Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვენეციის კომისიის მორიგი დასკვნა საკონსტიტუციო მოდელზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ოქტ.'10 / 18:01

  • ”პროექტის დამტკიცებამდე დაელოდეთ საბოლოო რეკომენდაციებს”;
  • ”უნდობლობის გამოცხადების შემცირებული ვადები არასაკმარისია”;
  • კომისია მიესალმება ზოგიერთ ცვლილებას პროექტში;
  • პრობლემები რჩება პრეზიდენტის და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ფუნქციებთან დაკავშირებით;
  • ”სასურველია პარლამენტის როლის შემდგომი გაძლიერება”.

ვენეციის კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაელოდოს მის საბოლოო რეკომენდაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო მიღებამდე "ზედმიწევნით გაითვალისწინოს“ ისინი.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდეგი პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ–მინისტრის უფლებების გაზრდის ხარჯზე, მესამე და საბოლოო მოსმენით 12 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე უყრის კენჭს – რამოდენიმე დღით ადრე, სანამ ვენეციის კომისია საბოლოო რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.    

თუმცა მანამდე, კომისიამ წინასწარი მოსაზრებები 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა. კომისიამ რეკომენდაციების პირველადი ვარიანტი ჯერ კდიევ ივლისში გამოაქვეყნა, მაგრამ მას შემდეგ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში არა ერთი შესწორება შევიდა. შესაბამისად, ვენეციის კომისიამ ახლა თავისი მოსაზრების განახლებული ვარიანტი გამოაქვეყნა, რასაც საფუძვლად უდევს ის ცვლილებები რომელიც საკონსტიტუციო პროექტმა პარლამენტის მიერ 1 ოქტომბერს მეორე მოსმენით მიღების დროს განიცადა. 

"მართალია საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი რამოდენიმე წინასწარი რეკომენდაცია, მაგრამ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო მოსაზრებას უნდა დაელოდოს და ზედმიწევნით გაითვალისწინოს ის, სანამ საბოლოოდ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს,“ – განაცხადა ვენეციის კომისიამ თავის მეორე წინასწარ მოსაზრებებში.

კომისია მიესალმა რამოდენიმე იმ ცვლილებას, რომელიც მეორე მოსმენის დროს იქნა მიღებული, მათ შორისაა პრეზიდენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების ჩამორთმევა; პრემიერ–მინისტრის თანხმობის საჭიროება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის და სხვა სამხედრო მეთაურების პრეზიდენტის მიერ დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შემთხვევაში. კომისია ასევე მიესალმა ცვლილებას, რომლითაც პრეზიდენტს აღარ ექნება საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვნის უფლება.

მეორე მოსმენის დროს მიღებული ერთ-ერთი ცვლილება ითვალისწინებს დებულებას, რომლითაც პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვისთვის და ასევე საერთაშორისო შეთანხმებების გასაფორმებლად. დეპუტატების მიერ ამ ცვლილების მიღების მიზანი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში საპრეზიდენტო უფლებამოსილებების შემდგომი შემცირება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული კონფლიქტი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ვენეციის კომისიამ განაცხადა თავის პირველ წინასწარ მოსაზრებაში, რომ ამგვარი რისკი მართლაც არსებობდა თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებულ პირობებში.

თუმცა ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ მეორე მოსმენის დროს მიღებული ეს ცვლილება პრობლემას ვერ აგვარებს.

"მთავრობის თანხმობის საჭიროება ვერ აგვარებს და პირიქით, შესაძლოა, მან კიდევ უფრო გაზარდოს კონფლიქტების რისკი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, თუ ამ უკანასკნელს დარჩება ეს უფლებები [საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში],“ – განაცხადა კომისიამ.

კრიტიკის მთავარ წყაროდ კვლავ რჩება უნდობლობის ვოტუმის ინიცირების წესი და შემდგომი პროცესი, რომლითაც ეს უნდობლობის გამოცხადება ხორციელდება. კომისიამ განაცხადა, რომ ეს წესი უნდა "გადაიხედოს და შეიცვალოს“.

