ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 9 მარტს გამართულ აუქციონზე თბილისის იპოდრომის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი 1,2 ჰექტარი მიწის ფართობი 10 მლნ 20 ათას დოლარად შპს ”ჟოკეი კლუბმა”, 1998 წლიდან იპოდრომის დიდი ნაწილის მფლობელმა იყიდა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ”ჟოკეი კლუბმა” ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ჰექტარი მიწის ფართობზე უნდა უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების ახალი იპოდრომის გაშენება, რაზეც 5-7 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
”ჯოკეი კლუბი” ასევე ვალდებულებას იღებს თბილისის იპოდრომის ტერიტორიის დაახლოებით 20 ჰექტარი მიწის ფართობზე გამწვანება და თანამედროვე ტიპის პარკი გააშენოს.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის ინსტიტუტი”, რომელმაც 9 მარტს გამართული აუქციონი გააპროტესტა, აცხადებს, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე იგეგმება მასიური მშენებლობა და მწვანე ნარგავების განადგურება, რაც გააუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას თბილისში.
9 მარტს აუქციონის წესით ეკონომიკის სამინისტრომ ასევე გაყიდა რუსთაველის გამზირზე მდებარე ფოსტის შენობა 18 მლნ 100 ათას დოლარად. შენობა შპს ”ეფ ტელეკომმა” იყიდა.