Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით
/ 24 მარ.'05 / 19:17

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროა დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რომლის ძირითადი მიზანი იქნება კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და მშვიდობიანი მოწესრიგება. სამხრეთ ოსეთის ხალხისათვის აუცილებელია განვითარების, სტაბილურობისა და ღირსეული თანაცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება.

I. სამშვიდობო შეთანხმების საფუძვლები:

ქართველი და ოსი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების, ერთიან კულტურულ, ტერიტორიულ და ეკონომიკურ სივრცეში წარმატებული თანაარსებობის მდიდარი ისტორია;

ქართველი და ოსი ხალხის სწრაფვა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილური ეკონომიკური აღმავლობისაკენ. ტურიზმის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარების ახალი, მყარი და ლეგალური საფუძვლების უზრუნველყოფა;

სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, ლეგალური ეკონომიკური საქმიანობის, სამუშაო ადგილებისა და თვითრეალიზაციის ახალი, ფართო შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

ერთიანი ძლიერი სამართლებრივი და სამართალდამცავი სივრცის შექმნა, კრიმინოგენული ვითარების გამოსწორება, ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის იარაღით უკანონო ვაჭრობის, ნარკოტრეფიკის, კონტრაბანდის აღმოფხვრა. მოსახლეობის დაცვა ტერორიზმის საფრთხისა და უკონტროლო კრმინალური დაჯგუფებების ზემოქმედებისაგან;
საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული ნორმების აღდგენა და დაცვა. სამხრეთ ოსეთის სამართლებრივ სისტემაში დაბრუნება.

II. სამშვიდობო შეთანხმების პირობები

კონფლიქტის ორივე მხარე აცხადებს უპირობო უარს ძალის გამოყენებაზე;

საქართველოს ხელისუფლება სრულად კისრულობს სოციალურ ვალდებულებებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინაშე;

ამოქმედდება 1990-1992 წლის კონფლიქტში დაზარალებული მოსახლეობის მიმართ ქონებრივი რესტიტუციის კანონი, ყველა დაზარალებულ ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია.
საქართველოს მთავრობა მზად არის ერთჯერადად გადაუხადოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას 1991 წლის შემდეგ დაგროვილი საპენსიო დავალიანება და ასევე გარანტია მისცეს ყველა მაცხოვრებელს, რომ მათი დღევანდელი პენსიები და სოციალური შეღავათები ძალაში დარჩება მინიმუმ იმავე რაოდენობით.

სამშვიდობო შეთანხმების ფუნდამენტურ პირობას წარმოადგენს ერთა თვითგამორკვევის, კულტურული თვითმყოფადობის, უმცირესობათა უფლებების დაცვის, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპების განუხრელი დაცვა.

III. ტერიტორია

სამხრეთ ოსეთი აღდგება იმავე საზღვრებში, რაც იყო დაფიქსირებული კონფლიქტის დაწყებამდე და მოიცავს ცხინვალის, ჯავის, ზნაურის და ახალგორის რაიონებს.

IV. პოლიტიკური სტატუსი


სამხრეთ ოსეთი არის ავტონომიური ერთეული საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

სამხრეთ ოსეთს ხელმძღვანელობს სამხრეთ ოსეთის მეთაური, რომელსაც ირჩევენ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

სამხრეთ ოსეთს აქვს პარლამენტი, რომელიც აირჩევა თავისუფალი და პირდაპირი არჩევნების გზით.

საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ფართო ადგილობრივ თვითმმართველობას. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიერ აირჩევა რაიონების, ქალაქების, სოფლებისა და სოფლის საკრებულოების ხელმძღვანელები და ადმინისტრაცია.

უზრუნველყოფილია სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოში, რაც გულისხმობს საქართველოს სამინისტროებში, დეპარტამენტებში, კომიტეტებსა და სხვა უწყებებში ოსი ეროვნების მოქალაქეთა ფართო წარმომადგენლობას.

უზრუნველყოფილია სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, რაც გულისხმობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიიდან დეპუტატების გარკვეული რაოდენობის წარმომადგენლობას.

უზრუნველყოფილია სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მონაწილეობა სასამართლო და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ორგანოების საქმიანობაში.

V. ენა და განათლება


სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოსურ ენას აქვს ოფიციალური ენის სტატუსი სახელმწიფო ენასთან ერთად.

გარანტირებულია განათლების მიღება ოსურ ენაზე და განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ.

უზრუნველყოფილია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით ოსური ტელევიზიის, რადიოსა და ბეჭდვითი მედიის დაფინანსება.
უზრუნველყოფილია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით ოსური კულტურისა და ისტორიის დაცვის ღონისძიებების დაფინანსება.

V. სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაცია

საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურ რეაბილიტაციას და გამოყოფს სათანადო თანხებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ, რაც გულისხმობს საავტომობილო გზების, რკინიგზის, ელექტრო-გადამცემი ხაზების, გაზსადენის, კავშირგაბმულობის (სატელეფონო ხაზები, მობილური კავშირი), ტელე-რადიო მაუწყებლობის აღდგენას.

საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ეკონომიკური აღორძინების მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და დასაქმებისა და შემოსავლის ადგილობრივი მდგრადი წყაროების შექმნა.

შეიქმნება სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური მხარდაჭერის ფონდი. მისი დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებისა და საერთაშორისო დონორების შემოწირულობების ხარჯზე. ფონდის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა განხორციელდება ერთობლივად ცენტრალური და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საქართველოს მთავრობა მზად არის განიხილოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის საკითხი.

VI. სამართლებრივი საკითხები

კონფლიქტის მოგვარების პროცესში გამოცხადდება სამწლიანი გარდამავალი პერიოდი.

გარდამავალი პერიოდის მიმდინარეობის ზედამხედველობას განახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

გარდამავალ ეტაპზე შეიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდის ქვეშ მოქმედი შერეული ქართულ-ოსური პოლიცია/მილიცია.

ეს პოლიცია/მილიცია უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და გადაადგილების თავისუფლებას.

შეიქმნება ერთობლივი კომისია სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დამნაშავეების ბედის შესახებ.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საქართველო-რუსეთის საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე გამარტივებული სასაზღვრო რეჟიმის დადგენას ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რაც გულისხმობს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით და პირიქით თავისუფალ გადაადგილებას.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა იმ პირის დაბრუნებას, რომელმაც კონფლიქტის შედეგად მიატოვა საქართველო.

ყველა იმ პირისათვის, რომელმაც გადაწყვიტა დაბრუნება, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განსახლებისათვის საჭირო ფინანსურ დახმარებას.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15