Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის იმედი აქვს 12:23
/ 3 სექ.'01 / 07:55

ზურაბ ჟვანიას მიერ პრეზიდენტისადმი მიწერილმა ღია წერილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ხელისუფლებასა და პრესაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით გუშინ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, წერილის დაწერის მიზეზი გახდა ის, რომ დროის ლიმიტი ხელისუფლებას ამოწურული აქვს და საჭიროა გადაიდგას რეალური ნაბიჯები, რათა შენარჩუნებულ იქნას კონტროლი მოვლენებზე და ისინი არ გახდეს უმართავი.

`მოსახლეობის უნდობლობის უმთავრესი მიზეზი ხელისუფლების უნიათობაა კორუფციასთან მიმართებაში. ჩვენ ამოვწურეთ განცხადებებისა და დეკლარაციების ლიმიტი. მხოლოდ მკვეთრი ნაბიჯებით შეგვიძლია დავარწმუნოთ ამომრჩეველთა ნაწილი, რომ საქმის გაკეთება შეგვიძლია~, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

პრესაში იგრძნობა ირონია პარლამენტის თავმჯდომარის დაგვიანებული გააქტიურების შესახებ. `ძალიან საინტერესოა, რატომ გაახსენდა სწორედ ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ტერიტორიებია დასაბრუნებელი, რომ სიღარიბე მძვინვარებს ქვეყანაში, რომ კორუფციაში იხრჩობა სახელმწიფო და ა.შ. ეს პრობლემები გაცილებით ადრე არსებობდა~, წერს `ახალი თაობა~.

ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ზურაბ ჟვანიას ღია წერილი შეიქმნა არა კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის სურვილით, არამედ პოლიტიკური ქულების დაგროვების მიზნით. სხვათა აზრით, წერილის საფუძველზე ოფიციალურად დაიწყო ხელისუფლების პირველი და მეორე პირების გამიჯვნის პროცესი.

ზურაბ ჟვანია უარჰყოფს ამ მოსაზრებას და აცხადებს: `ჩემი მიმართვის უმთავრესი პათოსი გახლავთ არა გამიჯვნა პრეზიდენტისაგან, არამედ იმის დაფიქსირება, რომ სწორედ მისი მოქმედებების საფუძველზე უნდა მოხდეს კონსოლიდაცია ყველა იმ ძალისა, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა~.

`რეზონანსის~ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს ხისტი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს და მისგან აქტიურ ქმედებებს მოელის. ზურაბ ჟვანიას წერილში მოხსენიებული `პირები, რომლებიც გაიგივებულნი არიან კორუფციასთან~ და რომლებმაც ქვეყნის კეთილდღეობის მიზნით უნდა დატოვონ დაკავებული თანამდებობები, შევარდნაძის საყრდენს წარმოადგენენ. ისინი ბიზნესით თუ სხვა საშუალებებით დაკავშირებულნი არიან ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან. `ასე რომ, ქვეყნის პირველი პირისათვის ხისტი არჩევანის გაკეთება - ან `მოქალაქეები~ ზურაბ ჟვანიას მეთაურობით, ან მათთან დაპირისპირებული დანარჩენი ხელისუფლება, წარმოუდგენელია~, წერს `რეზონანსი~.

მაშინ, როდესაც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის აშკარაა დაპირისპირება `კორუფციის ჭაობიდან ამოსვლის შანსი ამგვარი ხელისუფლებისთვის ნულის ტოლფასია~, წერს `რეზონანსი~.

`დადგებიან თუ არა პრეზიდენტი და პარლამენტი ერთ პოზიციაზე, ამას სულ ახლო მომავალი გვიჩვენებს. ფაქტი ერთია, ჟვანია პრეზიდენტის მხარდაჭერაზე დიდ იმედებს ამყარებს. მხარდაჭერის შემთხვევაში კი ქვეყნის პირველ პირს აუცილებლად მოუწევს მთავრობის გამოცვლა, ამჯერად უკვე მესამედ~.

`რეზონანსი~, `ახალი თაობა~, `დილის გაზეთი~

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20