შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ოთხი ფოტოკორესპონდენტი.
შსს–ის ცნობით დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში; ირაკლი გედენიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი; მისი მეუღლე, გაზეთ "პრაიმტაიმის" ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე; და გიორგი აბდალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი.
„დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება“, – ნათქვამია შსს–ის მოკლე განცხადებაში.
ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა დილიდან ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, მეხუთე დაკავებულის "ასოშიეითედ პრესის" ფოტორეპორტიორის შაჰ აივაზოვის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ შსს–ის მოდულის შენობიდან გაათავისუფლეს.