პარლამენტმა თებერვლისთვის გადადო ტელემფლობელთა გამჭირვალობაზე კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით მიღება იმ მოტივით, რომ ფინანსურ გამჭირვალობის საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
მაუწყებლობის კანონში ცვლილებები, რომელიც ტელევიზიების ფლობას უკრძალავს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს, მეორე მოსმენით 15 დეკემბრის სხდომაზე უნდა განხილულიყო, თუმცა ის პარასკევის სხდომისთვის გადაიდო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მაშინ აღნიშნა, შემდომი კონსულტაციების მოტივით, რაც სავარაუდოდ, ფინანსური გამჭირვალობის საკითხებზე შეუჯერებელ პოზიციებს უკავშირდებოდა.
დღევანდელ სხდომაზე საკითხის შემდგომი გადადების ინიციატივით დეპუტატი ქრისტიან–დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძე გამოვიდა, რათა "ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ფინანსური გამჭირვალობის საკითხზე ჩვენ მივაღწიოთ კონსენსუსს“.
საპარლამენტო უმრავლესობა დაეთანხმა ამ წინადადებას, რადგან სამივე მოსმენით კანონპროექტის წელს მიღება მაინც ვერ მოხერხდებოდა საშემოდგომო სესიის დახურვის გამო. ბაქრაძის განცხადებით, უკეთესი იქნება "შეთანხმებული ცვლილებების ასახვა მოხერხდეს დოკუმენტში“ მისი მეორე მოსმენით განხილვისას.
მან ასევე მოიყვანა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის დუნია მიატოვიჩის წერილი, სადაც ასახულია კანონპროექტთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მედია–მფლობელთა გამჭირვალობის ახალი დებულებები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ ტელეკომპანიებზე, რომლებიც ამიერიდან აიღებენ ლიცენზიას.
თუმცა ბაქრაძის განცხადებით, სავარაუდოდ ეს რეკომენდაცია არ იქნება გათვალისწინებული, რადგან "საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ეს კანონი მაინც უნდა შეეხოს მოქმედ ტელევიზიებს“.
კანონპროექტის თანახმად, ლიცენზიის ამჟამინდელმა მფლობელებმა მათი გამჭირვალობა 2011 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ, მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის თავიანთი ტელევიზიებისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ–გვერდებზე გამოქვეყნების გზითაც.