Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 დეკ.'12 / 20:27

პარლამენტმა 7 დეკემბერს 82 ხმით 18–ის წინააღმდეგ ახალ სახალხო დამცველად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი უჩა ნანუაშვილი დაამტკიცა. 

38 წლის ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია.

ნანუაშვილის კანდიდატურას არ დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, ვინაიდან მათი თქმით, იგი ვერ იქნება „ნეიტრალური“ სახალხო დამცველის პოსტზე და მიკერძოებულად იმუშავებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

ნანუაშვილმა განუცხადა დეპუტატებს 7 დეკემბერს, რომ არჩევის შემთხვევაში მისი პრიორიტეტები იქნება სახალხო დამცველის აპარატის გარდაქმნა უფრო „პროაქტიურ“ ინსტიტუტად, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური ორგანიზაციების გაძლიერება და საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის გაზრდის ხელშეწყობა.

მისი თქმით, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებების და პატიმართა მოპყრობის მონიტორინგს ახორციელებს, უფრო ეფექტური უნდა გახდეს.  მან ასევე განაცხადა, რომ ამ მექანიზმმა არსებული ფორმით ვერ შეძლო აღეკვეთა და სათანადოდ გაეკონტროლებინა პატიმართა ცუდი მოპყრობის შემთხვევები.

6 დეკემბერს ნანუაშვილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეხვდა, რომელთაც მას სხვადასხვა საკითხების თაობაზე ჰკითხეს, დაწყებული წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებებით და დამთავრებული მისი პოზიციით სეპარატისტულ რეგიონებზე.

როდესაც მას 6 დეკემბრის მოსმენის დროს ჰკითხეს, ფიქრობდა თუ არა ის, რომ ბოლო დროინდელი დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ნანუაშვილმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა.  

მისი თქმით, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ ეს დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულია, იგი პირველი იქნება, ვინც ამის თაობაზე განაცხადებს.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ „სერიოზული კითხვის ნიშნებია“ შსს–ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ დააკავეს და შემდეგ გირაოთო გაათავისუფლეს იმ ბრალდებების გამო, რომელიც ეხებოდა იარაღის და ნარკოტიკების უკანონო შენახვას; მოგვიანებით მას გაფლანგვის ბრალიც წაუყენეს.

„გუნავას საქმესთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება“, – განაცხადა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ იგი თვალს მიადევნებს ამ საქმეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნანუაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ იყო კავშირში – ამ ბრალდებას ნანუაშვილი უარყოფს. ნანუაშვილის თქმით, იგი მოწვეული ექსპერტი იყო საზოგადობრივ მოძრაობაში „ქართული ოცნება“, რათა ადამიანის უფლებათა საკითხებზე თავისი გამოცდილება გაეზიარებინა. მან ასევე განაცხადა, რომ მას ამ საქმეში არანაირი თანხა არ აუღია და დასძინა, რომ იგი მზად არის ნებისმიერ სხვა პარტიასაც გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება შეთავაზების შემთხვევაში.

ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც დაგმო საჯარო მოხელეების გათავისუფლება სამსახურებიდან მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენიმე გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენაც კი მოახერხა.

ნანუაშვილმა ახალი მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა სოფელ ნიგვზიანში გასულ თვეში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც აჭარელ მუსულმანებს, რომლებიც სოფელ ნიგვზიანში 90–იანი წლების დასაწყისში გადმოსახლდნენ, ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ  ერთ–ერთ სახლში, სადაც მუსულმანური სამლოცველო იყო მოწყობილი, ლოცვის საშუალება არ მისცა.          

ანალოგიური ინციდენტი ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ წინწყაროშიც მოხდა, სადაც ადგილობრივი მართლმადიდებლური მოსახლეობა აჭარიდან ჩამოსახლებულ მუსულმანებს დაემუქრა, რომ შეეწყვიატათ ლოცვების ჩატარება მუსულმანურ სამლოცველოდ გადაკეთებულ სახლში. 7 დეკემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დროს „რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება აშკარად პროვოკაციის ნიშნებს ატარებს“ და პირობა დადო, რომ „ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს ვინმესთვის ამ უფლების შეზღუდვას“.

