Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახელისუფლებო კრიზისი გრძელდება
/ 3 სექ.'01 / 15:35

"მოქალაქეთა კავშირის ჟვანიას ფრთა მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამოდის. ოპოზიციონერები კი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ", ამ სიტყვებით იწყებს სტატიას "რეზონანსი". ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება, გაიზიარებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაციას და დაითხოვს თუ არა მინისტრებს, როგორც ეს 1998 წელს მოხდა. "მას შემდეგ დანიშნული მინისტრები არანაკლებ კორუმპირებულები აღმოჩნდნენ", წერს გაზეთი.

"ჩვენი მოთხოვნა გამოწვეულია დღეს შექმნილი სახელისუფლებო კრიზისით და აღმასრულებელ ხელისფლებაში ეკონომიკური გუნდის არარსებობით... დღეს მინისტრები ჯგუფებად არიან დაყოფილნი და გაჩაღებულია კულუარული ბრძოლა", აცხადებენ მოქალაქეთა კავშირის ჟვანიას გუნდის წარმომადგენლები.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ჟვანიას რეკომენდაციას დაემორჩილება და მინისტრებს დაითხოვს, ექსპერტთა აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჟვანიას სახელისუფლებო სადავეების ხელში აღების შანსი მიეცემა. ხოლო, თუ პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს მხარს არ დაუჭერს, მაშინ ის ჟვანიას თავის გუნდიანად გაწირავს. ჟვანიას პოლიტიკურ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ოპოზიციურმა ფრაქცია "აღორძინებამ" გუშინ ოფიციალურად მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა. მათი აზრით, ზურაბ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვება ხელს შეუწყობს საპარლამენტო კრიზისის დაძლევას.

საპირისპირო აზრი აქვს ფრაქცია "ტრადიციონალისტს". მის წევრთა აზრით, ჟვანიას გადადგომა საპარლამენტო კრიზისს უფრო მეტად გაამწვავებს. "რეზონანსის" განწყობიდან გამომდინარე, არც ის უნდა იყოს ზურაბ ჟვანიას გადადგომის მომხრე.

"ახალი თაობის" აზრით, ჟვანიას სავარძელს "წყალი შეუდგება" იმ შემთხვევაში, თუ 100-ზე მეტი დეპუტატი ხელს არ მოაწერს მოქალაქეთა კავშირის ერთი ნაწილის მიერ შემუშავებულ წერილს, თითქმის იდენტურს ჟვანიას ღია წერილისა. გაზეთის ინფორმაციით, ხელმოწერთა რაოდენობა დღესდღეობით მხოლოდ 40-ს არ აჭარბებს.

კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში რადიკალურ ცვლილებებია მოსალოდნელი. პრესა ჟვანიასა და მისი ფრთის ოპოზიციაში გადასვლაზეც კი ალაპარაკდა. მოქალაქეთა კავშირი, სავარაუდოდ, ორ ნაწილად გაიყოფა. ერთ ფრაქციაში სავარაუდოდ გაერთიანდებიან პარლამენტის ამჟამინდელი ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, ასევე პარლამენტარი ზაზა სიორიძე, ნინო ბურჯანაძე, რეზო ადამია და სხვები. კობა დავითაშვილი მეორე ფრაქციას უხელმძღვანელებს. მას "ახალი თაობა" სააკაშვილის ფრაქციად მოიხსენიებს. მისი წევრები იქნებიან ელენე თევდორაძე, კოტე კემულარია, ვასილ მაღლაფერიძე, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი. მთლიანობაში ფრაქციის წევრთა რიცხვი 15-ს არ გადააჭარბებს.

"რეზონანსი", "ახალი თაობა"

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4