46 წლის ქალბატონმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წინ 27 სექტემბერს თავის დაწვა სცადა, იტყობინებიან მედია საშუალებები და თვითმხილველები.
ექიმების განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია სხეულის 32%–ის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა "მძიმეა“.
თვითმხილველთა განცხადებით, ფიფიამ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის აპროტესტებდა სამინისტროს უარს, რომ მისთვის საცხოვრებელი ფართი თბილისში გამოეყოთ.
სამინისტროს წინ დევნილთა ჯგუფი რამოდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ, რომ მათ საცხოვრებელი ფართი დედაქალაქში გამოეყოთ, ნაცვლად რეგიონებისა. რამოდენიმე მათგანის თქმით, ნანა ფიფია მართალია ამ დღეების განმავლობაში მათთან ერთად საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობდა, მაგრამ ის დღეს მივიდა და უთხრა მათ რომ მასაც მსგავსი პრობლემა ქონდა და ამ პრობლემის მოგვარებას შეეწირებოდა.
ინციდენტის შემდეგ სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეუძლებელია პრობლემის მოგვარება ასეთი "უკიდურესი ზომებით“.
"შეუძლებელია თბილისში ბინების დარიგება და ყველას დაკმაყოფილება. ამ ეტაპზე ჩვენ ვთავაზობთ ფართებს საკუთრებაში რეგიონებში და ვისაც აქვს სურვილი შეუძლია ისარგებლოს ამ შემოთავაზებით. ასეთი უკიდურესი ზომებით არ გვარდება პრობლემები,“ – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
სამინისტროს განცხადებით, ნანა ფიფია 2000 წლამდე ცხოვრობდა ზუგდიდში. ”შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში ნათესავთან გადავიდა. სამინისტრომ აღნიშნულ ქალბატონს საცხოვრებელი ფართი ისევ რეგიონში შესთავაზა, თუმცა, მან აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.