დევნილებმა, რომლებიც თბილისში მდებარე 25–მდე შენობაში "სპონტანურად, მთავრობის თანხმობის გარეშე“ არიან შესახლებული, საცხოვრებელი ფართები გაფრთხილებიდან 10 დღის ვადაში, დაახლოებით, 25 დეკემბრისთვის უნდა დატოვონ, აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
სანაცვლოდ, სამინისტრო ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს კახეთსა და სამეგრელოს რეგიონებში სთავაზობს.
16 დეკემბერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკის) განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ნათქვამია, რომ 2008 წლის კონფლიქტის შედეგად ზოგიერთმა დევნილმა თბილისში უკანონოდ დაიკავა, დაახლოებით, 30–მდე შენობა.
"აღნიშნულ შენობათა უმეტესობა, რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ კოლექტიურ ცენტრს, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან უნდა დაიხუროს... დევნილებმა უნდა დატოვონ ასეთი შენობები,“– ნათქვამია განცხადებაში.
გამოსახლების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დევნილები პროტესტით შეხვდნენ. ბოლო საპროტესტო აქცია დევნილებმა 17 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან გამართეს, სადაც მათი ერთ–ერთი მოთხოვნა საახალწლოდ დაგეგმილი გამოსახლების გადავადება იყო. აქციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.
გამოსახლების პროცესი გააკრიტიკეს ასევე საპარლამენტო ოპოზიციიდან პარტიის ჩვენ თვითონ და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერებმა.
სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დევნილთა დიდი ნაწილი, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქციებს მართავენ, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულია. სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოსაგან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული ოჯახები, რამდენჯერმე ვერ დაკმაყოფილდებიან.
ბოლოს, დევნილების მასშტაბური გამოსახლების პროცესს ივლისსა და აგვისტოში ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც, უფლებადამცველები იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შელახვის ფაქტებზე მიუთითებდნენ.
დევნილმა ქალბატონმა, რომელმაც უარი მიიღო დედაქალაქში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, პროტესტის ნიშნად სამინისტროს შენობის წინ ოქტომბერში თავი დაიწვა, რომელიც მიღებული დამწვრობების შედეგად ნოემბერში გარდაიცვალა.