20 იანვარს დილით ხელისუფლებამ განაახლა იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების პროცესი თბილისში მდებარე დროებითი თავშესაფრებიდან, რომლებიც, ხელისუფლების თქმით, დევნილებმა უნებართვოთ და „სპონტანურად“ დაიკავეს.
ბაგების სტუდქალაქში მდებარე ერთ–ერთ ასეთი თავშესაფარი პოლიციამ დილიდან ალყაში მოაქცია. გავრცელდა ინფორმაცია პოლიციასთან შეხლა–შემოხლის თაობაზე, როდესაც დევნილთა მხარდამჭერები და მათი ნათესავები პერიმეტრის შიგნით შეღწევის მიზნით პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.
მეორე თავშესაფარი, საიდანაც 20 იანვრის დილით გამოსახლების პროცესი დაიწყო, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობაა ორხევის დასახლებაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, დევნილებს, რომლებიც თბილისში მდებარე 25–მდე შენობაში „სპონტანურად, მთავრობის თანხმობის გარეშე“ არიან შესახლებული, მოუწევთ შენობების დაცლა და სამეგრელოს, კახეთის ან იმერეთის რეგიონში დასახლება. სამინისტროს თქმით, ამ რეგიონებში გამოყოფილი ფართები დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ.
ბოლოს, დევნილების მასშტაბური გამოსახლების პროცესს ივლისსა და აგვისტოში ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც, უფლებადამცველები იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შელახვის ფაქტებზე მიუთითებდნენ. შემდეგ პროცესი რამდენიმე თვით შეჩერდა; დეკემბერში თბილისის 25–მდე თავშესაფარში მცხოვრებ დევნილებს ხელისუფლებამ წერილობით აცნობა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის გამოსახლების პროცესი განახლდებოდა, თუმცა პროცესი იანვრისთვის გადაიდო.
დევილთა ჯგუფმა, რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით, ბოლო კვირების მანძილზე აქციათა სერია გამართა, რომლის დროსაც ისინი მოსალოდნელ გამოსახლებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, რაიონებში გადასახლება მათ შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვებდა, ვინაიდან ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი პირობები საარსებო საშუალებებს მოკლებულია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე აფხაზეთიდან დევნილ 10 000–მდე ოჯახს საკუთრებაში გადაეცათ ფართები თბილისში. სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, არ არსებობს საკმარისი რესურსები, რომ ყველა დედაქალაქში დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართებით.
კონსერვატორებმა და ხალხის პარტიამ, რომელთა ორგანიზებითაც დევნილთა საპროტესტო აქციები იმართება, 20 იანვარს პარლამენტის წინ მორიგი აქციისკენ მოუწოდეს.