Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის ბრიფინგი. 27 აგვისტო, ორშაბათი, 2001.
/ 3 სექ.'01 / 08:00

***

აფხაზეთში შექმნილი ვითარება, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგის უმთავრესი თემა იყო. როგორც ცნობილია 24 აგვისტოს, რუსეთისა და აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონებში, ქართველ და ჩეჩენ მეომართა კონცენტრაცია შეინიშნებოდა, რომლებიც აფხაზეთში შეჭრას გეგმავდნენ. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მართლაც არსებობდა 200-300 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელშიც პარტიზანები და აფხაზეთიდან დევნილები შედიოდნენ. თუმცა პრეზიდენტი უარყოფს ამ ავანტიურაში ჩეჩენთა მონაწილეობას და აცხადებს, რომ ეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ არის შეთხზული.

რაც შეეხება უშუალოდ ქართველი პარტიზანების გეგმებს, ამასთან დაკავშირტებით პრეზიდენტმა ასეთი კომენტარი გააკეთა: `ეს სტიქიური გამოვლინება იყო იმ უკმაყოფილებისა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებშია, განსაკუთრებით კი იმ ხალხში, რომლებიც ამა, თუ იმ ფორმით საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. საქმე ძალზედ სერიოზულ საფრთხესთან გვქონდა. მოსალოდნელი იყო გალის მოვლენების განმეორება, შეიძლება ითქვას უფრო დიდი მაშტაბებითაც~. შევარდნაძის განცხადებით საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილება, ძალოვანი სტრუქურების მიერ გაწეული ღონისძიებებისა და აფხაზეთის არაღიარებულ ხელისუფლებასთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად მოხდა. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით მას ოთხჯელ-ხუთჯელ, სატელეფონო საუბარი ჰქონდა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრთან ანრი ჯერგენიასთან. პრეზიდნეტის ინფორმაციით შეიარაღებული ჯგუფები უკვე დაიშალნენ და რეგიონში სტაბილურობა აღდგენილია.

ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია 27 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია, აფხაზეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზის სრულ საომარ მდგომარეობაზე გადასვლის შესახებ. ამას გარდა აფხაზეთი დატოვეს იქ მყოფი რუსი სამხედროების ოჯახის წევრებმა. როგორც ჩანს, რუსი სამხედროები სიტუაციის გაუარესებას ელიან.

27 აგვისტოს ბრიფინგზე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ცალსახად განაცხადა, რომ აუცილებელია სამშვიდობო პროცესის გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ომი გარდაუვალი იქნება. სხვათა შორის პრეზიდენტმა კომენტარი გაუკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ არ შეწყდა აფხაზი სეპარატისტების მხრიდან პროვოკაციები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთში ძალას გამოიყენებს.  პრეზიდენტმა შევარდნაძემ თარგამაძის აღნიშნული განცხადება სრულიად გასაგებად მიიჩნია,  რადგან მისი თქმით, `აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მოთმინების ფიალა აივოს. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს~. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საშუალებების ამოწურვის შემთხვევაში, ომი გარდაუვალი იქნება.

***

საქართველოს პრეზიდნეტი ედუარდ შევარდნაძე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარეს ირინა სარიშვილი-ჭარნტურიას უჭერს მხარს. ორშაბათის ტრადიციულ რადიო-ინტერვიუში, პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის კარგი იქნებოდა, რომ ირინა სარიშვილი-ჭარნტურია პარლამენტის წევრი გამხდარიყო.

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ბრიფინგზეც დაადასტურა. ამასთან უკმაყოფილება გამოთქვა `მოქალაქეთა კავშირის~ იმ წარმომადგენლების მისამართით, რომლებიც ვაკეში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებენ და ამის შესახებ პრეზიდენტთან, როგორც პარტიის თავჯდომარესთან კონსულტაციებსაც კი არ ატარებენ. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად `მოქალაქეთა კავშირს~ თავისი კანდიდატურა არ წარუდგენია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკეში კენჭისყრას საგადასახადო შემოსავლების ყოფილი მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი აპირებს.

პრეზიდენტი უკვე მერამდენედ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ მმართველი პარტია ერთიანია და აცხადებს, რომ მასსა და პარლამენტის თავჯდომარეს ზურაბ ჟვანიას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მისი თქმით, `მოქალაქეთა კავშირს~ დაშლა არ ემუქრება. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს `მოქალაქეთა კავშირის~ ზოგიერთი წევრი. 27 აგვისტოსვე, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში სარიშვილის მხარდაჭერით, `მოქალაქეთა კავშირს~ აშკარად გაემიჯნა. `რაც აქამდე კულისებს მიღმა მიმდინარეობდა, უკვე საჯაროდ გამოჩნდა~, განაცხადა ბარამიოძემ. როგორც ვხედავთ მმართველ პარტიაში არსებულ დაპირისპირებას თავად მისი წევრებიც აღარ უარყოფენ.   

შეგახსენებთ, რომ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში ოფიციალური განცხადება 12 კანდიდანტს აქვს შეტანილი, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ. არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4