კრიტიკის კიდევ ერთი წყარო უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კონსტრუქციული უნდობლობის ვოტუმის მთლიანი პროცესი "ხანგრძლივი და რთულია“.

ამ პროცესს შესაძლოა 50–60 დღე დასჭირდეს, ან პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში – 70–80 დღე.

ეს ვადები კიდევ უფრო ხანგრძლივი იყო, თუმცა მეორე მოსმენის დროს ის 20 დღით შემცირდა, რაც, ვენეციის კომისიის თქმით, "პოზიტიური მოვლენაა, თუმცა არასაკმარისი.“

კრიტიკის კიდევ ერთი წყარო უკავშირდება პრეზიდენტის როლს ამ პროცესში. პროექტის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს ჩაერიოს პროცესში პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ახალი პრემიერ–მინისტრის დანიშვნაზე უარის თქმით. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტს მისი წევრების სულ ცოტა 3/5–ის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც 90 დეპუტატს შეადგენს, რათა პრეზიდენტის ვეტო  გადაფაროს; სხვა შემთხვევებში კი, როგორიცაა ვეტო დადებული კანონები (გარდა საკონსტიტუციო ცვლილებებისა), პარლამენტის უმრავლესობა (76 ხმა) დასჭირდება პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.  

"ეს ძალიან დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს და ამცირებს არა მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილებას, არამედ პრემიერ–მინისტრის, რომელიც ახალი სისტემის ქვაკუთხედი უნდა იყოს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც,“ – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

სხვა რეკომენდაციებში ვენეციის კომისია მიესალმა საერთო სასამართლოების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ დებულებას, თუმცა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ეს დებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზეც განავრცოს. კომისიამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას ამოიღოს ის დებულება, რომელიც ახლად დანიშნული მოსამართლეებისთვის გამოსაცდელ პერიოდს არა უმეტეს სამი წლით განსაზღვრავს.      

ვენეციის კომისიამ ასევე განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის ხარისხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაში "გადაჭარბებულია“. არსებული პროექტით, პრეზიდენტი, მთავრობის თანხმობით, ასახელებს კანდიდატს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე და ეს კანდიდატი აჭარის საკნონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს.

მეორე წინასწარ მოსაზრებაში ვენეციის კომისია ასევე ეხება იმ ბრალდებებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ხშირად გაისმის და რომლის მიხედვითაც შემოთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ხელისუფლებაში დარჩენისთვის პირობების შექმნაა.

ვენეციის კომისიის თქმით, მის კომპეტენციაში არ შედის ამ თემაზე სპეკულაციები და იქვე დასძენს, რომ კომისიას ”გაუმართლებლად” მიაჩნია ამ პროექტის უარყოფა მხოლოდ იმ ბრალდებების გამო, რომ ეს არის ძალაუფლების საკუთარ თავზე მორგების მცდელობა.

კომისიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ წინასწარ მოსაზრებაში გამოთქმული მოსაზრება, რომ შემოთავაზებული პროექტი „რამოდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს“ შეიცავს, არსებულ სისტემასთან შედარებით, რომელიც 2004 წელს იქნა შემოღებული.

"მიუხედავად ამისა, კომისიას მიაჩნია, რომ სასურველი იქნება პარლამენტის უფლებამოსილებების შემდგომი გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, დებულებები მთავრობის ფორმირებისა და განსაკუთრებით, უნდობლობის გამოცხადების შესახებ, ასევე საკითხები, რომლებიც საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის უფლებამოსილებებს ეხება, უნდა გადაისინჯოს,“ – განაცხადა კომისიამ.

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 6 ოქტომბერს ვაშინგტონში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე შეეხო.

მისი თქმით, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა "ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეფორმების თვალსაზრისით, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას“.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს საქართველოში ხელისუფლების შტოებს შორის უერთიერთკონტროლისა და ბალანსის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში დახმარების გასაწევად,“ – განაცხადა კლინტონმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35