Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო “აგრესიული პრივატიზაციის“ მოლოდინში
/ 11 ივნ.'04 / 17:34
ნინო ხუციძე, "სივილ ჯორჯია"

ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ მისი
ამ პოსტზე დანიშვნის პირველივე დღეებში
პრივატიზაციაზე საუბარი აქტიურად დაიწყო
საქართველოს ახლად დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი ეკონომიკურ პოლიტიკაში პრიორიტეტს სახელმწიფო მმართველობაში დარჩენილი საწარმოების “ენერგიულ” პრივატიზაციას ანიჭებს. ამ თემამ საზოგადოებაში კამათი უკვე გამოიწვია, რადგან საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ქვეყნისთვის ე.წ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები კვლავაც სახელმწიფოს მფლობელობაში უნდა დარჩეს, ხოლო ნაწილი მათ კერძო სექტორში გადასვლას უჭერს მხარს.

“ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ინვესტიციების მოზიდვასთან არის დაკავშირებული, მთავარი პრინციპი, რომელიც ჩვენი აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკას განსაზღვრავს არის ის, რომ ყველანაირი ქონება, რომელსაც არ ჰყავს პატრონი, გარდა იმ ობიექტებისა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, უნდა გაიყიდოს”, განაცხადა პრემიერ-მინიტრმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტში, 10 ივნისს.

ყოფილი გავლენიანი ბიზნესმენი რუსეთში, ახალი ეკონომიკის მინიტრი კახა ბენდუქიძე მინისტრობის პირველივე დღიდან აკეთებს განცხადებებს, რომ უნდა დაიწყოს პრივატიზაციის ახალი ტალღა საქართველოში და უნდა გაიყიდოს ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია. ამასთან საუბარია ობიექტების მთლიანად გაყიდვაზე და გამოირიცხება დროებით მართვაში გადაცემის ფორმები.

ბენდუქიძის პირვანდელი პოზიცია, რომ “ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, სინდისის გარდა” ოდნავ შეიცვალა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ მთავრობამ შეძლო მისი დარწმუნება, რომ არსებობს ობიექტები, რომელთა გაყიდვაც ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი.

"რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაცია, ასევე იმ ჰესების, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, არ მოხდება“, უკვე აკონკრეტებს ბენდუქიძე იმ ჩამონათვალს, რომელიც “ამ ეტაპზე” არ გასხვისდება.

ბენდუქიძის ნუსხას უფრო აფართოვებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე, რომელიც ახალი მინისტრის პოზიციებში ცვლილებას მიესალმება.
 
“არ უნდა გაიყიდოს ტელეანძა, სიხშირეები, ნავიგაცია, აეროპორტების ასაფრენი ბილიკები, მაგისტრალური გაზსადენი, ობიექტები, რომელიც სახელმწიფო სისტემის შემადგენელი ნაწილია”, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ რომან გოცირიძემ

კახა ბენდუქიძემ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქეობასაც ინარჩუნებს, აღნიშნა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ შეისყიდის საწარმოებს საქართველოში, რადგან მთავრობას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი  შემოსავალი შევიდეს ბიუჯეტში და ეკონომიკა ფეხზე დადგეს.

"მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შეისყიდის სახელმწიფო საწარმოებს - რუსი, ამერიკელი თუ სხვა ბიზნესმენი. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ფული მივიღოთ ამ ობიექტების პრივატიზაციიდან და რაც შეიძლება ძვირად გავყიდოთ ისინი“, განაცხადა კახა ბენდუქიძემ.   

შედეგად რადიკალური და ულტრა-ლიბერალური რეფორმების შემთხვევაში ეკონომიკის მინისტრი ქვეყანას 2007 წლისათვის 12%-იან ეკონომიკურ ზრდას პირდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინფორმაციით მთლიანობაში არსებობს 28 მსხვილი ობიექტი, რომლის პრივატიზაციაც უნდა განხორციელდეს. მათ შორის არის ფოთისა და ბათუმის პორტები, ჭიათურმანგანუმი, ფეროშენადნობთა ქარხანა, მადნეული, ტელეკომი, მეტალურგიული ქარხანა და სხვა. ოფიციალური ინფორმაციით ამ ობიექტების უმრავლესობა წამგებიანია, რაც მათგან ბიუჯეტში შეტანილ მწირ თანხებს განაპირობებს.

საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს პორტების გასხვისებასთან დაკავშირებით. მთავრობა აცხადებს, რომ დღემდე პრივატიზებულ საწარმოების რეპრივატიზაცია გამორიცხულია, თუმცა ამავდროულად გეგმავს ფოთის პორტის პრივატიზაციას, სადაც აქციათა 80% უკვე კერძო სექტორის ხელშია გადასული.
 
