Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი მმართველი პარტიის ხედვაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივნ.'10 / 17:04

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობაა ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის მართვის უნარი შესწევს, თუმცა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება პასუხისმგებელ პარტიებსაც შეეძლებათ, მაგრამ „ნურავის ნუ ჰგონია“, რომ „ჩვენ უარს ვიტყვით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაზე“. 

“ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში შეწყდეს განვითარება და წინსვლა. ამისათვის ჩვენი პოლიტიკური ძალა არის ერთადერთი, ვინც ამას უზრუნველყოფს,“– განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე.

“იმედი მაქვს, რომ რეფორმატორთა ჯგუფი პარტიების... გაფართოვდება და თუ დააკვირდით ამ არჩევნებზე მაინც ხალხმა მეორე და მესამე პარტიას მისცა [ხმა], ვიზეც ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ფუნდამენტურად ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ მთავარ რეფორმებს და რა თქმა უნდა, ყველას ექნება – ქართველ ხალხს და ყველა პასუხისმგებელ პარტიას მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალება,“– აღნიშნა მან.

“მაგრამ ნურავის ნუ ჰგონია, რომ ჩვენ ხელს ავიღებთ და უარს ვიტყვით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ სადღაც ქულები დავიწეროთ,“– განაცხადა სააკაშვილმა.

ეს განცხადებები პრეზიდენტმა ახალ საკონსტიტუციო მოდელზე საუბრისას გააკეთა, რომლის შექმნაშიც, მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიას სრული თავისუფლება ჰქონდა, რათა „არ ყოფილიყო რაიმე ზეწოლა ან რაიმე სახის ჩარევა“.
 
“შეიქმნა მოდელი, რომელიც მე არ წამიკითხავს ჯერ–ჯერობით, უნდა ვაღიარო, მაგრამ ვენეციის კომისიამ ძალიან მოიწონა,“– განაცხადა მან, „მთავარია მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში იყოს ყველა შემთხვევაში ძლიერი ხელისუფლების ცენტრი და ამავე დროს ყველა შემთხვევაში იყოს ხალხის ყოველდღიური კონტროლი ამ ხელისუფლების ცენტრის და პირდაპირი მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და ეს ნამდვილად არ არის უტოპია“.

მან მმართველი პარტიის დეპუტატებს ადგილობრივ არჩევნებზე მიღებული „ძალიან მაღალი პროცენტები“ მიულოცა.  „ეს არის იგივე, რაც იყო 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ე.ი ვარდები რევოლუციის შემდეგ ეიფორიის ფონზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე,“– აღნიშნა მან.

“კარგი ამ არჩევნებზე რაც მოხდა არის ის, რომ მარგინალებს და საქართველოს ხელახლა დამონების მსურველებს ჩვენმა ხალხმა გასცა ძალიან კარგი პასუხი. მეორე კარგი რამე რაც მოხდა არის ის, რომ მეორე, მესამე ადგილებზე და სხვა ადგილებზე გასულმა პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღიარა არჩევნების შედეგები,“– განაცხადა მან არჩევნების შედეგებზე საუბრისას.

“უცხოელების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არჩევნები ძალიან მოეწონა, მაგრამ ზოგიერთი ვაი ექსპერტი  ჩამოვა... და გეტყვის, რომ ‘არჩევნების ერთადერთი კარგი შედეგი იქნება მთავრობა რომ შეიცვლება. სხვანაირად თქვენ არა ხართ დემოკრატია’... ოღონდ რაღაცა არ გამხსენებია, რომ ვინმეს ეთქვა, რომ იაპონიაში დემოკრატია არ არის, სადაც 60 წელი მართავდა ერთი პარტია... რაღაც არ გამიგია, რომ გერმანიაში, სადავ ჰელმუტ კოლი და მისი ქრისტიან–დემოკრატები 17 წლის განმავლობაში მართავდა, ვინმეს ეთქვა, რომ გერმანიამ შეწყვიტა დემოკრატიად ყოფნა და გახდა დიქტატორი“.

“როგორ ხდება, რომ 7 წლის თავზე, 7 წელიც არ გასულა ჩვენი აქ [ხელისუფლებაში] ყოფნის და უცებ ყველა ამბობს, რომ რაღაც ზედმეტი მოუვიდათ,“– განაგრძო მან, "ე.ი. ვერ გწვდებიან და უნდათ რომ ჩამოგაგდონ იმის მაგივრად, რომ თვითონაც ავიდეს ამ დონეზე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველ ხალხს აჰყავს და ქართველ ხალხს ჩამოჰყავს, ან შეიძლება დავიღალოთ და ჩამოვიდეთ... ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და მაშინ ქართველი ხალხი დაგვიჭერს მხარს და თუ არადა ვიღაცა სხვას აიყვანს და ჩვენ ჩამოგვიყვანს ქვემოთ“.

