Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
წინააღმდეგობის მიუხედევად მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ორი წლით გადავადდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 დეკ.'13 / 21:34

პარლამენტმა 71 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე  გადავადების თაობაზე იმ ფონზე, როცა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ნაციონალური მოძრაობა და უფლებადამცველი ორგანიზაციები.

მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განისაზღვრა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით. ამ წესის ამოქმედება 2013 წლის 31 დეკემბრიდან იგეგმებოდა.  

თუმცა კიდევ ორი წლით ძალაში დარჩა ამჟამად მოქმედი წესი, რომლის მიხედვითაც მოწმეები ვალდებულნი არიან მისცენ ჩვენება ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე, ხოლო მათ გამოუცხადებლობას შესაძლოა მოყვეს სამართალდამცველ ორგანოებში იძულებით მიყვანა ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, შესაძლოა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც  დადგეს.

მთავრობის განცხადებით, ამ წესის კიდევ ორი წლით შენარჩუნება განპირობებულია იმით, რომ სასამართლო სისტემა არ არის მზად ახალი პროცედურების განხორციელებისთვის და მეორეს მხრივ, ეს ხელს შეუშლის გამოძიების ეფექტურად წარმართვას.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილების მიღებას იმ მოტივით, რომ ეს იყო პროკურატურისთვის ბერკეტის დატოვება, რათა მან პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნა განაგრძოს მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის გზით.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „სრულ კარტბლანშს აძლევს“ პროკურატურას. „ამით ხდება მომართვა რეპრესიული მანქანისა, რომ განადგურდეს პოლიტიკური ოპონენტი [ნაციონალური მოძრაობა]“, - განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მოუწოდებდნენ კოლეგებს ქართული ოცნებიდან, რომ აღარ გადაევადებინათ ახალი წესის ამოქმედება და გამონაკლისის სახით სთავაზობდნენ, რომ მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე დაეტოვებინათ მოქმედი პროცედურები.  

იმავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, მათ შორის  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტს არ გაეზიარებინა მთავრობის ინიციატივა.

„მოწმის დაკითხვის ახალი წესის 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადება ცალსახად უარყოფითი ფაქტია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. ამასთანავე აღნიშნული ცვლილების მიღება შეაფერხებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებას და კიდევ ერთხელ გაახანგრძლივებს სისხლის სამართლის პროცესში მხარეების არათანასწორ მდგომარეობას“, - ნათქვამია 26 დეკემბერს უფლებადამცველთა მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. 

უფლებადამცველთა თქმით, ახალი წესის ამოქმედების პერმანენტული გადავადება „ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის ნებას დაამკვიდროს ადამიანის უფლებების დაცვის აღიარებული სტანდარტები“, საზოგადოებაში კი „უსამართლობის შეგრძნებას ამკვიდრებს“.

26 დეკემბერს მიმდინარე მწვავე საპარლამენტო განხილვის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის მიღების წინააღმდეგ აქცია განახორციელეს და სხდომათა დარბაზში გადაფინეს პლაკატები სახელწოდებით:  „დაიცავი დაცვის უფლება“; „ადამიანის უფლებები 2 წელი ვერ მოიცდის“; „უთხარი უარი გადავადებას“. თუმცა მათი ეს ქმედება მალევე აღკვეთა პარლამენტის მანდატურის სამსახურმა, როგორ სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, იმის გამო, რომ ეს აქცია არ იყო წინასწარ შეთანხმებული.

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ვახტანგ ხმალაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ახალი წესის გადავადებაზე მთავრობის წინადადების მიმართ მისი განწყობაც უარყოფითი იყო, თუმცა ამ ინიციატივას საბოლოოდ დათანხმდა, რადგან 2013 წლის 31 დეკემბრიდან ახალი წესის ამოქმედებას სასამართლო სისტემა სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდებოდა, რაც თავის მხრივ, საგამოძიებო პროცესის „პარალიზებას“ გამოიწვევდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა რამოდენიმე დღის წინად განაცხადა რომ სასამართლო ახალი სისტემისთვის მზად არის.

ხმალაძემ განაცხადა, რომ მას მოწმეთა დაკითხვის არც ახალი და არც მოქმედი წესი არ მოსწონს. მისი თქმით, მთავრობამ გაიზიარა იურიდიული კომიტეტის რეკომენდაცია, რომ „მაქსიმალურად მოკლე ვადაში“ მომზადდეს მოწმეთა დაკითხვის სრულიად ახალი მოდელი, რომელიც ერთის მხრივ, უზრუნველყოფს რაიმე სახის ზეწოლისაგან მოწმეთა დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ, არ დააზიანებს საგამოძიებო პროცესს.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7