Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაეროს წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში საქართველოში ვიზიტს აჯამებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'10 / 19:20

იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ვოლტერ კელინმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას არ განახორციელონ დევნილთა გამოსახლება ისეთივე მეთოდებით, როგორც ეს გასულ თვეებში მოხდა, რასაც მან "ხელმეორედ“ დევნილობა უწოდა.

2005 წლის შემდეგ კელინი 13–16 სექტემბერს საქართველოს უკვე მეხუთედ სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე იმყოფებოდა სეპარატისტულ აფხაზეთში. დევნილთა საცხოვრებელი პირობები და მათთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იყო მისი მთავარი განსახილველი თემები თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრების დროს.

გალში სტუმრობისას კელინი დაინტერესდა იმ ქართველების საცხოვრებელი პირობებით, რომლებიც უპირატესად ქართველებით დასახლებულ ამ რაიონში დაბრუნდნენ. 

"ხელმეორედ“ დევნილობა

16 სექტემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, კელინმა შეაქო საქართველოს მთავრობა იმ ვალდებულებების შესრულების გამო, რომელიც დევნილთა შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის კუთხით სტრატეგიაშია გაწერილი. მისი თქმით, "ბევრ შემთხვევაში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღეს ქონება და მათი საცხოვრებელი პირობები ახლა არის უკეთესი, ვიდრე იყო მანამდე“.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 391 დევნილმა ოჯახმა დაიკანონა საცხოვრებელი ფართები ან გადაეცა სახლები, ან მიიღო ფულადი კომპენსაცია; 2 035–მა დევნილს კი გადაეცა სასოფლო–სამეურნეო მიწა.   

თუმცა, კელინის თქმით, მართალია დევნილთა ნაწილმა მთავრობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  ფარგლებში მიიღო "ძალიან კარგი სახლები“, მაგრამ  მათი "საარსებო წყარო არ გაუმჯობესებულა“.

“საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და საარსებო წყაროს გაუმჯობესება ერთდროულად უნდა ხდებოდეს,“– განაცხადა მან.

კელინის თქმით, ასევე შეშფოთების საგნად რჩება დევნილთა გამოსახლების პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში ივლისსა და აგვისტოში.

სახელმწიფოს თბილისში რამოდენიმე შენობიდან კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა იძულებით გამოსახლების პროცესმა კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან; ასევე გაეროს ლტოლვითა კომისარიატისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტისგან.

კელინის თქმით, გამოსახლების პროცესი ორი ძირითადი პრობლემით ხასიათდებოდა: ერთი დაკავშირებული იყო იმ ფორმასთან, როგორც ის განხორციელდა – კერძოდ, დევნილ ოჯახებს ცოტა ხნით ადრე სიტყვიერად ატყობინებდნენ მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ, ისე რომ მათ არ რჩებოდათ საკმარისი დრო მოსამზადებლად და მეორე პრობლემა იყო ხელისუფლების წარუმატებლობა უზრუნველეყო დევნილები შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებლით, რამაც შედეგად მათი "ხელმეორედ" დევნილობა გამოიწვია.

“პრობლემა ის არის, რომ  ხალხი გამოასახლეს და მათ  არ მისცეს რეალური ალტერნატივა. ამდენად, მათი მდგომარეობა იმაზე უარესი გახდა, ვიდრე იყო მანამდე,“– განაცხადა მან.
 
“საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ ‘შენ გაქვს რაღაც საცხოვრებელი’  – თუნდაც ეს კარგი სახლი იყოს – თუ ეს [გამოსახლება] ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს აღარ აქვს საარსებო წყარო, თუ ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს განათლებასა და ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა,“– განაცხადა კელინმა.

“მე შევხვდი ასეთ ადამიანებს, რომლებიც ამ თვალსაზრისით, ახლა მეორე დევნილობაში არიან და დაკარგეს ის მცირედიც, რაც მანამდე ჰქონდათ საარსებო წყაროს და მომსახურეობებზე ხელმისაწვდომობის სახით და  პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს,“– აღნიშნა მან.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის თქმით, მას სასარგებლო დისკუსია ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთავრობის მხრიდან არის იმის გაგება, რომ ამ პრობლემებს უკეთესი გადაწყვეტა ესაჭიროება.

“მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამასთან დაკავშირებით,“– დასძინა კელინმა.

მისი თქმით, თბილისში არის ამჟამად დევნილებით დასახლებული რამდენიმე კერძო მფლობელობაში არსებული შენობა, რომელთა გადაცემასაც მესაკუთრეები დაჟინებით ითხოვენ.

“ამიტომ შესაძლოა იყოს კიდევ გამოსახლებები,“– განაცხადა კელინმა, "მაგრამ საუკეთესო გზა იქნება არა ამ ხალხის [იძულებით] გამოსახლება, არამედ ამის დაგეგმილად გაკეთება... რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთივე სიტუაცია, რაც გასულ თვეში გვქონდა“.

ვიზიტი სოხუმსა და გალში

აფხაზეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას, კელინმა განაცხადა, რომ ქართველ დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივა კვლავაც ”ძალიან, ძალიან მცირეა.”

”ხანგრძლივ დევნილობაში ყოფნა აღარ უნდა გაგრძელდეს. დევნილთა დაბრუნებაზე უფლება უნდა იქნას აღიარებული და მათ დასაბრუნებლად პირობები შექმნილი,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, მართალია დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთში ნება დართო დევნილთა ნაწილს დაბრუნებულიყვნენ გალის რაიონში, სოხუმი ”კვლავაც არ არის მზად, რომ მოახდინოს ყველა დევნილის დაბრუნება” მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე.

სოხუმში მისი ვიზიტის დროს, სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სოხუმმა ”ცალმხრივად დართო ნება” 60 ათასს ქართველს დაბრუნებულიყვნენ გალის რაიონში, მაგრამ დანარჩენი დევნილების დაბრუნება, მისი თქმით, ვერ მოხდება, რადგან ეს სიტუაციას გაამწვავებს.

საერთაშორისო ორგანიზაციები გალში დაბრუნებულთა რაოდენობად, დაახლოებით, 40 ათასს ასახელებენ. თუმცა ისინი ოფიციალურად კვლავაც დევნილებად განიხილებიან, რადგან მათი გალში დაბრუნება სპონტანურად, არაორგანიზებულად და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე მოხდა.

კელინის თქმით, გალში ადგილობრივი მოსახლეობა ორ ძირითად პრობლემას აწყდება - ერთი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და მეორე, კულტურულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებული, მათ შორის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის საკითხში.

აფხაზეთში, კელინის თქმით, ის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ასევე გალის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, დაგეგმილი იყო ოფიციალური შეხვედრების გამართვა დე ფაქტო პრემიერთან სერგეი შამბასთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ ღვინჯიასთან, თუმცა ”ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო” ეს შეხვედრები არ შედგა. მისი თქმით, ის მხოლოდ ”ცოტა ხნით” და ”არაფორმალურ” ვითარებაში შეხვდა ღვინჯიას.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15