Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ისრაელის პრეზიდენტმა სააკაშვილთან დაპატიმრებული ბიზნესმენების საკითხი განიხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ოქტ.'10 / 17:15

ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ტელეფონით ესაუბრა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს, რათა გაერკვია საქართველოში დაპატიმრებული ისრაელის ორი მოქალაქის, ბიზნესმენების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის მდგომარეობა, იტყობინება ისრაელის მედია. 

ისრაელში გამომავალი გაზეთი, ”ჰაარეცი” პრეზიდენტ პერესის თანაშემწეზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მსგავსი საუბრები პრეზიდენტს, ჩვეულებრივ, თვეში ერთხელ აქვს, როდესაც მას საზღვარგარეთ დაკავებული ისრაელის მოქალაქეების ნათესავები მიმართავენ დახმარებისთვის.

"ეს არ არის ბიზნესმენების გათავისუფლების მცდელობა, არამედ ეს არის ჰუმანიტარული ხასიათის მიმართვა და თხოვნა, რომ [დაკავებულებს] ექიმთან შეხვედრის საშუალება ქონდეთ,“ – განუცხადა ისრაელის პრეზიდენტის თანაშემწემ ”ჰაარეცს”.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, იმ მოტივით, რომ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

"პრეზიდენტის სახელით, მხოლოდ ის შემიძლია განვაცხადო, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დროული რაიმე შეფასებების გაკეთება. არსებობს კანონი, რომელსაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს“, – განუცხადა Civil.ge-ს პრეზიდენტის პრესსპიკრემა, მანანა მანჯგალაძემ 19 ოქტომბერს.

ბიზნესმენი ისრაელიდან, რონ ფუქსი, რომელსაც მრავალმილიონიანი დავა აქვს საქართველოსთან, თავის პატრიორთან, ასევე ისრაელის მოქალაქესთან ზეევ ფრენკიელთან ერთად 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ავთანდილ ხარაიძის მოქრთამვის მცდელობაში დაადანაშაულეს.

16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა ისრაელის ორი მოქალაქის გირაოთი გათავისუფლებაზე და მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, კომპანია Tramex-ის თანამფლობელებმა ფუქსმა და მისმა ბერძენმა პარტნიორმა იოანის კარდასოპოლუსმა მათთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად, გადაწყვიტეს ზეევ ფრენკიელის მეშვეობით ავთანდილ ხარაიძისათვის 7 მილიონი აშშ დოლარის  ქრთამის მიცემა, რათა ამ უკანასკნელს „დაეყოლიებინა საქართველოს ხელისუფლება“, რათა მას არ გაესაჩივრებინა სააერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფოს ფუქსისა და კარდასოპოლუსისთვის 98.1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ეკისრება.

ქართულმა მხარემ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება; საჩივრის განხილვას კიდევ დამატებით 12–დან 18 თვემდე დასჭირდება.

საუბარია დავაზე, რომელიც 1996 წელს დაიწყო, როდესაც საქართველომ Tramex–თან გააუქმა გარიგება, რომლითაც ამ კომპანიამ 1992 წელს ქვეყნის ნავდობსადენის ქსელის და სხვა ენერგოპროექტების განხორციელების უფლება მოიპოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა ფუქსის ბერძენ პარტნიორს იოანის კარდასოპოლუსს. ეს უკანასკნელი ამჟამად ქართველი სამართალდამცავების მიერ იძებნება იმავე საქმესთან დაკავშირებით.

ფუქსი და მისი პარტნიორები უარყოფენ ბრალდებებს.

საქართველოში ფუქსის ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე დაპატიმრებას უკავშირებს იმ საქმეს, რომელიც ფუქსმა საქართველოს წინააღმდეგ მოიგო მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID).  