“რაც შეეხება ნავსადგურებს არ უნდა გაიყიდოს წყლის აკვატორია,მის ქვეშ არსებული მიწა და ნავმისადგომი, მაგრამ ის რაც ნავსადგურის მუშაობას უზრუნველყოფს იმის გაყიდვა შეიძლება, მხოლოდ ძალიან ძვირად და სერიოზული მოფიქრებით”, აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტარი, ეკონომიკური ექსპერტი ლადო პაპავა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ეთანხმება ტერმინს “სტრატეგიული ობიექტები”, „სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფომ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პრივატიზაციის პროცესში, რათა ეროვნული ინტერესები არ შეილახოს. მისთვის ასევე მიუღებელია ახალი ეკონომიკის მინისტრის განცხადებები, რომ პრივატიზაცია მხოლოდ აუქციონის გზით უნდა განხორციელდეს.

“ჩემი აზრით, რკინიგზის პრივატიზაცია ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პორტების. თუ პორტებში რუსული კომპანიები გადაიხდიან ყველაზე მეტ თანხას, ამას არ დავეთანხმები, რადგან რუსეთს მხოლოდ ერთი პორტი აქვს შავ ზღვაზე, ხოლო პრივატიზაციის შემთხვევაში საქართველოს პორტებიც მათ ხელში გადავა”, უცხადებს პაპავა „სივილ ჯორჯიას.“
 
დიდ კაპიტალს რომ პოლიტიკური ინტერესებიც ახლავს თან, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ დღევანდელი მთავრობა, რომელიც წინა ხელისუფლების ოპოზიცია იყო, თავის დროზე მკვეთრად აკრიტიკებდა მაშინდელ ხელისუფებას რუსული კერძო კომპანიებისთვის საწარმო “აზოტის” ან “თელასის” გადაცემის გამო.  ამ მიმართულებით ხელისუფლების აქტიურობის გამო მაშინ ოპოზიციურმა პარლამენტმა სპეციალური დადგენილებაც კი მიიღო “სტრატეგიული ობიექტების გასხვისებასთან დაკავშირებით”, რომელიც მთავრობას ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ობიექტის გასხვისებას პარლამენტთან შეთანხმების გარეშე უკრძალავს.

სხვათაშორის ეს დადგენილება, ისევე როგორც კანონი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”, რომელიც განსაზღვრავს იმ ობიექტების გრძელ ნუსხას, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება, ჯერ კიდევ ძალაშია.
 
“პრივატიზაციის პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტის დადგენილება არავის არ გაუუქმებია და ბუნებრიავია, რომ დღესაც პარლამენტთან შეთანხმების გარეშე მთავრობა დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის საკითხებს”, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ პარლამენტის დადგენილების ინიციატორმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა.

კანონით “სახელმწიფო ქონების პრივატიზების” შესახებ პირდაპირ იკრძალება წიაღისეულის, წყლის რესურსების,  საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის, გაზის მაგისტრალური მილსადენის, საავტომობილო გზების, თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების; სიხშირეთა სპექტრის, სახელმწიფო საფოსტო კავშირის, რადიო-სატელევიზიო მაუწყებლობის, სატელეფონო კავშირის და ა.შ ობიექტების პრივატიზება.

“მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მთავრობა იმის განხორციელებას ვერ მოახერხებს, რის დეკლარირებასაც ეწევა, ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობა პარლამენტის გვერდის ავლით ვერ იმოქმედებს”, აცხადებს ლადო პაპავა.
 
თავის მხრივ დღევანდელი მთავრობაც აცხადებს, რომ სიფრთხილით მიუდგება საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტების თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას.
 
“როცა საუბარი არის სახელმწიფო და არა კერძო ბიზნესის შემოსვლაზე,  რა თქმა უნდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თუ რომელიმე ინვესტორი განავითარებს “ბორჯომს” ან “ნაბეღლავს”, პირადად მე მხოლოდ მადლობას ვეტყვი ასეთ ხალხს”, აცხადებს ზურაბ ჟვანიამ.
 
საქართველოს ხელისუფლებამ ფართოდ გაუღო კარი უცხოურ ინვესტიციებს, რაც 28-29 მაისს ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმთაც გამოიხატა. გარდა რუსული ინცესტიციებისა, ხელისუფლება პრივატიზაციის პროცესში დასავლური კაპიტალის ჩართვასაც გეგმავს და ამ მიზნით სექტემბერში ანალოგიური ფორუმის დასავლელი ბიზნესმენების მონაწილეობით ჩატარებას აპირებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16