ის საკითხი, რომ ოფშორული ფირმები მაქსიმუმ 10%–იან წილს შეიძლება ფლობდნენ ტელევიზიებში, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და ეს თემა ღია რჩება დისკუსიისთვის, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.
"არ ვფიქრობ, რომ ეს 10% არის გადამწყვეტი მედიის მესაკუთრეთა გამჭივალეობასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა ამ ნაწილში მსჯელობა კიდევ გაგრძელდება. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ, ამას უკვე ალბათ [იურიდიულ საკითხთა] კომიტეტის სხდომაზე გადავწყვეტთ,“– განაცხადა მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 24 ნოემბერს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე, სადაც მედია მფლობელთა გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად მაუწყებლობის შესახებ კანონში მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ მომზადებული ცვლილებები განიხილეს, მედია ექსპერტების ჯგუფმა გააკრიტიკა 10%–იანი გამონაკლისის დაშვება ოფშორული კომპანიებისათვის და ამ დებულების საერთოდ გაუქმება მოითხოვა, რათა მედია მფლობელთა ვინაობა 100%–ით გამჭირვალე გახდეს საზოგადოებისთვის.
კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, 10%–იანი შეზღუდვა გამომდინარეობს ლიბერალური მიდგომებიდან და ასევე იმ ალბათობიდან, რომ ტელევიზიების აქციები შეიძლება გაიყიდოს საფონდო ბირჟებზე. მათი მტკიცებით, არასწორია "შავი ხვრელების“ დატოვებაზე საუბარი, რადგან 10%–იანი წილის მფლობელი გადაწყვეტილების მიმღები ვერ იქნება.
თუმცა ექსპერტების მოსაზრებით, თავისუფლად შეიძლება, რომ 10%–იანი წილის მფლობელი იყოს ტელევიზიაში გადაწყვეტილების მიმღებიც და სრული დამფინანსებელიც, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ფინანსური გამჭირვალობის უზრუნველყოფას კანონპროექტი არ ითვალისწინებს.
26 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ინიციატივის გამოცხადებისას ხაზი გაუსვა, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა მედია–საშუალებების მფლობელთა და დაფინანსების გამჭირვალობაც.
"რატომ არ შეიძლება, რომ რაც ითქვა, ის მაინც გაკეთდეს?“– მიმართა მედია ექსპერტმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინო დანელიამ კანონპროექტის ინიციატორებს, "პრობლემა უნდა მოგვარდეს ბოლომდე. თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები“.
მან ასევე აღნიშნა, რომ მედია გარემოს გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის მხოლოდ ტელევიზიის მფლობელთა გამჭირვალობა და ამას "კომპლექსური მიდგომა“ სჭირდება.
მას მხედველობაში ჰქონდა მედია და იურიდიულ ექსპერტთა მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის გაზიარება, რომელიც ეხება არა მხოლოდ მედია–მფლობელთა გამჭირვალობის საკითხებს, არამედ ისეთ თემებსაც მოიცავს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
თუმცა კუბლაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ინიციატივის ფარგლებში რეგულირდება მხოლოდ მედია მფლობელთა გამჭირვალობის საკითხი და სხვა საკითხები, მათ შორის ფინანსური გამჭირვალობის დამატებითი მექანიზმების შემოღება ამ ეტაპზე არ განიხილება. "თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს თემები დახურულია,“– დასძინა მან.