ კანდიდატს ალექსანდრე ანქვაბს აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აფხაზური ენის არასრულყოფილად ცოდნის გამო რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

აფხაზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრის რაულ ხაჯიმბას სასარგებლოდ სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს -  ვლადისლავ არძინბას მხარდაჭერა, რომელმაც აგვისტოში ხაჯიმბა საკუთარ “მემკვიდრედ” გამოაცხადა. ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარდაჭერა განაპირობებს ასევე ადმინისტრაციული რესურსების ხაჯიმბას სასარგებლოდ ამოქმედებას, რაც არჩევნებში დიდ მნიშვნელობას იძენს. ამას გარდა, რაც ყველაზე მთავარია, ხაჯიმბა კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს. მოსკოვის ხაჯიმბასადმი სიმპათიები აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხაჯიმბას პირისპირ 29 აგვისტოს სოჭში შეხვდა.

46 წლის რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად 2003 წლის მაისში დაინიშნა, მანამდე იყო უშიშროების სამსახურის უფროსი და თავდაცვის მინისტრი. 80-90-იან წლებში კი – ტყვარჩელის უშიშროების სამსახურის თანაშრომელი.

მეორე რეალური კანდიდატი სერგეი ბაღაფში, რომელსაც 1999 - 2000 წლებში აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, აფხაზეთში ომის ვეტერანთა დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს. 2000 წლიდან იგი “ჩერნომორენეგროს“ გენარალური დირექტორია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს კი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პირველი მოადგილე იყო.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ყველა კანდიდატი აფიქსირებდა ერთს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში კურსი უცვლელი იქნება და აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებლი სახელმწიფო  იარსებებს. საქართველოსთან მიმართებაში კი კანდიდატები კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების აუცილებლობაში ერთსულოვანნი იყვნენ.

ოფიციალური თბილისი მართალია არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, მაგრამ რეგიონში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს, რადგან 3 ოქტომბერს ის პირი ირჩევა, რომელთანაც თბილისს მომავალში მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.

1 ოქტომბერს, მოსკოვში ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდარავამ განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში. “იქ პრო-ქართული განწყობის კანდიდატი არცერთი არ არის“, მიიჩნევს ხაინდრავა.

თუმცა იქვე დასძენს, “თუ აირჩევენ რუსეთისთვის მისაღებ კანდიდატს - ხაჯიმბას, ეს უკეთესიც იქნება, რადგან საქართველოსა და რუსეთის პოზიციების დაახლოების შემდეგ, უფრო ადვილი იქნება მასთან საერთო ენის გამონახვა”.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დღესდღეობით აფხაზეთში მთავარი ლოზუნგია “აფხაზეთი რუსეთთან ან მხოლოდ აფხაზეთი“.

“მართალია ამ ლოზუნგში საქართველო არ ფიგურირებს, მაგრამ თბილისისთვის უფრო მისაღები იქნება, თუ ბაღაფში გაიმარჯვებს“, განუცხადა ზაქარეიშვილმა  “სივილ ჯორჯიას”.

მისი თქმით, ბაღაფშს აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი უჭერს მხარს, რომელსაც არ სურს რეგიონის რუსეთთან ინტეგრაცია. “მაშინ, როდესაც ხაჯიმბას პოლიტიკის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ რუსეთთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, დასძენს ზაქარეიშვილი.

მისი ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი მხოლოდ არჩევნების მეორე ტურმა გამოავლინოს.

აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ-ო) არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 23 სექტემბერს დაასრულა ამომრჩეველთა ძირითად სიებზე მუშაობა.  ცსკო-ს თავმჯომარის სერგეი სმირის ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობა 120 ათასს აღწევს.

აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. თუმცა არჩევნებს დამკვირვებლები მაინც ეყოლება, ძირითადად სეპარატისტული რეგიონებიდან - დნესტრისპირეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნას რუსეთის სათათბიროც აპირებს, რაც ქართველი პარლამენტარების რუსი კოლეგებისადმი პროტესტის მიზეზი ხდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14