Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აქტივისტები დაკავებებს, ეკლესიის ორგანიზებულ მსვლელობას პერფორმანსებით პასუხობენ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს
Civil Georgia, Tbilisi / 17 მაი.'16 / 21:22


დემონსტრანტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პლაკატებით ხელში ითხოვენ დაკავებული ლგბტ აქტივისტების გათავისუფლებას, 17 მაისი, 2016 წელი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პოლიციამ სამშაბათს გამთენიისას ათი ლგბტ აქტივისტი დააკავა საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან წარწერის „ყველა სიყვარული თანასწორია“ გაკეთებისთვის და ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ქუჩების ცისარტყელას ფერებში მოხატვისთვის.

აქტივისტებს, რომელთაგანაც შვიდი საპატრიარქოსთან დააკავეს, ხოლო დანარჩენი სამი თავისუფლების მოედნის მახლობლად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით წარუდგინეს ბრალი, რომელიც საჯარო ადგილებში სხვადასხვა სახის წარწერების ან ნახატების თვითნებურ შესრულებას ეხება. რამდენიმე აქტივისტს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.

მოგვიანებით იმავე დღეს ყველა მათგანი გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.


აქციის მონაწილეები ცისარტყელას დროშით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ, 17 მაისი, 2016 წელი. ფოტო: ლადო გოგიაშვილი 

სამი წლის წინ იმავე დღეს აქტივისტების მცირე ჯგუფს, რომელსაც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა უნდოდა თავისუფლების მოედანზე, მართლმადიდებელი სასულიერო პირების წინამძღოლობით კონტრაქციის ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დასაპირისპირებლად საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2014 წლის 17 მაისს „ოჯახის დღე“ დააწესა, რომელიც მაშინ დიდი აქციით აღინიშნა, რომელსაც სასულიერო პირები უძღვებოდნენ და რომელიც შემდეგ ანტი–ლგბტ დემონსტრაციაში და პროტესტში გადაიზარდა. ჰომოფობიური ძალადობის შიშით ლგბტ აქტივისტებმა გადაწყვიტეს 2014 წელს არ აღენიშნათ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ქუჩის აქციებით. მომდევნო წელს აქტივისტებმა ეს დღე ქალაქის სხვადასხვა ადგილებში აღნიშნეს, მათ შორის მრგვალ ბაღში, სადაც დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები.

წელს ლგბტ აქტივისტების ჯგუფს რუსთაველის გამზირზე სურდა შეკრება, თუმცა ხელისუფლებამ მათ ამ თხოვნაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ეს ადგილი უკვე დარეზერვებული ჰქონდა მართლმადიდებელ ჯგუფს, რომელიც იქ ოჯახის დღის აღნიშვნას გეგმავდა. სანაცვლოდ, ლგბტ აქტივისტებს სხვა ადგილას შესთავაზეს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა, მათ შორის მრგვალ ბაღში; თუმცა მათ ეს შემოთავაზება არ მიიღეს იმის გამო, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოების გარანტიებს იმ ადგილას, რომელსაც ისინი დაჟინებით ითხოვდნენ.

„სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური ჯგუფის მხრიდან საჯარო სივრცის მონოპოლიზების მცდელობებს სახელმწიფო არ უპირისპირებს ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე დამყარებულ პოლიტიკას, რითაც ახალისებს ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ ჯგუფებსა და იდეებს საზოგადოებაში.“, – განაცხადა რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ 17 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

 „სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის პირობებში, თემის წევრების ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ დაბალია და რეალურად ისინი მარტოები და დაუცველები რჩებიან ძალადობისა და ჩაგვრის პირისპირ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რვა ორგანიზაციამ გაავრცელა, რომელთა შორის არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; იდენტობა; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სინანული გამოთქვა თავის განცხადებაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა „ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა“.

„შემაშფოთებელია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომოფობიური განწყობები საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და  ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელების ხელშეწყობას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და ასევე მოუწოდა იმის გამოძიებისკენ, რომ პოლიციამ ჰომოფობიური ენა გამოიყენა სამშაბათს გამთენიისას ათი აქტივისტის დაკავებისას.


