Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია თავის პოზიციას ერთობლივ მემორანდუმში ასახავს
/ 12 თებ.'08 / 15:05
სივილ ჯორჯია

ამ დღეებში ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებთან და მათი შესრულების ვადებთან დაკავშირებით თავის პოზიციას წერილობითი ფორმით წარადგენს.

”ჩვენ წერილობით შევიმუშავებთ მემორანდუმის ტექსტს, რომელიც როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის იქნება სამოქმედო ვარიანტი, თუ რაზე ვართ შეთანხმებული,”- განუცხადა 12 თებერვალს დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ”ამ მემორანდუმში იქნება ჩამოყალიბებული კონკრეტული შეთანხმებების არსი და მისი შესრულების ვადები”.

მისი თქმით, ეს შეთანხმება 11 თებერვალს გვიან ღამით ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღწეული.

”გვიან ღამით შევძელით აგვეცილებინა თავიდან მოლაპარაკებათა პროცესის ჩიხში შეყვანა,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ერთობლივ მემორანდუმს სამუშაო ჯგუფები შეიმუშავებენ და ”მაქსიმუმ ზეგ”, 14 თებერვალს  საზოგადოება შეიტყობს მისი შინაარსის შესახებ. ბურჯანაძის განცხადებით, შეთანხმება მოსალოდნელია მოთხოვნათა უმეტესობაზე, რომელიც თორმეტმა ოპოზიციურმა პარტიამ 29 იანვარს გამოაქვეყნა 17-პუნქტიანი მემორანდუმის სახით.

”შეთანხმება ასეთია, რომ ხელისუფლება წერილობით წარმოადგენს კონკრეტულ საკითხებზე საკუთარ პოზიციას, კონკრეტული ვადების მითითებით, ამას განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და ამის შემდგომ გადაწყდება უკვე შემდგომი მოლაპარაკებების ბედი,”- განუცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

იმავდროულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 17-დან 13 საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

მემორანდუმის პირველი მოთხოვნა ეხება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადავო ოლქებში ამომრჩეველთა ხმების გადათვლას, მათ შორის საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეო-თვალის მონაცემების გამოყენებით.

მმართველი პარტია უარს აცხადებს ხმების გადათვლაზე. თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, რომელიც მოლაპარაკებებზე მმართველი პარტიის მხრიდან არის წარმოდგენილი, აცხადებს, რომ ვიდეო ჩანაწერები უკვე საჯაროა. ”მათ [ოპოზიციას] შეუძლიათ გაეცნონ მათ, შესაბამისი დასკვნებიც გააკეთონ და თუ რაიმე დარღვევებს აღმოაჩენენ, მათი გამოძიება მოხდეს,”- განუცხადა მან გაზეთ ”რეზონანსს”. ბეჟაშვილის თქმით, 4 პირის მიმართ უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი გამოძიება არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით.  კენჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა ოპოზიციის მემორანდუმის მეორე მოთხოვნაა.

ბეჟაშვილის განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია მესამე მოთხოვნასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, წარმოდგენილი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახლად არჩეული პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას ეხება. თუმცა ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცოს.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს გამოძიებულ იქნეს 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა,  პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის და ზეწოლის ფაქტები. მმართველი პარტია მზადაა, რომ ახალ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 7 ნოემბერს ძალის გადამეტების ფაქტებთან ერთად ასევე შეისწავლის ”მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის” საკითხებს. ”ნოემბრის მოვლენების გამოძიება კომპლექსურად უნდა მოხდეს,”- აცხადებს ბეჟაშვილი, ”საგამოძიებო კომისია კი ორივე მხრიდან [ხელისუფლება და ოპოზიცია] უნდა დაკომპლექტდეს”.

ოპოზიციის სურვილია კონტროლი დაწესდეს სამართალდამცავ სტრუქტურებზე, რასაც მმართველი პარტია ასევე მისაღებად მიიჩნევს, თუმცა არა იმ ვადებში, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს. ოპოზიცია  სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის სისტემის შექმნას მოითხოვს, კერძოდ,  პარიტეტულ საწყისებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის და მონიტორინგის რეგიონული საბჭოების სახით, რომლებიც გამოიძიებენ ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს. მათი მოთხოვნაა ასევე მოხდეს შინაგან საქმეთა სამინიტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) რეორგანიზაცია, რომლებიც ოპოზიციის განცხადებით, ხშირად გამოიყენება ”პოლიტიკური რეპრესიების” და ოპონენტების დევნის იარაღად.

”მიღწეულია შეთანხმება, რომ შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის განხორციელების წესს შეიმუშავებს,”- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი, ”შესაბამისად მას შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების რეორგანიზაციაც მოხდება. ამ საკითხზე კანონში შესატან ცვლილებაზე მომავალმა პარლამენტმა უნდა იმუშავოს”.

თუმცა ოპოზიციას ამ ცვლილებების განხორციელება გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებამდე სურს, რათა გაკონტროლდეს შსს-ს მოქმედებები საარჩევნო პერიოდში. საპრეზიდენტო არჩევნების დროს არა ერთი ბრალდება გაისმა იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ოპოზიციაზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

როგორც ჩანს, შეთანხმება მიღწეულია მოქმედი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის - მოგებულს ყველაფერი რჩება - რეფორმირებაზე იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად, რაც ოპოზიციის მემორანდუმის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ასევე არაა წინააღმდეგი გაიზარდოს ოპოზიციის წარმომადგენლობა ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში. ”მათ საოლქო საარჩევნო კომისიებშიც მივცეთ წარმომადგენლობის ყოლის უფლება, რაც დღემდე არ არსებობდა,”- აცხადებს ბეჟაშვილი.

თუმცა მმართველი პარტიის პოზიცია უცვლელი რჩება ოპოზიციის რიგ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით. ხელისუფლება უარს ამბობს თანამდებობიდან გაათავისუფლოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილი და ახლად დანიშნული გენერალური პროკურორი ეკა ტყეშელაშვილი. ჯერ-ჯერობით არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ხელისუფლება დააკმაყოფილებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის გადაყენების მოთხოვნას. ”პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაკავებული პირების” გათავისუფლების მოთხოვნაც კვლავ დავის საგნად რჩება.

რაც შეეხება ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნას თანამდებობა დატოვოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ეს მათ ძალებს აღემატება. მათი განცხადებით, მხოლოდ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აქვს იურიდიული უფლება დააკმაყოფილოს დირექტორის განცხადება გადადგომის თაობაზე. თუმცა ტელევიზიას ამჟამად სამეურვეო საბჭო არ ჰყავს და ახალი შემადგენლობა, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადების თანახმად, მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაკომპლექტდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33