დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი აწარმოოს სერგეი ბაღაფშთან, “რომელსაც აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი“. ამის შესახებ პრეზიდენტმა კანცელარიაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, იურიდიულად აფხაზეთში ჩატარებული [3 ოქტომბრის საპრეზიდენტო] არჩევნები კანონიერად ვერ ჩაითვლება, რადგან "არამარტო [დევნილ] ქართველებს, არამედ აფხაზებს, რუსებს, სომხებს, ებრაელებს და მთელ რიგ ეთნიკურ ჯგუფებს აფხაზეთში დაბრუნება და არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ”, განაცხადა 3 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა.
ამავდროულად, “ის ვინც ეხლა აირჩა, აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს გამოხატავს, ამდენად, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი გამართოს იმ ჯგუფთან და პირადად სერგეი ბაღაფშთან”, აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი.
პრეზიდნეტის თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია შექმნას ძლიერი სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება აფხაზი ხალხის უფლებები.
“ამავე დროს ნურავის ექნება ილუზია, რომ ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე შეეგუება და არ გადადგამს ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა; 1992-93 წლების კონფლიქტი ტრაგიკული ფურცელია ქართველი და აფხაზი ხალხის ურთიერთობებში; მიუხედავად ყველაფრისა ალტერნატივა ქართველ და აფხაზ ხალხს შორის დიალოგს არ აქვს”, განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ არ “მოგვწონს, როცა გარე ძალები ერევიან აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს შიდა საქმეებში”.