Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელევიზიები პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ
/ 10 ივლ.'06 / 11:56
სივილ ჯორჯია

ორი კერძო ტელეკომპანია - "იმედი" და "რუსთავი 2" - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ყურადღების ცენტრში მოექცა.

მაშინ როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანია "იმედს“ გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფართოდ გაშუქების გამო "რევოლუციური განწყობის” შექმნაში ადანაშაულებენ, ოპოზიციამ "რუსთავი 2“ სამთავრობო ტელევიზიად მოიხსენია და ბოიკოტი გამოუცხადა. 

"რუსთავი 2“-მა, რომელიც ტელეკომპანია "იმედის“ მთავარი კონკურენტია, 6 ივლისს მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა, როდესაც პოპულარული თოქ-შოუ "თავისუფალი თემის“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება. მოტივად მან "ზოგიერთი სახელისუფლებო პირისგან“, რომელთა ვინაობაც მან არ გაამხილა, "მიუღებელი მოთხოვნების“ დაყენება დაასახელა.

ეკა ხოფერიას ბოლო თოქ-შოუს მთავარი თემა სანდრო გირგვლიანის მკვლეობის საქმე იყო. ხოფერიამ გადაცემის მსვლელობისას განაცხადა, რომ მას უნდოდა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მოწვევა გადაცემაში, რომელსაც გირგვლიანის ნათესავები, ოპოზიციური პარტიები და ადამიანის უფლებათა დაცველები გირგვლიანის მკვლელობის დაკვეთაში სდებენ ბრალს.

ხოფერიას თქმით, იყო "რამდენიმე მოთხოვნა და თხოვნა“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დათა ახალაია გადაცემის ბოლო სტუმარი ყოფილიყო, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მისთვის. მან ასევე გამოთქვა თავისი პირადი აზრი და განაცხადა, რომ "როდესაც ასეთი მკვლელობა ხდება, მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს“.

"რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ტაბატაძემ 7 ივლისს განაცხადა რომ ხოფერიას გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და კატეგორიულად უარყო ჟურნალისტზე რაიმე სახის ზეწოლა ხელისუფლების ან ტელევიზიის ხელმძღვანელობის მხრიდან.

"ერთგვარი ვაჭრობა ვინ იქნება პირველი სტუმარი და ვინ უკანასკნელი პროგრამაზე მუშაობისას ნორმალური პროცესია“, - განაცხადა ტაბატაძემ.

გავლენიანმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერიამ 7 ივლისს ასევე უარყო, რომ ხოფერიაზე რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

ოპონენტები ხშირად ადანაშაულებდნენ "რუსთავი 2“-ს სააკაშვილის ხელისუფლების ინტერესების გატარებაში. ქართულ მედიაში ყოველთვის არსებობდა მოსაზრება, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკასაც ნაციონალური მოძრაობის წამყვანი ფიგურები განსაზღვრავენ.

"რუსთავი 2“-ის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია, რომელიც ქართული მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია. "რუსთავი 2“-მა გააფართოვა თავისი სამაუწყებლო ბიზნესი მას შემდეგ, რაც ხალვაშმა ტელეკომპანია "მზის“ აქციების 78% შეისყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკა ხოფერიამ თავის განცხადებაში სიტყვა "ზეწოლის“ გამოყენებისგან თავი შეიკავა, ოპოზიციამ ჟურნალისტის გადაწყვეტილება მიიჩნია როგორც დადასტურება იმისა, რომ ტელეკომპანიას მთავრობა აკონტროლებს. 7 ივლისს ოპოზიციამ "რუსთავი 2"–ს ბოიკოტი გამოუცხადა.  

"დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ამ ტელეკომპანიასთან ყოველგვარ თანამშრომლობას, ჩვენ აღარ მივალთ სტუდიაში, არ მივცემთ ინტერვიუებს "რუსთავი 2“–ს, რადგანაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფად გადაიქცა“, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 7 ივლისს რესპუბლიკელებთან, კონსერვატორებთან, მრეწველებთან, პარტია თავისუფლების და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

იმავე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე მოიწვიეს  პრესკონფერენცია და მასმედია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიკერძოებულ გაშუქებაში დაადანაშაულეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება ტელეკომპანია "იმედზე" გაამახვილეს, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ტელეკომპანია იმედის ეთერში პირდაპირ ისმოდა მოწოდებები რევოლუციისკენ და მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ“.

ტელეკომპანია "იმედმა“ ფართოდ გააშუქა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესი და თანმდევი საპროტესტო აქციები.

"ვწუხვართ, რომ ასე შუქდება მოვლენები, მაგრამ ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხელისუფლება არ აპირებს რაიმე სახის ინსტრუმენტებს მიმართოს,“, - განაცხადა ბოკერიამ.

იმავე დღეს ტელეკომპანია "იმედმა“ ამ განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა. "იმედის“ პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანიის სახელით განცხადება გააკეთა.

"განცხადებები, რომ ტელეკომპანია რევოლუციისკენ მოუწოდებდა, აბსოლუტურად ყალბია. თუ ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, ჩვენ, ჟურნალისტები, მხოლოდ ვაშუქებთ ამას“, - განაცხადა გრიგოლიამ.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა 7 ივლისს განაცხადეს, რომ ქართული საინფორმაციო საშუალებების დიდმა ნაწილმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმო  ოპოზიციის საპროტესტო აქციების გაშუქებას, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის წარმატებულ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი უფრო ფართოდ გაშუქდა ამერიკაში, ვიდრე საქართველოში“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ხოფერიას განცხადებებმა გააღიზიანა, ტელეკომპანია "იმედზე“ იყარეს ჯავრი. და მინდა ყველას შევახსენო, რომ "იმედი“ პირველი იყო, რომელმაც [5 ივლისს] ბუში-სააკაშვილის მოლაპარაკებების შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მაშინ როცა სხვა ტელეკომპანიები იმ დროს [ფეხბურთის] მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს გადასცემდნენ“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ტელეკომპანია "იმედის“ კრიტიკა ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ გააძლიერეს, რაც მარტში ამ ტელევიზიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის შესახებ ინფორმაცია გააშუქა. ამ ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის უკან შესაძლოა რომ შს სამინისტროს ცალკეული მაღალჩინოსნები ყოფილიყვნენ. 

მარტში ტელეკომპანიის მფლობელმა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ხელისუფლება საჯაროდ გააკრიტიკა და მას "იმედზე“ ზეწოლაში დასდო ბრალი. აპრილში კი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მედია ჰოლდინგი "იმედის" აქციების შეძენას რუპერტ მერდოკის News Corporation-ი გეგმავს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22