24 სექტემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ პირველი მოსმენით 123 ხმით 4–ის წინააღმდეგ მიიღო ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებები პრემიერ–მინისტრის ძალაუფლების ზრდის სასარგებლოდ შემცირდება.
ცვლილებების პროექტი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა წარუდგინა.
პროექტის ძირითადი პუნქტების შეჯამების შემდეგ ადეიშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის განიხილოს და მიიღოს რამოდენიმე ის რეკომენდაცია, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემდგომ შემცირებას ეხება.
ადეიშვილის თქმით, ერთ–ერთი ასეთი შესაძლო ცვლილება მეორე მოსმენისათვის შეიძლება შეეხოს საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის უფლებებს, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ამ სფეროში დაპირისპირების ალბათობის თავიდან აცილებას დაეხმარება.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლის პოზიცია შენარჩუნებული აქვს. როგორც ვენეციის კომისიამ განაცხადა პროექტის შესახებ წინასწარ შეფასებებში, ამ დებულებამ შესაძლოა წარმოშვას რისკი იმისა, რომ პრეზიდენტი ინსტიტუციონალურად კონფლიქტში შევიდეს ხელისუფლების სხვა შტოებთან. ამიტომ კომისიის რჩევაა ამ დებულებაში ნათლად ჩაიწეროს რომ პრეზიდენტის ფუნქციები საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ სიმბოლური ხასიათის არის.
"ჩვენ მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ მეორე მოსმენის დროს, თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზება, თუ როგორ ავიცილოთ დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე,“ – განუცხადა ადეიშვილმა დეპუტატებს.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს შეამცირებს, ეხება ე.წ. ”კონსტრასიგნაციის" წესის გავრცელებას სამხედრო მეთაურების დანიშვნაზე – ანუ პრემიერ-მინისტრს შესაძლოა მიეცეს უფლება სამართლებრივად დაამოწმოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება გენშტაბის უფროსის ან სხვა მხედართმთავრების დანიშვნის ან გათავისუფლების თაობაზე. პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში, პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ამ თანამდებობებზე დანიშვნის ან გათავისუფლების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს.
ადეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის მიიღოს ეს ცვლილება და ეს პროექტში ასახოს მეორე მოსმენის დროს.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, პრემიერ–მინისტრის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებზე ”კონსტრასიგნაციის” განხორციელების უფლება ექნება. თუმცა აქვე განსაზღვრულია ის მიმართულებები, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა; არჩევნების დანიშვნა; კანონის ინიცირება და მისი ხელმოწერა; საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა; უშიშროების საბჭოს წევრების, გენშტაბის უფროსის დანიშვნა; მოქალაქეობის მინიჭება და შეწყვეტა; მოსამართლეთა დანიშვნა, როცა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციის განხორციელების უფლება არ აქვს.
ადეიშვილის თქმით, მესამე ცვლილება, რომელიც ასევე შესაძლოა განხორციელდეს მეორე მოსმენის დროს, ეხება პრეზიდენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების ჩამორთმევას ან მის შეზღუდვას.
დანარჩენი ცვლილებები, რომლებიც უკვე აისახა პროექტში შემდეგია: კონსტიტუციაში დარჩება „ორგანული კანონის“ კატეგორია; გუბერნატორებს დანიშნავს მთავრობა და არა პრემიერ–მინისტრი ერთპიროვნულად; ასევე პრეზიდენტს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრების პარლამენტში ექსკლუზიურად წარდგენის უფლება აღარ ექნება და ამას მთავრობასთან შეთანხმებით გააკეთებს; პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება საკუთარი ინიციატივით დანიშნოს რეფერენდუმი და მხოლოდ მაშინ შეეძლება ამის გაკეთება თუ შესაბამისი "მოთხოვნით“ პარლამენტი, მთავრობა ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩეველი მიმართავს.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო პროექტში აისახა, ეხება პრემიერ–მინისტრის უფლებას კანონპროექტთან დაკავშირებით აღძრას მთავრობის ნდობის საკითხი, რაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების მიზეზი, რაც თავდაპირველ პროექტში იყო გათვალისწინებული, ვეღარ გახდება.
მიღებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება მთავრობის მიერ ინიცირებულ ნებისმიერ კანონპროექტთან (მათ შორის საბიუჯეტო კანონპროექტთან) დაკავშირებით პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი; პარლამენტმა 14 დღეში ან ერთი მოსმენით უნდა მიიღოს კანონპროექტი ან უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას დადგენილი პროცედურით. თუ პარლამენტი უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.
იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის მიერ დაყენებული სხვა საკითხები არ დააკმაყოფილა. მათ შორის
პროექტში უცვლელი დარჩა ის დებულება, რომელიც უნდობლობის პროცედურის დროს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე საპრეზიდენტო ვეტოს დასაძლევად პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5–ის (90 დეპუტატი) მხარდაჭერას საჭიროებს. საპარლამენტო უმცირესობა ხმათა ამ რაოდენობის სრულ უმრავლესობამდე (76 ხმა) დაწევას მოითხოვდა.
მან ასევე არ დააკმაყოფილა შემოთავაზება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებაზე. წარმოდგენილი პროექტით, საქალაქო სასამართლოების და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადა მათ მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ იწურება; თუმცა, ეს წესი არ ვრცელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე.
პროექტის კიდევ ერთი საკამათო დებულება უვადოდ დანიშნვნისთვის, მოსამართლეებისთვის არაუმეტეს სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის შემოღებას ეხება. ადეიშვილმა დაიცვა ეს დებულება ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და განაცხადა, რომ ეს წესი არ შეიცვლება.
მან ასევე უარყო წინადადება, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევა პირდაპირი წესით ხდება და პოლიტიკური პარტიები ჩართულები უნდა იყვნენ ამ პროცესში.
ასევე უარყოფილი იქნა ქრისტიან–დემოკრატების შეთავაზება კონსტიტუციაში დარჩენილიყო ის პუნქტი, რომელიც მთავრობის შემადგენლობის 1/3–ით განახლების შემთხვევაში, პარლამენტის მიერ მინისტრთა მთელი კაბინეტისთვის ნდობის ხელახალ გამოცხადებას საჭიროებს.
ადეიშვილმა ასევე უარყო წინადადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად დამტკიცების თაობაზე. პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტში, ყველა სხვა წინა პროექტებისაგან განსხვავებით, გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მთავრობასთან შეთანხმებით და ავტონომიის უმაღლეს საბჭოში ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტი მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.
საკონსტიტუციო პროექტში გაჩნდა ასევე ახალი დებულება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
პროექტის თანახმად, ახალი საკონსტიტუციო მოდელი ძალაში 2013 წლის 1 დეკემბრიდან შევა, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ხოლო 2012 წელს უკვე არჩეული იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტი.
ზურაბ ადეიშვილმა ახალი საკონსტიტუციო მოდელის მიღებას "მნიშვნელოვანი“ უწოდა, რადგან მისი თქმით, ის განსაზღვრავს ქვეყნის "მომავალი პოლიტიკური ცხოვრების ლანდშაპტს არა ერთი და ორი წელი“, არამედ ათწლეულობით.