კადრი YouTube-ზე ატვირთული ვიდეოდან, რომელშიც გადაღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოწყობილი იმპროვიზირებული აქცია საქართველოში ლგბტ პირების უფლებების დარღვევის გასაპროტესტებლად, 17 მაისი 2016 წელი. 

რამდენიმე აქტივისტმა სატირული წარმოდგენა მოაწყო პროტესტის გამოსახატად. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გამართულ წარმოდგენაში, მართლმადიდებელი მღვდლის მსგავსად ჩაცმული მამაკაცი იმიტირებულ გასვენებას მიუძღვის, სხვებს კი სახელმწიფოს გამომსახველი კუბო უჭირავთ, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების გარანტიები მათთვის, ვისაც რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა სურდათ.

ცალკე გამართული აქციის დროს რამდენიმე აქტივისტმა სასტუმრო „რედისონის“ წინ ცისარტყელას ფერებში მოხატული სკამი ე.წ „ტაბურეტი“ მიიტანეს, სადაც ოჯახების მსოფლიო კონგრესი ყოველწლიურ სამიტს მართავდა.


ცისარტყელას ფერებში შეღებილი "ტაბურეტი" სასტუმრო "რედისონის" წინ, თბილისი, 2016 წლის 17 მაისი. ფოტო: ეკა ჭითანავა 

„ტაბურეტი“ 2013 წლის ჰომოფობიური ძალადობის სიმბოლო გახდა, როდესაც ერთი სასულიერო პირი ლგბტ აქტივისტებს „ტაბურეტით“ ხელში გაეკიდა და იმ ავტობუსს ურტყამდა, რომლითაც აქტივისტები აქციის ადგილიდან გაყავდათ. მარიამ კვარაცხელიამ, ერთ–ერთმა ვინც სკამი მიიტანა სასტუმროსთან, განაცხადა, რომ ეს იყო პროტესტი ოჯახების მსოფლიო კონგრესის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, ჰომოფობიას უწყობს ხელს და „რუსული პროპაგანდის ნაწილია“.  

ოჯახების მსოფლიო კონგრესის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე  სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალ ეკლესიის ორგანიზებულ მსვლელობას შეუერთდნენ, რომელიც ოჯახის დღის აღსანიშნავად გაიმართა.


საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერი წარწერით "17 მაისი - ოჯახის სიმტკიცის დღე", თბილისი 2016 წლის 17 მაისი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge


ოჯახის დღის აღსანიშნავი მანიფასტაციის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, თბილისი 2016 წლის 17 მაისი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge


ოჯახების მსოფლიო კონგრესის დელეგატს, რომელიც ყოველწლიურ შეკრებას დაესწრო თბილისში მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ევროპიდან, აშშ-დან და რუსეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხელში უჭირავს ამერიკის დროშა და მონაწილეობს საპატრიაქროს მიერ ოჯახის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ მსვლელობაში სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით. თბილისი 2016 წლის 17 მაისი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge 

კონგრესის ქართველი მასპინძელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე 16 მაისს 30–წუთიანი სიტყვით გამოვიდა შეკრებაზე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტრომ“ პირდაპირ ეთერში გადასცა და სადაც მან დასავლეთი ქართველი ახალგაზრდობის „მოწამვლაში“ დაადანაშაულა დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „აგრესიული ლიბერალიზმის“ ხელშეწყობის გზით. თავის გამოსვლაში ასევე გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „სისხლიანი რეჟიმი“, რომელსაც, მისი თქმით, დასავლეთის ხელისუფალნი უჭერდნენ მხარს.

„სიტყვის თავისუფლების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ლიბერალების ტოტალიტარული დიქტატურა ჩვენს ტელევიზიასა და პრესაში, ასევე საგანმანათლებო ინსტიტუტებში“, – განაცხადა ვასაძემ 16 მაისს ფილარმონიაში, რომელიც კონგრესის მეორე დღეს მასპინძლობდა და რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე. შეკრებას ასევე ესწრებოდა რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე და სულ ცოტა სამი დეპუტატი პარტია ქართული ოცნებიდან – ომარ ნიშნიანიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ლორთქიფანიძე.    
 