მისი თქმით, მმართველი პარტია არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია საარჩევნო კამპანიის შემდეგ „მოეშვას“ და განვითარების „ძალიან მაღალი ტემპი“ არ შეინარჩუნოს.

“ჩვენს ხალხს უნდა ან ძალიან მაგარი მთავრობა ან მთავრობა ძალიან არ მოწონს. საკმარისია ძალიან წარმატებული ტემპიდან ცოტა შეანელო, რომ ეგრევე იწყება დიდი უკმაყოფილება და ხალხი ეგრევე გსჯის და ძალიან სწორედაც,“– განაცხადა მან.

“ან ჩვენ ვიქნებით ძალიან წარმატებულები ან საქართველო არ იქნება საერთოდ,“– განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგები, მეორეს მხრივ, „ძალიან მძიმე ტვირთია“ მაშინ, როცა ქვეყნის „ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული თავზეხელაღებული, ბრუტალური, ცბიერი მონღოლოიდური ტიპის პოლიტიკურის ძალი და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ“.

“ჩვენ გვაქვს ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი უშუალო მეზობლის [რუსეთის] მხრიდან, რომელიც შემოჭრილია და დაკავებული აქვს ჩვენი რამოდენიმე ოთახიანი ბინის ერთი ყველაზე დიდი ოთახი და კიდევ ბინის ცენტრში დერეფანი აქვს კიდევ დაკავებული,“– განაცხადა მან, „სრულიად უცერემონიოდ შემოსახლდა თვითონ ეს აბსოლუტურად არაცივილიზებული – მე ვლაპარაკობ არა ერზე ამ შემთხვევაში, არამედ ერის ხელმძღვანელობაზე... და არ მალავს, რომ აღიზიანებს ჩვენი ზედმეტი განათლებულობა, ცივილიზებულობა, წარმატებულობა და საერთოდ უნდა რომ გაგვისროლოს ამ ბინიდან და საერთოდ დაეპატრონოს ამ ბინას“.

“ნახეთ პოსტ–საბჭოთა სივრცეში რაც ხდება. რაც უფრო შეეცდები არ გააღიზიანო შენი მეტროპოლია, მით უფრო მეტროპოლიას შეიძლება არ მოეწონო და იმის გამო, რომ უბრალოდ მოწყენილია, ან ჭირდება უბრალოდ ყურადღების გადატანა... მაინც შემოყოფს ცხვირს, მაინც შეეცდება შენ არევას და მაინც შეეცდება ყველაფერ იმის გაკეთებას რაც იყო 1992–93 წლებში საქართველოში,“– განაცხადა მან.

თუმცა მისი თქმით, საქართველო აღარ გახდება „კორუმპირებული ნომენკლატურის მიერ მართული გაურკვეველი წარმონაქმნი“.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე ისაუბრა, რომ საქართველომ უნდა მიაღწიოს ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციას.

“კიდევ კარგი, რომ რუსეთმა გამოგვიცხადა ემბარგო [2006 წელს], თორემ ჩვენ შარშან მოგვივიდოდა სრული ეკონომიკური კოლაფსი,“– განაცხადა მან, „ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ არ ვიყოთ არცერთ ცენტრზე ჩამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურად და ყველა მიმართულებით ვიმუშაოთ, არ ვიყოთ მხოლოდ დღევანდელით კმაყოფილი და მუდმივად ვიმუშაოთ განვითარებაზე და მუდმივად მეტი გვინდოდეს; არ ვიყოთ რაღაც პანიკის მდგომარეობაში საფრთხე გვაქვს, მაგრამ არც არასოდეს არ მოვდუნდეთ, რადგან ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და გვჯეროდეს უსაზღვროდ საქართველოს მომავლის და გააზრებული გვქონდეს ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე და განვითარებაზე“.

მისი თქმით, ეკონომიკური კუთხით საქართველო სინგაპურის მოდელით უნდა განვითარდეს.

„როცა ვლაპარაკობთ რომ სინგაპურს უნდა შევხედოთ, პოლიტიკურად ჩვენ ვართ ევროპა, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ,“– განაცხადა მან, "რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა, რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე თავისუფალ ვაჭრობას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ერთბაშად არ მიიღწევა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უნდა შევქმნათ ცალკე რეგიონული გაერთიანება, რომელიც ყველა ამ ქვეყანას, რომელიც ჩვენ მდგომარეობაშია, ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით მიისწრაფვის ერთად დასვამს და მისცემს საშუალება მინიმუმ ერთმანეთთან ვილაპარაკოთ და ერთად შევიდეთ, ერთად დავუახლოვდეთ ევროპას“. მას ამ გეგმის დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35