Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერს ისრაელის ორი მოქალაქის სასამართლო საქმეზე არ დაკითხავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 იან.'11 / 16:11

ისრაელის ორი მოქალაქის სასამართლო პროცესზე, რომელთაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზება ბრალდებათ, მოსამართლემ 11 იანვარს კვლავ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პრემიერ–მინისტრის ნიკა გილაურისა და სხვა ოფიციალური პირების სასამართლოზე მოწვევის და მოწმეების სახით მათი დაკითხვის თაობაზე.

ოქტომბერში ბათუმში დაკავებული ორი ბიზნესმენის, რონ ფუქსის – რომელსაც ხანგრძლივი მრავალმილიონიანი დავა აქვს საქართველოსთან – და მისი პარტნიორის ზეევ ფრენკიელის დაცვის ჯგუფი ცდილობს იმ წერილზე მოახდინოს ფოკუსირება, რომელიც, მათი თქმით, პრემიერ–მინისტრმა გაუგზავნა ფუქსს და ბათუმში დაპატიჟა, რათა 98.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დავა მოეგვარებინათ. სწორედ ამ თანხის გადახდა დააკისრა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს გასულ წელს ფუქსის და მისი ბერძენი ბიზნესპარტნიორის იოანის კარდასოპოლუსის სასარგებლოდ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ გილაურის მიერ გაგზავნილი ეს "ოფიციალური მოწვევა“ საქართველოს ხელისუფლების იმ "გეგმის“ ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ფუქსის საქართველოში შემოტყუებას მრავალმილიონიან დავაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევის მოტივით, რათა შემდეგ დაეპატიმრებინათ იგი "გამოგონილი ბრალდებებით“ და ეიძულებინათ უარი ეთქვა იმ თანხაზე, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს დააკისრა მისი და მისი ბერძენი პარტნიორის სასარგებლოდ.

გრეგორი კრეიგი, რომელიც პრეზიდენტ ბარაქ ობამას მთავარი იურიდიული მრჩეველია თეთრ სახლში 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის იანვრის ჩათვლით, ფუქსის ადვოკატთა ჯგუფს უწევს კონსულტაციას.

კრეიგი, რომელიც ამერიკაში მრავალ გახმაურებულ სასამართლო დავებში მონაწილეობდა, მათ შორის ხელმძღვანელობდა პრეზიდენტ კლინტონის იურისტთა გუნდს, როდესაც მას იმპიჩმენტი ემუქრებოდა, ამჟამად პარტნიორია ამერიკულ იურიდიულ ფირმაში Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom

11 იანვარს თბილისში მყოფმა გრეგორი კრეიგმა Civil.ge–ს განუცხადა, რომ "შოკისმომგვრელია“, როდესაც სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მთავრობის ხელმძღვანელი და მისი ოფიციალური მოწვევა გამოიყენეს იმისათვის, რომ ფუქსი საქართველოში შემოეტყუებინათ, რათა შემდეგ ის ციხეში ჩაესვათ. მისი თქმით, ბიზნესმენების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ყალბი ბრალდებებით მას შემდეგ, რაც საქართველომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქმე წააგო, "ძირს უთხრის საქართველოს რეპუტაციას“.

მისი თქმით, ფუქსისთვის პატიმრობის მისჯა წამგებიანი იქნება ორივე მხარისთვის, რადგან ამ შემთხვევაში საქართველოს მაინც მოუწევს საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული თანხის გადახდა. კრეიგის თქმით, ამის მაგივრად უნდა მოიძებნოს რაიმე შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მომგებიანი.

"თუმცა, ამ ეტაპზე მე ამის იმედი არ მაქვს,“ – განაცხადა კრეიგმა.

Gornitzky & Co., ისრაელში არსებული იურიდიული ფირმა, რომელიც ასევე იცავს ფუქსის ინტერესებს, 12 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს, რომ ფუქსი ”იმაზე ოდნავ უფრო უკეთეს ვითარებაშია ვიდრე მძევლად მყოფი პირი.”

ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს ორი ბიზნესმენის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესა და მრავალმილიონიან დავას შორის. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მას ძლიერი არგუმენტები გააჩნია ორი ბიზნესმენის წინააღმდეგ და რომ საქმე სუფთა კორუფციულ გარიგებას ეხება.

"მედია და ამ ორი პიროვნების ოჯახები შეეცადნენ მთელი ამ საქმისთვის პოლიტიკური მიმართულება მიეცათ, აცხადებენ რა, რომ საქართველოს არ სურს თანხის გადახდა და სწორედ ამიტომ დააპატიმრეს ისინი. ეს სიმართლე არ არის. ეს ტიპიური მოქრთამვის საქმეა,“ –  საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განუცხადა Fox News–ს, რომელმაც ამ თემაზე ვრცელი მასალა 11 იანვარს მოამზადა.

ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, რომელიც  სასამართლო პროცესზე ბიზნესმენების ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრის დაკითხვა აუცილებელი იყო, რათა ნათელი მოფენოდა თუ რა როლი ითამაშა მან და მის მიერ გაგზავნილმა მოსაწვევმა ბიზნესმენების დაკავებაში. 

ანალოგიური შუამდგომლობა მან დეკემბერში წინასწარი მოსმენების დროსაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ეს შუამდგომლობა პროცედურული დარღვევებით იქნა დაყენებული. 11 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ისევ დააყენა იგივე შუამდგომლობა. ის ასევე ითხოვდა ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის და იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის დაკითხვასაც, რომლებიც, ადვოკატის თქმით, ასევე იყვნენ ჩართულნი ფუქსის საქართველოში მოწვევის ორგანიზებაში. თუმცა, მოსამართლემ ეს განმეორებითი შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის მოტივაცია ის იყო, რომ ვერც პრემიერ–მინისტრი და ვერც ადვოკატის მიერ ჩამოთვლილი სხვა მაღალჩინოსნები ვერ იქნებოდნენ შესაბამისი მოწმეები ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ კავშირი არ ქონდათ სასამართლოს მიერ განსახილველ საქმესთან, რომელიც ქრთამის შეთავაზებას ეხება.

მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც ისრაელის იმ ორი  მოქალაქის მოწვევას და მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა, რომლებიც, ბრალდების მხარის განცხადებით, ორი ეჭვმიტანილის პარტიორები არიან.

ბრალდების მხარის ერთ–ერთი მთავარი მტკიცებულებაა ფარული ვიდეოჩანაწერები, სადაც ნაჩვენებია ფუქსის შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, რომელიც 15 სექტემბერს სტამბოლის სასტუმროში შედგა. პროკურატურის თქმით, ვიდეომასალა ადასტურებს მის ბრალდებას, რომ ფუქსი მინისტრის მოადგილის მოქრთამვას ცდილობდა იმის სანაცვლოდ, რომ ეს უკანასკნელი დაიყოლიებდა საქართველოს ხელისუფლებას არ გაესაჩივრებინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება. წინა სხდომაზე დაცვის მხარე ამაოდ შეეცადა დაერწმუნებინა მოსამართლე ამოეღო ეს მტკიცებულება საქმიდან იმ მოტივით, რომ, როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, ის უკანონოდ იქნა მოპოვებული.

სასამართლოს შემდეგი სხდომა 13 იანვარს არის ჩანიშნული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66