„როდესაც ჩვენში ვინმე ბედავს ამოიღოს ხმა დასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოში, მას უმალვე ედება ბრალი კრემლის ჯაშუშობაში დასავლეთისგან დასპონსორებული ლიბერალი პოლიტიკოსების, მასმედიისა და არასამთავრობოების მხრიდან“, – განაცხადა ვასაძემ. 

2013 წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭირა „ანტი–ტრადიციული პროპაგანდის“ მცდელობას თბილისის ცენტრში და როდესაც  ამ მცდელობას საზოგადოება დაუპირისპირდა და „გაყარა უსირცხვილო პროპაგანდისტები გამზირიდან, დასავლელი ელჩების იგივე გუნდი ერთხმად აყვირდა შეშფოთებული იმით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ მიიღო შემოთავაზებული უსირცხვილობის აღლუმი“.

მიესალმა რა მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთ პოლიტიკას, მან ქართული ოცნება  2014 წელს ანტი–დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო გააკრიტიკა, რომელიც მისი თქმით, დასავლეთის მიერ იქნა თავს მოხვეული და რომლის მიღებაც წინა ხელისუფლებამაც კი ვერ გაბედა.   

„თავისუფლების ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ველოდით დასავლეთისგან, ჩვენ მივიღეთ ციხე, ტერორი, გარყვნილება და უსამართლობა. ამის შედეგად, საქართველოში დასავლური კერპი დაემხო“, – განაცხადა ვასაძემ.

„დასავლეთმა დე ფაქტო უკვე დაკარგა საქართველო – ეს მოხდა მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა იერიში მიეტანა ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებაზე... დასავლეთის გავლენის ნარჩენები ემყარება მის ე.წ. მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა რუსული ოკუპაციის პირობებში. ეს დღე, როდესაც კრემლი ბოლოს და ბოლოს მიხვდება ამას და ითავებს შერიგებას თბილისაა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის, იქნება დღე, როდესაც დასავლეთი დაკარგავს საქართველოს საბოლოოდ“, – განაცხადა მან და მიმართა დასავლეთის მთავრობებს: „შეწყვიტეთ ეს სიგიჟე ახლავე და აღარ ჩაერიოთ ამ სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში; შეწყვიტეთ ჩვენს ეკლესიასა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება ასობით თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით“.


ოჯახის დღის მანიფესტაციაში მონაწილეს ხელში უჭირავს ოჯახების მსოფლიო კონგრესის დროშა სამების საკატედრო ტაძრის ეზოში. 17 მაისი, 2016 წელი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფმა განაცხადა 17 მაისს: „ოჯახის დაცვის თემაზე, მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, გაკეთებული ულტრამემარჯვენე, ანტიგენდერული განცხადებები არსებითად ემთხვევა რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რიტორიკას, რომელიც ცდილობს ლგბტ და გენდერის საკითხების  ირგვლივ საკუთარი იდეოლოგიური ბატონობის დამყარებას და გავრცელებას სხვა ქვეყნებში. არსებული კონტექსტი საქართველოში ლგბტ საკითხების პოლიტიზირების პრობლემაზე მიანიშნებს და არ შეიძლება განხილული იქნას მხოლოდ სოციალურ დონეზე ჰომოფობიის პრობლემად“.

საქართველოს პარლამენტი დებატების დაწყებას გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც პარტია ქართულმა ოცნებამ წარადგინა და რომელიც ერთნაირი სქესის პირთა ქორწინების აკრძალვას ეხება – რასაც ისედაც კრძალავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 10 მაისს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს, „არ არის თემა“ საქართველოში და ეს საკითხი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა „პოპულისტური“ ნაბიჯია საპარლამენტო არჩევნების წინ და მისი მიზანი საქართველოს მეტწილად კონსერვატორული საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებაა. უფლებადამცველების თქმით, ეს ინიციატივა ლგბტ თემის შემდგომ მარგინალიზაციას ახდენს და ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების შემდგომ გაღვივებას უწყობს ხელს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32