Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საარჩევნო გზამკვლევი
Civil Georgia, Tbilisi / 3 ოქტ.'16 / 16:52

ქართველი ამომრჩევლები 8 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით ახალ 150–წევრიან პარლამენტს აირჩევენ.

პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელიც არჩევნებზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება.

8 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩევლები ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლეს საბჭოს აირჩევენ.   


საარჩევნო სისტემა
 


 

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს.

77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს დაძლევენ.

დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა.

საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველს ორი ბიულეტენის შემოხაზვა მოუწევს – ერთის შესაბამისი ერთმანდატიანი ოლქიდან მაჟორიტარის ასარჩევად,  მეორე ბიულეტენში კი არჩევანს სასურველი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სასარგებლოდ გააკეთებს. 

მაჟორიტარული მანდატები

73 მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის სულ 816 კანდიდატი იბრძოლებს.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შესაბამის ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს პირველი ტურში გამარჯვების მისაღწევად. 

მეორე ტური საუკეთესო შედეგების მქონე ორ კანდიდატს შორის იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ პირველ ტურში 50%–იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ დაძლევს.

მეორე ტური პირველი ტურიდან მაქსიმუმ 25 დღეში უნდა გაიმართოს.

ადრე საარჩევნო ბარიერი 30% იყო, თუმცა 2015 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ის 50%–მდე გაიზარდა.

ბარიერის აწევამ მეორე ტურების ალბათობაც  გაზარდა; თითოეულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 6–დან 16–მდე მერყეობს.

კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პარლამენტმა წლის დასაწყისში ოლქების ახლებურად ფორმირებას დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც ოლქებს შორის  ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით არსებული უთანასწორობა მნიშვნელოვნად შემცირდა მცირე ოლქების გაერთიანების და მსხვილი ოლქების გაყოფის შედეგად.

შედეგად, ახალი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, უმეტეს შემთხვევაში, მუნიციპალურ საზღვრებს აღარ ემთხვევა.

ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეულ საარჩევნო ოლქში ყველაზე უმცირესში დაახლოებით 41 300–დან (თბილისის ერთმანდატიანი ოლქი, რომელიც ძირითადად ვაკის რაიონს მოიცავს) ყველაზე უმსხვილესში 53 400–მდე მერყეობს (გურჯაანის ერთმანდატიანი ოლქი).  ოლქების ახლებურად ფორმირებამდე ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით 150 000–დან 6 000–მდე მერყეობდა.

პროპორციული მანდატები

პარტიული სიით, ანუ პროპორციული სისტემით პარლამენტში სულ 77 ადგილია დასაკავებელი.

იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ მისაღები მანდატები, რომლებიც 5%–იან ბარიერს დაძლევენ, შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშება: პარტიის/ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 77–ზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე - მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

თუ პარტია/ბლოკი 5%–იან ბარიერს გადალახავს, მაგრამ ამ ფორმულით მისაღები მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აღმოჩნდება, ეს პარტია/ბლოკი მაინც 6 მანდატს მიიღებს არჩევნებში უკეთესი შედეგების მქონე სხვა პარტიების ადგილების ხარჯზე.   

ეს ნიშნავს, რომ 5%–იანი ბარიერის გადალახვა გარანტიას აძლევს პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომ ფრაქცია შექმნას პარლამენტში, რასაც მინიმუმ 6 დეპუტატის გაერთიანება სჭირდება.


არჩევნებში მონაწილე პარტიები და ბლოკები


 

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

საარჩევნო ბლოკები

საარჩევნო ბლოკი არის რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კოალიცია, რომელიც არჩევნებში ერთიანი ძალებით და სიით მონაწილეობს.

ქვემოთ მოცემულია 6 საარჩევნო ბლოკის სია:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – უმსხვილესი ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის გარდა ასევე შედის ევროპული საქართველო; საარჩევნო შედეგების მიხედვით, არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობა გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს ბლოკის უფრო მსხვილ პარტიას, როგორიცაა დამატებითი ადგილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატების პარტიული სია
  • პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის – საარჩევნო ბლოკი პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით 18 აგვისტოს შეიქმნა და თავდაპირველად ის ოთხ პარტიას აერთიანებდა: სახელმწიფო ხალხისთვის; ახალი საქართველო დეპუტატ გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის მაისში დატოვა; პარტია ახალი მემარჯვენეები, რომლის ლიდერიც ყოფილი დეპუტატი მამუკა კაციტაძეა და ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა 2015 წლის მაისში დატოვა. არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე „გირჩმა“  ბურჭულაძის ბლოკი დატოვა და 27 სექტემბერს საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.
    „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სია
  • დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია – ექვსი პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი, რომელიც პატრიოტთა ალიანსთან ერთად ასევე აერთიანებს თავისუფალ საქართველოს; ტრადიციონალისტებს; თავისუფლებას; ახალ ქრისტიან–დემოკრატებს და საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობას; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სია
  • ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობა“-მ შექმნა ნაკლებად ცნობილ პარტიასთან – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“; 
    ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის პარტიული სია
  • თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო – საარჩევნო ბლოკი, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის მრეწველთა პარტიამ და ზვიად ჩიტიშვილის „ჩვენმა სამშობლომ“ ჩამოაყალიბა; ჩიტიშვილი ბიზნეს საქმიანობას რუსეთში ახორციელებს და მას ორმაგი, რუსეთ–საქართველოს მოქალაქეობა აქვს; "ჩვენი სამშობლოს" ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა მსურველთათვის ორმაგი, რუსეთ-საქართველოს მოქალაქეობის უზრუნველყოფა;
    მრეწველები, ჩვენი სამშობლოს პარტიული სია
  • ჩვენები–სახალხო პარტია – საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარტიებმა „ჩვენები“ და „სახალხო პარტიამ“ შექმნეს. პარტიული სია