როდესაც ნანუაშვილს „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ასეთი რამ უნდა დაიგმოს.

6 დეკემბერს გამართული მოსმენის დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მას „ბოდიშის მოხდის კამპანიის“ შესახებაც ჰკითხეს. ეს კამპანია ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2007 წლის მარტში დაიწყო, რომელშიც ქართული მხარის მიერ დაშვებული შეცდომების გამო, რამაც 90–იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია, ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებდა. იმ დროს ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც მაშინ მმართველი პარტია იყო, კამპანია მკაცრად გააკრიტიკა.

ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართულმა სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს აფხაზებს და ოსებს, ასევე ქართველ ხალხს, ვინაიდან ქართულმა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ხალხების უფლებების დაცვა და ისინი საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს. მისი თქმით, პასუხისმგებლობის აღება სიძლიერის ნიშანია და ნდობის აღსადგენად მეტ შესაძლებლობებს ქმნის.

ნანუაშვილის თქმით, ეს არ არის მხოლოდ კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, არამედ ეს არის ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტი; თუმცა, მისი თქმით, რუსეთის ფაქტორი მთავარია, ვინაიდან მან პროვოცირება გაუკეთა ამ კონფლიქტს.  მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფაქტორი რომც გაქრეს, აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა გაჭირდება, რადგანაც ეს ეთნიკური კონფლიქტის ელემენტსაც შეიცავს.

სწორედ ნანუაშვილის ეს პოზიცია დაასახელა საპარლამენტო უმცირესობამ მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარის თქმის ერთ–ერთ მიზეზად; სხვა მიზეზებს შორის ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე დაასახელა მისი კავშირი „ქართულ ოცნებასთან“ და რომ ის ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებული იქნება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაასრულოს ის პრაქტიკა, როდესაც წინა პარლამენტი მხოლოდ „ცნობად იღებდა“ სახალხო დამცველის ანგარიშებს.

მისი თქმით, ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ დაუყონებლივი რეაგირება უნდა მოახდინოს სახალხო დამცველის ანგარიშებში დასმულ საკითხებზე.  

ნაციონალურ მოძრაობას ომბუდსმენობის საკუთარი კანდიდატი არ წარუდგენია. 

საპარლამენტო უმრავლესობამ ნანუაშვილი, რომელსაც მხარს უჭერდა 24 არასამთავრობო ორგანიზაცია, სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებულ რამდენიმე პრეტენდენტს შორის შეარჩია. 

პოტენციურ კანდიდატებს შორის იყო თამარ გურჩიანი, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო ჯგუფი უჭერდა ასევე მხარს.

დასახელებულ კანდიდატებს შორის იყვნენ ასევე ნინა ხატისკაცი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე; ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი; ნათია იმნაძე, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელი; და ლია მუხაშავრია ორგანიზაციიდან „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“.

თავდაპირველად, საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ობუდსმენის კანდიდატად ნინა ხატისკაცს უჭერდა მხარს, თუმცა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინიტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ ისინი სხვა კანდიდატურებსაც მოუსმენდნენ.

სახალხო დამცველის პოსტი 20 სექტემბრიდან იყო ვაკანტური მას შემდეგ, რაც ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა, ციხის სკანდალის შემდეგ. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ტუღუშს, რომელმაც მინისტრად სულ ხუთი კვირა იმუშავა, ვიდრე ის ასევე ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა შეცვალა მინისტრის პოსტზე, სახალხო დამცველის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება არ ჰქონდა დაწერილი, რის გამოც ახალმა პარლამენტმა მას უფლებამოსილება ვადამდე საგანგებო გადაწყვეტილებით შეუჩერა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38