Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ავღანეთში ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ოქტ.'10 / 15:30

ქართველი ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციაში.
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო 1 ოქტომბერს.

“ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სამხედროები დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდნენ, ყველაფერი კეთდება მათი უმოკლეს ვადაში სამშობლოში გადმოსვენებისთვის,“– აღნიშნა თავდაცვის უწყებამ მოკლე განცხადებაში, სადაც სხვა დეტალებზე არაფერია ნათქვამი.

ამ შემთხვევამ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი ხუთამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც ისინი გასული წლის ნოემბრიდან კოალიციურ ძალებს შეუერთდნენ. სექტემბერში 31–ე ბატალიონის ასმეთაური მუხრან შუკვანი თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა, ხოლო ამავე ბატალიონის კაპრალმა იმავე ოპერაციის დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც თბილისს სტუმრობს, მწუხარება გამოთქვა ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო.

"დღეს ყველა ჩვენთაგანისთვის მწუხარე დღეა; რამოდენიმე ჩვენი მეგობარი დაიღუპა გუშინ ავღანეთის ბრძოლაში,“ – განაცხადა რასმუსენმა 1 ოქტომბერს თავის მოკლე გამოსვლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

"ქართველი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში მსახურობენ – ეს ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ–ერთი ყველაზე რთული ადგილია,“ – განაცხადა მან, "მე დიდად ვაფასებ თქვენს ერთგულებას ჩვენი საერთო უსაფრთხოების საქმისადმი, რაც საქართველოსა და ნატოს შორის ძლიერი პარტნიორობის დასტურია. ამისათვის მე ძალიან მადლიერი ვარ“.

1 ოქტომბერს ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა ავღანეთში "იმ გლობალური საერთაშორისო ინტერესებისთვის თავგანწირვის ტოლფასია, რომელიც ჩვენს პატარა ქვეყანას აქვს“.   

მან ასევე განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში "იბრძვიან, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის“.

"დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს ინტერესების შემოფარგვლა მხოლოდ საქართველოს საზღვრებით, როცა ჩვენ წინააღმდეგ წარმოებს გლობალური პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინტერესები; ჩვენ გვყავს ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი მეგობრები,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"მე როცა ვაგზავნიდი ჯარისკაცებს ავღანეთში მათ ვესაუბრე – რა თქმა უნდა, ისინი მიდიოდნენ თავისი რისკის სრული გაცნობიერებით; მათ თავი უჭირავთ ამაყად და ღირსეულად, რადგანაც ისინი იბრძვიან საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ და პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის,“ – განაცხადა მან. 

"ჩვენ ISAF-ის ერთგული წევრები ვართ... თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ და ჩვენ თქვენი შემდგომი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი გვაქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩემი ქვეყნის შემდგომი განვითარების მიმართ,“ – მიმართა სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს. 

საქართველომ შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, აშშ-ის მეთაურობის ქვეშ 2010 წლის აპრილში გააგზავნა, რითაც ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი ავღანეთში, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. პირველად საქართველომ ავღანეთში, საფრანგეთის მეთაურობის ქვეშ, ერთი ასეული 2009 წლის ნოემბერში გააგზავნა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37