დევნილი ნანა ფიფია დამწვრობის ცენტრში გასულ ღამეს გარდაიცვალა, სამი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც მან პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წინ.
აფხაზეთიდან დევნილმა სამინისტროს შენობის წინ 27 ოქტომბერს ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა – მან ამ ქმედებით გააპროტესტა სამინისტროს უარი, რომ მისთვის საცხოვრებელი ფართი თბილისში გამოეყოთ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ნანა ფიფიას დაღუპვასთან დაკავშირებით ”უზომო მწუხარება” გამოხატა.
”მის გადასარჩენად ყველაფერს ვეცადეთ. 24 საათიან მორიგეობის რეჟიმში ვიმყოფებოდით ჩვენც და საავადმყოფოც, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო. ოჯახს დავეხმარებით და ყველა საჭირო ხარჯს დავუფინანსებთ. მისი მკურნალობაც მთლიანად სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა, თუმცა, შედეგი ვერ მივიღეთ, რის გამოც უზომოდ ვწუხვართ,” ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.