პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის წინ 12 აგვისტოს დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელთა შორის ასევე იყვნენ ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ყოფილი შტაბის შენობიდან გუშინ გამოსახლებული დევნილებიც.
აქციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა გარე მოვაჭრეებმა, რომლებიც ქუჩის ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებდნენ.
მოვაჭრეებს შორის ბევრი დევნილია, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროსაც სწორედ გარე ვაჭრობა წარმოადგენს. ისინი გადასახადს არ იხდიან და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან თბილისის მერიის წინადადებას კეთილმოწყობილ ბაზრებში განაგრძონ საქმიანობა. ისინი ასევე სკეპტიკურად უყურებენ მერიის შეთავაზებას, რომ წლის ბოლომდე ბაზრებში არსებულ გადასახადებს მათ მაგივრად დედაქალაქის ბიუჯეტი გადაიხდის. თბილისში გარე ვაჭრობა რამდენიმე წლის წინ აიკრძალა – თავდაპირველად ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, თუმცა მოგვიანებით ეს მიდგომა შეიცვალა და გარე მოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობის გაგრძელების უფლება მიეცათ.
12 აგვისტოს საპროტესტო აქცია, წინა დღეებში გამართული რამოდენიმე სხვა აქციის მსგავსად, კონსერვატიული პარტიის აქტივისტის ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით გაიმართა. მისი თქმით, აქციები პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ყოველ ხუთშაბათს გაიმართება.