Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და „რუსთავი 2“–ის დირექტორი დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 დეკ.'12 / 18:43


მარცხნივ ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და მთავრობის ყოფილი წევრი; და მარჯვნივ ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. 

ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და ნიკა გვარამია, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელია და 2009 წლის ბოლომდე მთავრობის წევრი იყო, ასევე კიდევ სამი პირი სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააკავეს, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.

დაკავებულებს შორის ასევე არის კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი.  კომპანიის აქციების 75%–ს რუსული სახელმწიფო კომპანია “ინტერ რაო” ფლობს.

ასევე დაკავებულია აუდიტორული კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელი და 2005–2008 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენია.

ყველა მათგანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ 2012 წლის ზაფხულში მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა კორუფციული გარიგება დადო „თელასთან“, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება „თელასში“, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", და შპს "მტკვარი ენერგეტიკაში" და შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს „ინტერ რაოს“ წარმომადგენელი ვადიმ მიტიუშინი დაუკავშირდა და დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, დევი კანდელაკი, რომელიც იმ დროს „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“ და „მტკვარი ენერგეტიკის“ დირექტორი იყო, ასევე ჩართული იყო ამ „დანაშაულებრივ მოლაპარაკებებში“, რომელმაც ზემოხსენებული მიზნისთვის, ალექსანდრე ხეთაგურს შესთავაზა, რომ „ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სახელმწიფოს მიეცა თანხმობა საგადასახადო შეთანხმებაზე დიალოგის დასაწყებად და შესაბამისად, არ მოხდარიყო ათობით მილიონი ლარის დარიცხვა“.

„ხეთაგური დაეთანხმა ამ წინადადებას“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

ამავე განცხადების თანახმად, ხეთაგურმა სთხოვა თავის ახლობელს ნიკა გვარამიას, რომელიც 2007 წელს მთავარი პროკურორის მოადგილე, 2008 წელს იუსტიციის მინისტრი და 2009 წლის ბოლომდე განათლების მინისტრი იყო, კანდელაკთან მოლაპარაკებებში ჩართულიყო და 1 მილიონი აშშ დოლარის მისაღებად კონკრეტული გეგმა შეემუშავებინა.

ნოემბრის შუა რიცხვებში ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი გახდა.

„ამის შემდეგ,  გვარამია დაუკავშირდა თავის მეგობარს, გიორგი ნემსიწვერიძეს და შეუთანხმდა ფიქტიურად შეექმნა ცრუ მეწარმეობის მიზნით შპს "ელენდეფ სერვისი", რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა და რისი გამოცდილება ან თუნდაც მცირე კვალიფიკაციაც კი ამ უკანასკნელს არ გააჩნდა, რაც ნ. გვარამიამ თავიდანვე იცოდა. შპს "ელენდეფ სერვისი" ნ. გვარამიას გადაცემული თანხით 2012 წლის 26 ივლისს 15:56 წთ დარეგისტრირდა გ. ნემსიწვერიძის სახელზე. ამის შემდეგ, აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის ანგარიშზე, თითქოს როგორც ამ სამუშაოების შესრულების ერთადერთ წყაროსთან, რაც თავიდანვე სიცრუე იყო, "ინტერ რაო ესის" კუთვნილი ენერგოკომპანიებიდან სს "ხრამჰესს 1," "ხრამჰესი 2", ასევე " მტკვარი ენერგეტიკიდან" და "თელასიდან" თანხები გადაირიცხა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რომ 2012 წლის 30 აგვისტოს ნემსიწვერიძემ „ელენდეფ  სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას. ნემსიწვერიძე ასევე დაკავებულია. 

ალექსანდრე ხეთაგური, რომელმაც ენერგეტიკის მინისტრად დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში იმუშავა, აგვისტოს შუა რიცხვებში დაინიშნა ფინანსთა მინისტრად და ამ თანამდებობაზე იმუშავა მანამ, სანამ ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სქემის ბოლო ეტაპზე გვარამიამ სთხოვა თავის მეგობარს, კახა დამენიას ასევე ჩართულიყო "დანაშაულებრივ სქემაში" და შპს " ელენდეფ სერვისთან" დაედო ფიქტიური ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებები სს " ხრამჰესი 1", სს "ხრამჰესი 2", შპს "მტკვარი ენერგეტიკასა" და სს "თელასში" საკონსულტაციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12