Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსულ ბაზებზე პარლამენტის დადგენილება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მარ.'05 / 16:19

რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების შესახებ

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვება საქართველოს მოქალაქეებისა და ხელისუფლების ურყევი ნებაა.

რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ფედერაციასთან 1999 წლის 17 ნოემბერს ეუთოს სტამბულის სამიტზე ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების (CFE) ნაწილია. აღნიშნული შეთანხმებით მხარეებმა ვალდებულებები იკისრეს როგორც ერთმანეთის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

სტამბულის შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციას 2001 წლის  1 ივლისამდე უნდა მოეხდინა ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია, ხოლო 2000 წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო მხარეთა მოლაპარაკებები ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების ფუნქციონირების ვადებისა და პირობების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დღემდე სამხედრო საკითხებზე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებათა რვა რაუნდი გაიმართა.

გუდაუთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სტამბულის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულება რუსეთმა ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, ლიკვიდირებულ იქნა ვაზიანის სამხედრო ბაზა, ხოლო გუდაუთის ბაზიდან გატანილ იქნა მხოლოდ ხელშეკრულებით შეზღუდული შეიარაღება და ტექნიკა.

ასეთი არაკონსტრუქციული მიდგომის გამო დღემდე ვერ მოხერხდა გუდაუთის ბაზის ინსპექტირება, რომელიც დაადასტურებდა მისი დახურვის ფაქტს. ამასთანავე, ერთჯერადი ინსპექცია არ არის საკმარისი ამ ბაზის დახურულად გამოცხადების დამტკიცებისათვის; აუცილებელია სპეციფიკური ზომების მიღება როგორც ბაზის დახურვის, ისე მისი ცალკეული ობიექტების შემდგომი გამოყენების პერმანენტული ტრანსპარენტულობის უზრუნველსაყოფად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხარე გუდაუთის ბაზას დახურულად აცხადებს, იქ კვლავ რჩება დაახლოებით 300 სამხედრო მოსამსახურე. ეს ნიშნავს, რომ ბაზა დახურული არ არის, რაც საქართველოს მხარემ არაერთხელ აღნიშნა ქ. ვენაში ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის (JCG) სხდომაზე და რაც გაიზიარა ეუთოს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობამ.

რაც შეეხება ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებს, საქართველოს მხარემ წარადგინა მათი გაყვანის რამდენიმე ვარიანტი კომპრომისული წინადადებებით („ეტაპობრივი“ გაყვანა – პირველ რიგში ბათუმის ბაზის, ხოლო შემდეგ ახალქალაქის ბაზის გაყვანა, ან პირიქით; „ფაზური“ გაყვანა – პირველად სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის გატანა, შემდეგ კი პირადი შემადგენლობის გაყვანა; პირადი შემადგენლობის საცხოვრებელი პრობლემების გადაჭრა რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთათვის ბინების უსასყიდლოდ გადაცემით). გარდა ამისა, საქართველოს მხარე დონორი ქვეყნების მხარდაჭერით ფინანსურ დახმარებას უწევდა რუსეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანაში, კერძოდ, ვაზიანის ბაზის გაყვანისას ტრანსპორტირების ხარჯები მან დაფარა.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ პრინციპებზე შეთანხმდნენ (მოლაპარაკებათა საბოლოო შედეგი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; საქართველოს ტერიტორიაზე ეს ბაზები დარჩებიან მხოლოდ იმ ვადით, რომელიც საჭიროა მათ გასაყვანად), რუსეთის მხარე 3-ათასკაციანი პერსონალის გაყვანის მიზნით ითხოვს აბსურდულ ვადებს (ჯერ დასახელდა 15 წელი, შემდეგ 11, 7 და ა.შ.).

აშკარაა, რომ რუსეთი იყენებს დროის გაჭიანურების ტაქტიკას. ამისათვის ის წელიწადში 2-3-ჯერ აწყობს მოლაპარაკებებს ექსპერტების დონეზე, რათა ვენაში ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის სხდომებზე საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, თითქოს მოლაპარაკებათა პროცესი არ შეწყვეტილა.

რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად მზად ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შეიარაღება და ტექნიკა ანუ მოახდინოს აქ მყოფი სამხედრო ბაზების ოპტიმიზაცია და გაძლიერება. კერძოდ, მიმდინარეობს საქართველოდან გასატანი შეიარაღებისა და ტექნიკის ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებზე გადანაწილება თბილისის გარნიზონის სამხედრო ობიექტებიდან. ასევე შეინიშნება სამხედრო ბაზების პერსონალის გაზრდა.
საქართველოს მიერ მრავალჯერ აკრძალვის მიუხედავად, მის ტერიტორიაზე არსებულ, რუსეთის განკარგულებაში დროებით მყოფ სამხედრო პოლიგონებზე საბრძოლო წვრთნები ტარდება.

ბათუმის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები გონიოს სამხედრო პოლიგონზე მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით სისტემატურ წვრთნებს მართავენ, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული რეგიონი ტურისტული ინდუსტრიის ზონაა, განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს საქართველოს ეკოსისტემასა და ეკონომიკას.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფი (ГРВЗ) უგულებელყოფს საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფს საქართველოში არ გააჩნია სამართლებრივი სტატუსი (შესაბამისად, მისდამი დროებით დაქვემდებარებულ ობიექტებს არა აქვთ კომერციული საქმიანობის უფლება), საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ობიექტები კომერციულ საქმიანობას ეწევიან.

ამდენად, საქართველოს მხარის კეთილი ნება რუსეთის მხარემ არაადეკვატურად შეაფასა; რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ამ საკითხის მიმართ არაკონსტრუქციული დამოკიდებულება აირჩია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმებით, რომლებიც გულისხმობს მასპინძელი ქვეყნის აუცილებელ თანხმობას მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებისას, ასევე საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით, ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთის ბაზების ფუნქციონირება საშიშროებას უქმნის რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, და ადგენს:

1. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული მიდგომის გამო დღემდე არ სრულდება მის მიერ სტამბულის 1999 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რფ-ის სამხედრო ბაზებს საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნიათ იურიდიული სტატუსი, მოლაპარაკებათა პროცესში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ისინი უნდა ფუნქციონირებდნენ გაყვანის რეჟიმში, დაუშვებელია ამ ბაზების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება, საბრძოლო წვრთნების გამართვა, პირადი შემადგენლობის როტაციის ჩატარება და სხვა.

2. სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების თაობაზე ორმხრივი შეთანხმების 2005 წლის 15 მაისამდე მიუღწევლობის შემთხვევაში მოეთხოვოს რუსეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის 2006 წლის 1 იანვრამდე შეწყვეტა.

3. თუ 2005 წლის 15 მაისამდე ვერ მოხერხდა რუსეთის მხარესთან შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან რფ-ის სამხედრო ბაზების გაყვანის კონკრეტულ, საქართველოს მხარისთვის მისაღებ, გონივრულ ვადაზე, დაევალოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კანონით დადგენილ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი ზომები ამ ბაზების მიმართ.  კერძოდ:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაჩეროს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე საქართველოში შემოსასვლელი ვიზების გაცემა;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რფ-ის სამხედრო ბაზებისა და ობიექტების საქართველოს ბიუჯეტის მიმართ და ყველა სხვა დავალიანების მოცულობა. აღნიშნული დავალიანება შეფასდეს, როგორც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ვალი საქართველოს მიმართ;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შეისწავლოს და შეაფასოს რფ-ის სამხედრო ბაზების ფუნქციონირებით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანის ოდენობა;

დ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, ტექნიკის, შეიარაღებისა და კუთვნილი ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმის შემუშავება და განახორციელონ მისი კონტროლი;

ე) საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ რფ-ის სამხედრო ბაზებზე.

4. 2006 წლის 1 იანვრამდე რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ფუნქციონირებდნენ მხოლოდ იმ რეჟიმში, რომელიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიიდან მათ გაყვანას. ამ ბაზების სხვა რეჟიმში ფუნქციონირება საქართველოს მხარისთვის კატეგორიულად დაუშვებელია.

5. საქართველოს ხელისუფლების მიერ რფ-ის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობოს საერთაშორისო თანამეგობრობას.

საქართველოს პარლამენტი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებისთვის განსაზღვრულ 2 თვეში მოხდება შეთანხმება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან მისი სამხედრო ბაზების გაყვანის გონივრულ, საქართველოსთვის მისაღებ ვადაზე.

საქართველოს პარლამენტი დარწმუნებულია, რომ მისი ტერიტორიიდან რფ-ის სამხედრო ბაზების გაყვანა ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ასევე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების გაჯანსაღებას და ნორმალიზებას.

თბილისი,

2005 წლის 10 მარტი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14