თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძირითად ნაწილში ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენი 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
21 ოქტომბერს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა იმ 17 პირის სარჩელი, რომლებმაც გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 იანვრის განაჩენი. მათ შორის არიან ყოფილი სამხედრო მეთაურები, რომელთაც ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო სარჩელი, რომელიც შვიდი სამოქალაქო პირისთვის ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვდა. პროკურატურამ ამ პირებს ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით ამბოხის მოწყობაში დასდო ბრალი, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მათი ქმედება არა ამბოხი, არამედ დაუმორჩილებლობაში დახმარების გაწევა იყო. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს სწორედ ამ გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდა.
21 ოქტომბრის სხდომაზე სასამართლო კოლეგიამ, რომელსაც თამარ ალანია თავმჯდომარეობდა, განაჩენი ადვოკატების საბოლოო არგუმენტების და ბრალდებულთა საბოლოო სიტყვის მოსმენიდან 50 წუთის შემდეგ გამოაცხადა.
თავიანთ საბოლოო სიტყვებში ყოფილმა სამხედრო მეთაურებმა, შოთა გორგიაშვილმა და ლევან ამირიძემ, რომლებიც სასამართლომ ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობაში სცნო დამნაშავედ და რომელთაც ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯათ, კვლავ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომლის მიხედვითაც 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ნაწილში განვითარებული მოვლენები მათი პროტესტის გამოხატულება იყო სამხედრო სარდლობის და იმ სამხედრო აღლუმის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროისთვის იგეგმებოდა. მათი თქმით, ისინი არ აპირებდნენ ხელისუფლების დამხობას.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში ერთი თვის ვადაშია შესაძლებელი.