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ICSID–მ განაჩენი ფუქსის და კარდასოპოლუსის სასარგებლოდ გამოიტანა, საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წარმოებდა იმაზე, თუ როგორ უნდა მიეღოთ ბიზნესმენებს კუთვნილი თანხა. კბილაშვილის თქმით, ფუქსი საქართველოში ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოვიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 12 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან, ნიკა გილაურისგან მოწვევა მიიღო.

წერილში, რომელიც პრემიერ–მინისტრმა ფუქსს და კარდასოპოლუსს გაუგზავნა და რომელიც ადვოკატმა ჟურნალისტებს უჩვენა, ნათქვამია: "მტიცედ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა შეძლებს ხელი შეუწყოს ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანას. ასეთი შეხვედრა მოგვცემს საშუალებას განვიხილოთ ყველა დეტალი და უდავოდ იქონიებს პოზიტიურ გავლენას ამ საკითხის მეგობრულად მოგვარებაზე“.

"ამასთან დაკავშირებით, როგორც უკვე შევთანხმდით, ნება მომეცით ოფიციალურად მოგიწვიოთ ბათუმში 2010 წლის 14 ოქტომბერს, რათა ბოლომდე მივიყვანოთ საკითხის მოგვარება და გარიგების ხელმოწერა,“ – ნათქვამია წერილში.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან ამ საკითხზე კომენტარის მოპოვება ამ დროისთვის ვერ მოხერხდა.

ადვოკატი აცხადებს, რომ ამ წერილამდე მიდიოდა მოლაპარაკებები, რომლის თანახმადაც ფუქსს და მის ბიზნეს პარტნიორს საქართველოსგან უნდა მიეღოთ 98.1 მილიონი აშშ დოლარი – ICSID–ის მიერ დაკისრებული თანხმა, იმ პირობით, რომ ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 26.1 მილიონი აშშ დოლარი უკანვე დაუბრუნდებოდა საქართველოს ინვესტიციის სახით; ადვოკატის თქმით, სწორედ ინვესტიციისთვის განკუთვნილი თანხის ქრთამის სახით წარმოჩენას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება.

"[ბიზნესმენები] იმიტომ თანხმდებოდნენ შემცირებულ თანხას, რომ ამით დავა დასრულდებოდა, ისინი უფრო სწრაფად მიიღებდნენ ამ თანხას, ვიდრე დავის საბოლოო დასრულების შემდეგ უფრო მეტ თანხას,“ – განუცხადა კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს“ 18 ოქტომბერს.

ბიზნესმენების დაკავების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ფარული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია ფუქსის შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, რომელიც სექტემბერში სტამბოლში შედგა. საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი ის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის მორიგების მიღწევას ისახავდა მიზნად და სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მთავრობას წარმოადგენდა. იმ ნაწყვეტებში, რომელიც გავრცელდა, ფუქსი ეუბნება ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რომ მას 80 მილიონი აშშ დოლარის მიღება სურს და რომ შეუძლია უკან დააბრუნოს 80 მილიონის ზემოთ ასაღები თანხა.

როდესაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას, რომელიც ამჟამად ისრაელში იმყოფება, ისრაელის ორი ბიზნესმენის დაკავების შესახებ ჰკითხეს, მან განუცხადა გაზეთ ”ჰაარეცს”: "კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ქრთამის მიცემის მცდელობა კანონის ფარგლებში იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ფრენკიელი და ფუქსი უდანაშაულოდ არიან მიჩნეული მანამ, სანამ საპირისპირო არ იქნება დამტკიცებული. მათ ექნებათ შესაბამის დაცვის საშუალება, რათა თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცონ“.

18 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ "სამწუხაროა“, რომ ამგვარი ფაქტი მოხდა და იქვე დასძინა: "ეს არის ძალიან გამართული იურიდიული ფაქტი.”

”შედგა შეხვედრა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის, შედგა შეხვედრა ისარელის ელჩთანაც. ეს საკითხი დეტალურად იქნა განხილული. ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს წარედგინა ყველა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია და მტკიცებულება,“ – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66