Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ობამა თეთრ სახლში სააკაშვილს უმასპინძლებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 იან.'12 / 18:41


პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ლისაბონში, ნატოს სამიტის ფარგლებში, 2010 წლის 19 ნოემბერს. ფოტო: თეთრი სახლი/ პიტ სოუზა

პრეზიდენტი ობამა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 30 იანვარს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში უმასპინძლებს, სადაც მთელი რიგი საკითხები იქნება განხილული, დაწყებული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობიდან და დამთავრებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ოფიციალური ვიზიტით, ოვალურ დარბაზში შეხვედრისთვის მიიწვია პრეზიდენტი სააკაშვილი. 

ორ პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა 2010 წლის ნოემბერში ლისაბონში ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა. 2011 წლის იანვარში ორმა პრეზიდენტმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა ვაშინგტონში ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის  ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ.

თეთრმა სახლმა განაცხადა სამშაბათს, რომ 2012 წელს აღინიშნება აშშ–ის და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავი და ორი პრეზიდენტი „ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების გზით“ 2009 წელს ხელმოწერილი აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შედგომი გაძლიერების საკითხს განიხილავს.

„პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ჩვენი  თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

„პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

„პრეზიდენტს ასევე სურს საქართველოს მომავალი არჩევნები და რეფორმები განიხილოს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ ტრანსფორმაციას აქტიურ და სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

პრეზიდენტი სააკაშვილი თავის ამერიკელ კოლეგასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრებს აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კონტექსტში, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.    

„ორი ქვეყნის ლიდერი მრავალ საკითხს, მათ შორის, ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების გზებს განიხილავენ“, – ნათქვამია განცხადებაში. „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მისი დემოკრატიული რეფორმებისა  და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე  წინსვლისათვის  საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ ეს შეხვედრა დაიგეგმა: ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 18 იანვარს.

მისი თქმით, სააკაშვილის ვიზიტის დროს განსახილველ თემებს შორის ის საკითხებიც იქნება, რომლებიც „მუდმივადაა ჩვენს დღის წესრიგში, რაც არის ჩვენი ერთობლივი პარტნიორობა უსაფრთხოებისადმი არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად“, როგორც ამ რეგიონში, ისე სხვაგან, მაგალითად ავღანეთში, სადაც წელს საქართველო თავისი კონტიგენტის ზრდას გეგმავს, დაახლოებით, 1 685 სამხედრომდე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრებთ იმ გზებზე, რომლითაც აშშ შეძლებს განაგრძოს აქ, საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა ისე, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას არა მხოლოდ საკუთარი მომავლის არჩევის თავისუფლება ჰქონდეს, არამედ ამის გაკეთება ისეთ გარემოში მოუწიოთ, სადაც მათ შეეძლებათ მეტი კეთილდღეობის მიღწევა და სადაც ექნებათ იმის თავისუფლება, რომ თავიანთი მომავალი ლიდერები თავადვე აირჩიონ“, – განაცხადა ელჩმა.

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში წელს იგეგმება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41