პარტიები 

ქვემოთ მოცემულია 19 პოლიტიკური პარტიის სია, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს:

  • ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - მმართველი პარტია, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა; ამჟამად პარტიის თავმჯდომარე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია; 
    ქართული ოცნების პარტიული სია
  • თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანიას მიერ შექმნილი პარტია, რომელიც ალასანიას თავდაცვის მინისტრობამდე, 2014 წლის ნოემბრამდე ქართული ოცნების მართველ კოალიციაში შედიოდა; 
    თავისუფალი დემოკრატების პარტიული სია
  • ლეიბორისტული პარტია - ლიდერი შალვა ნათელაშვილი;
    პარტიული სია
  • რესპუბლიკური პარტია - ივლისამდე ქართული ოცნების მმართველი კოალიციის წევრი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია;
    პარტიული სია
  • ეროვნული ფორუმი - ლიდერი გუბაზ სანიკიძე; აპრილამდე მმართველი კოალიციის წევრი;
    პარტიული სია
  • ერთიანი საქართველოსთვის – რომელიც პარტია ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დააფუძნა;
    პარტიული სია
  • სახალხო ხელისუფლება – პარტიის ერთ–ერთი ლიდერია ლევან მამალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო; 
  • საქართველოს მშვიდობისთვის – ლიდერი დავით თევზაძე, რომელიც 1998 წლიდან 2004 წლის დასაწყისამდე თავდაცვის მინისტრი იყო;
  • ზვიადის გზა – უფლის სახელით - ლიდერია მიხეილ-გელა სალუაშვილი, რომელმაც კანდიდატის რანგში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 0.08% დააგროვა;
  • საქართველო;
  • საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები;
  • საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია;
  • მშრომელთა სოციალისტური პარტია;
  • მერაბ კოსტავას საზოგადოება;
  • ქართული იდეა;
  • მემარცხენე ალიანსი - დაფუძნებული ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრების მიერ;
  • ჩვენი საქართველო;
  • ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი;
  • პროგრესულ -დემოკრატიული მოძრაობა.


საარჩევნო ადმინისტრაცია


 

საქართველოში სამსაფეხურიანი საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს – საუბნო საარჩევნო კომისიები, რომლებიც კენჭისყრის ადმინისტრირებას ახორციელებენ, საოლქო საარჩევნო კომისიები და ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო).

ცენტრალური საარჩევნო კომისია 13 წევრისგან შედგება, თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ჩათვლით, რომელსაც ეს თანამდებობა ხუთწლიანი ვადით  2013 წლის სექტემბრიდან უკავია.

ცესკოს 7 წევრს პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ.

ცესკოში საკუთარი წევრები შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს ყავთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო; ნაციონალური მოძრაობა; თავისუფალი დემოკრატები; კონსერვატიული პარტია (რომელიც პარტია ქართული ოცნების მოკავშირეა); რესპუბლიკური პარტია; მრეწველები და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა.

ცესკოს ხუთ წევრს პარლამენტი  პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს. 

ცესკოს მსგავსად, საოლქო და საუბნო კომისიებიც 13-13 წევრისგან შედგება, სადაც 7 წევრს ცესკოში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ.

საოლქო საარჩევნო კომისიების რაოდენობა 73-ს შეადგენს.

საქართველოში 3 634–ს  საუბნო კომისია მოქმედებს. ამასთან, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 40 ქვეყნის 47 ქალაქში 55 საარჩევნო უბანია გახსნილი, რასაც ემატება ორი უბანი ავღანეთში, სადაც ნატოს მისიაში ჩართული ქართველი სამხედროები მისცემენ ხმას.

ოფიციალური საბოლოო მონაცემებით, საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 884–ს შეადგენს. ცესკოს ინფორმაციით, საზღვარგარეთ 49 719 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.


აჭარის არჩევნები


   

8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის 21–წევრიანი უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება.

აჭარის არჩევნებში 11 პარტია და 4 ბლოკი იღებს მონაწილეობას.

ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საარჩევნო სისტემის მსგავსად, აჭარის არჩევნებიც შერეული სისტემით იმართება – უმაღლესი საბჭოს 15 წევრი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან და საარჩევნო ბლოკებიდან, რომლებიც აჭარაში 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
 
უმაღლესი საბჭოს 6 წევრი ირჩევა 6 მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში. კანდიდატმა პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33