სამი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი შეთანხმება, რომელსაც რამდენიმე ოპოზიციური პარტია დაეთანხმა, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და "საარჩევნო გარემოში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას".
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 30 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ მოსაზრებებში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები გარკვეულ პოზიტიურ ინიციატივებს მოიცავს, ისინი "არასაკმარისია“.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სამი ორგანიზაცია აცხადებს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150–დან 190–მდე გაზრდის ინიციატივა რეფერენდუმზე გასატანი საკითხია და ამის გარეშე ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება იქნება რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის დარღვევა, რომელიც ამბობს, რომ რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება, ისევ ამ გზით შეიძლება შეიცვალოს.
“გაუგებარია რატომ ხდება შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ წინასწარ იმის დაპირება, რაც საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმის გზით უშუალოდ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა შეთანხმების ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ 2003 წლის რეფერენდუმი, რომელზეც პარლამენტის რიცხოვნობა 150 წევრით განისაზღვრა, არაკონსტიტუციური იყო და შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების მიღება არ საჭიროებს ახალ რეფერენდუმს.
ამასთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საარჩევნო სისტემაზე წარმოდგენილი წინადადებები ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია პარტიის მიერ მიღებული ხმებისა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებული მანდატების ერთმანეთთან პროპორციულობასთან.
სამი ორგანიზაცია, აქვე, მიესალმება ამომრჩეველთა სიებზე მომუშავე ჯგუფის შექმნის იდეას, რომელიც არჩევნებამდე მნიშვნელოვანი დროით ადრე დაიწყებს საქმიანობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს კომისია "ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემების საბოლოოდ აღმოფხვრას“.
“მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ამომრჩეველთა სიის შედგენაზე პასუხისმგებელი ერთი უწყება და უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა სიის ფორმირებაში მონაწილე მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან თავსებადობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის, შეთანხმებით გათვალისწინებული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა "არასაკმარისი მექანიზმია“, ხოლო მედია მონიტორინგის მექანიზმი, რასაც მოქმედი საარჩევნო კოდექსიც ითვალისწინებს, არ წარმოადგენს ისეთ "ნოვაციას", რომელიც "ფუნდამენტურად შეცვლიდა მედიის მხრიდან საარჩევნო თემატიკის გაშუქებასთან დაკავშირებულ პრობლემებს“.
სამი ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ ეთანხმება საარჩევნო შემოწირულობების გაორმაგების ინიციატივას ფიზიკური პირებისათვის 60 ათას ლარამდე, ხოლო იურიდიული პირებისათვის 200 ათას ლარამდე. დამკვირვებლები მოუწოდებენ დამოუკიდებელი ორგანოს შექმნისკენ, რომელსაც პარტიების დაფინანსებისა და მათი წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი დაევალება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საარჩევნო დავების განხილვის დადგენილი ვადების 2–დან 4 დღემდე გაზრდის ინიციატივას, თუმცა აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება არ არის საკმარისი დავებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, რადგანაც კანონმდებლობაში არსებული ნორმები "ბუნდოვანია და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა“.
"შემოთავაზებული დოკუმენტი სისტემურად არ ეხმიანება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის დახვეწა, ფინანსური მონიტორინგის მექანიზმების შექმნა და ა.შ.“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზადაა ჩაერთოს საარჩევნო გარემოს "რეალურად გაუმჯობესებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში", რისთვისაც "აუცილებელია დისკუსიის გაგრძელება“.
“დათქმა იმის თაობაზე, რომ წარდგენილი წინადადებების გარდა სხვა საკითხებზე შეთანხმება აღარ მოხდება, მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული პუნქტები ის მაქსიმუმია, რაზეც შეთანხმება შესაძლებელი იყო და ახლა უკვე მათი კანონმდებლობაში ასახვის მომდევნო ეტაპი იწყება.