თბილისის და მოსკოვის წარმომადგენლები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს ბერნში დღეს გამართავენ, განუცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა Civil.ge–ს.
მისი თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრემიერ–მინიტრის მთავარი მრჩეველი და ქართული მხარის მთავარი მომლაპარაკებელი ვმო–ს საკითხებზე თამარ კოვზირიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.
დეტალები უცნობი რჩება, თუმცა როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა 9 მარტს განაცხადა, ბერნის შეხვედრაზე არ იქნება განხილული "შინაარსობრივი“ საკითხები; მისი თქმით, პირველი შეხვედრა მოლაპარაკებების დღის წესრიგის შედგენას დაეთმობა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადეს, რომ თბილისის პოზიცია "უცვლელი“ რჩება და ის მოითხოვს სეპარატისტულ რეგიონებში "არსებულ გამშვებ პუნქტებზე გამჭირვალობასა და ასევე ქართული საბაჟო სამსახურების დაშვების უზრუნველყოფას როკისა და ფსოუს გამშვებ პუნქტებზე“.
თბილისში ასევე გამოითქმის ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე მოსკოვს "კომპრომისულ მოგვარებას“ შესთავაზებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსებას რუსეთ–საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე – ამგვარი მოდელი მოლდოვასა და უკრაინაში გამოიყენება ევროკავშირის სასაზღვრო მისიის ფარგლებში.
რუსული გაზეთი "კომერსანტი“ 10 მარტს რუსეთის საგარეო უწყების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თბილისის არც ერთი შემოთავაზება არ გამოიყურება რეალისტურად.
"ბერნში ქართული მხარე შეეცდება მიაღწიოს მებაჟეების განთავსებას რუსეთთან საზღვრის აფხაზური და სამხრეთ ოსური მონაკვეთების გარე პერიმეტრზე. ეს შეუძლებელია. ამაზე ჩვენ კი არ უნდა გველაპარაკონ, არამედ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლებებს,“ – წერს "კომერსანტი“ რუსი დიპლომატის სიტყვებზე დაყრდნობით.
იმავე წყარომ განუცხადა "კომერსანტს“, რომ შეუძლებელია ასევე ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსება.
"შეიძლება, რომ ევროკავშირის მისია, ვთქვათ, აფხაზურ საზღვარზე იყოს განთავსებული და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდეს აფხაზეთის ხელისუფლებასთან, რომელსაც არ ცნობს ევროკავშირი?“ – აცხადებს რუსი დიპლომატი.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის და დნესტრისპირეთისგან განსხვავებით, რუსეთს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან უმნიშვნელო სავაჭრო ბრუნვა აქვს.
"ამიტომ [საქართველოს მოთხოვნას] არაფერი აქვს საერთო ვმო–სთან დაკავშირებულ საკითხებთან... მათი მოთხოვნები რეალისტური უნდა იყოს,“ – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.