Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი ”იმედის” ლიცენზიის შეჩერებაზე საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 თებ.'08 / 18:18

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი თხოვნით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეწყვიტოს ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის შეჩერების თაობაზე საქმის განხილვა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გასულ თვეს განაცხადა, რომ 15 თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე აპირებს განიხილოს ტელეკომპანია ”იმედის” სამაუწყებლო ლიცენზიის შესაძლო შეწყვეტის საკითხი. ტელეკომპანიის მფლობელი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია, რაც  კომისიის განცხადებით, მაუწყებლის შესახებ კანონის მიხედვით დარღვევაა, რადგან პოლიტიკური პარტია ან მისი წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს სამაუწყებლო ლიცენზიის მესაკუთრე.

”გადაწყვეტილება ბუნდოვანია,”- აცხადებს სახალხო დამცველი, ”ვინაიდან არ არის მინიშნებული, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი, ან რა პარტიული თანამდებობა უკავია მას”.

პატრაკაციშვილი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, თუმცა ის იყო პრეზიდენტობის კანდიდატი 5 იანვრის არჩევნებზე.

მეორეს მხრივ, აცხადებს სუბარი, ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის მფლობელი არის შპს ”ტელეიმედი”, რომელიც არ ატარებს პოლიტიკური პარტიის სტატუსს.

კიდევ ერთ არგუმენტად  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წინააღმდეგ სახალხო დამცველი ასახელებს ”მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც კომისია ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს მაშინ განიხილავს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. როგორც ცნობილია, ”ტელეიმედს“ არასოდეს ჰქონია დაკისრებული გაფრთხილება და ჯარიმა პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირის მიერ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობისათვის, აცხადებს სახალხო დამცველი.

8 თებერვალს გამოქვეყნებულ ცალკე განცხადებაში სოზარ სუბარმა მიმართა გენერალურ პროკურორს ეკა ტყეშელაშვილს შეისწავლოს ტელეკომპანია ”იმედის“ მიმართ კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან გამოჩენილი კანონდარღვევა. საუბარია ტელეკომპანიის 2 500 ლარით დაჯარიმებაზე იმის გამო, რომ გასული წლის ნოემბერში ”იმედის” ეთერში პატარკაციშვილის განცხადება გადაიცა, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, არეულობის გამომწვევი იყო.

სახალხო დამცველის განცხადებით, პატარკაციშვილის მიმართვა ტელეკომპანია ”იმედის“ ეთერში პირველად გადაიცა 2007 წლის 7 ნოემბერს, 18 საათსა და 28 წუთზე; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემოწმების აქტი შედგა 17 საათსა 40 წუთზე, ხოლო საგანგებო სხდომა ჩატარდა 18 საათზე.

”როგორც ჩანს კომისიამ 40 წუთით ადრე განსაზღვრა ”ტელეიმედის“ ეთერში არკადი პატარკაციშვილის განცხადების გადაცემის ფაქტი და შპს ”ტელეიმედს“ გაფრთხილება და ჯარიმა ისეთი ქმედებისათვის დააკისრა, რომელსაც მხოლოდ 28 წუთის შემდეგ უნდა ჰქონდა ადგილი,”- აცხადებს სოზარ სუბარი, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს: სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით”.


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33