Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთის პრემიერი მორიგ თავდასხმას გადაურჩა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ივლ.'07 / 11:04
სივილ ჯორჯია

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის მანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო, იტყობინება 9 ივლისს ”აფსნიპრესი”.  

ანქვაბის მანქანას გუდაუთასთან ახლოს მაშინ ესროლეს, როცა ის სოხუმში მიემგზავრებოდა. დაჭრილია ასევე მისი მძღოლიც; თუმცა არცერთი მათგანის ჭრილობა სიცოცხლისათვის საშიში არ აღმოჩნდა.

დე ფაქტო პრემიერზე თავდასხმა ხიდთან ახლოს, დაახლოებით დილის 8:15 საათზე მოხდა, აცხადებს ”აფსნიპრესი” შინაგან საქმეთა მინისტრის ოთარ ხეციას ინფორმაციაზე დაყრდნობით. ჯერ-ჯერობით ინციდენტის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ თავდამსხმელებზე ინფორმაციის სანაცვლოდ 500 ათას რუბლს (20 ათას აშშ დოლარზე მეტი) აწესებს ჯილდოდ. 

”ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თავიდან მოშორების არაერთი მცდელობა მხოლოდ ერთზე მეტყველებს: გარკვეული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ ხელი შეუშალონ გარდაქმნებს, მათ ხელს უშლის პრეზიდენტის გუნდის მუშაობა, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ რეფორმებზე და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ,”- განაცხადა ბაღაფშმა.

მისი თქმით, ვინც ამ თავდასხმის უკან დგას, მიზნად ისახავს აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ”შეგნებულად თუ შეუგნებლად ისინი იმავდროულად ასრულებენ იმ ქვეყნის პოლიტიკურ დაკვეთას, რომელთანაც აფხაზეთი ომის მდგომარეობაში იმყოფება”.

”ამ ტიპის ”ზეწოლის აქტები” ვერ აიძულებს [თვითგამოცხადებული]რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გადაუხვიოს არჩეული კურსიდან,”-დასძინა ბაღაფშმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც ბაღაფშისა და მისი გუნდის გამოუცხადებელ მოწინააღმდეგედ აღიქმება, ასევე დაგმო ანქვაბზე თავდასხმა, როგორც ”დესტაბილიზაციის მცდელობა”.

ალექსანდრე ანქვაბი ბოლო ორი წლის განმავლობაში სამ თავდასხმას გადაურჩა.

2005 წლის თებერვალში შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ანქვაბის ესკორტს სოხუმის მახლობლად 17 ტყვია ესროლა. თუმცა  პრემიერ-მინისტრი შემთხვევით გადარჩა, რადგან აფხაზეთის ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, იგი ინციდენტის დროს ვიცე-პრემიერის ლეონიდ ლაკერბაიას მანქანაში იჯდა და არა საკუთარში.

მაშინ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მის ახლო მოკავშირეზე განხორციელებული თავდასხმის უკან "კრიმინალური ელემენტები“ იდგნენ.

დე ფაქტო პრემიერზე მეორე თავდასხმა 2005 წლის 1 აპრილს განხორციელდა.  ოთხი მანაქანისაგან შემდგარ სამთავრობო კოლონას, სადაც იმყოფებოდნენ ალექსანდრე ანქვაბი და ვიცე–პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია, სოხუმის გასასვლელთან ცეცხლი გაუხსნეს.  

შემთხვევის შედეგად დაიჭრა ერთ–ერთი მანქანის მძღოლი.

27 ივნისს აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 20 ივნისს სოხუმის დასავლეთით, ”ახალი ათონის” სიახლოვეს აფეთქებული ნაღმის  - ”ფუგასის” - სამიზნე ასევე ალექსანდრე ანქვაბი იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ნაღმი სპონტანურად, მეხის დაცემის შედეგად აფეთქდა.

”ნათელია, რომ ის პირები, ვინც ამ თავდასხმების უკან დგანან, აფხაზი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. დუმილის შენარჩუნება იმ სიტუაციაში, როცა ყველამ იცის შეთქმულების შესახებ, არა მარტო ამორალური, არამედ სახიფათოცაა,” - განაცხადეს ინტელიგენციის წარმომადგენლებმა.

54 წლის ალექსანდრე ანქვაბმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტი 2005 წლის 14 თებერვალს დაიკავა. ის სერგეი ბაღაფშის აქტიური მოკავშირე და გავლენიანი პოლიტიკური პარტიის აიტარას ლიდერია.

2004 წელს მას პრეზიდენტად კენჭისყრა სურდა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო იმის გამო, რომ აფხაზურად ვერ საუბრობს და ვერ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ცენზი. შედეგად, ანქვაბმა არჩევნებში სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი.  
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18