Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაქრაძე მაუწყებელთა ფინანსურ გამჭირვალობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 თებ.'11 / 19:05

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 18 თებერვალს, რომ მაუწყებელთა ფინანსური გამჭირვალობის საკითხის განხილვისას ფრთხილი მიდგომაა საჭირო, ვინაიდან ძალიან მკაცრმა რეგულაციებმა, შესაძლოა, დააფრთხოს ბიზნესი მედიაში ინვესტიციებია განხორციელების თვალსაზრისით.  

დეკემბერში პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობას სრულად უკრძალავს. კანონპროექტი პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენებით უნდა მიიღოს, სანამ მას კანონის ძალა მიენიჭება. ოპონენტების განცხადებით, კანონპროექტი ასევე უნდა შეიცავდეს დამატებით ზომებს მაუწყებელთა ფინანსების სრული გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც ფინანსების ნაკადის კონტროლს უზრუნველყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ისინი აცხადებენ, შემოთავაზება მოკლებული იქნება „სრულ გამჭირვალობას“, რომლის პირობაც ხელისუფლებამ და კერძოდ, ბაქრაძემ 2010 წლის ოქტომბერში დადო.

როდესაც ბაქრაძეს ამ პირობის შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ მაუწყებელთა ფინანსური გამჭირვალობა "მგრძნობიარე თემაა“.

იგი საუბრობდა ბათუმში, სადაც USAID-ის მიერ დაფინანსებული და IREX–ის მიერ განხორციელებული G-Media პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდა. პროგრამის მიზანია ქართული მედიის ხარისხის, პროფესიონალიზმის, მდგრადობის და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესება.

ბაქრაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი უკვე ითვალისწინებს ფინანსური გამჭირვალობის ზომებს, მათ შორის მაუწყებლებისთვის იმ პირობის წაყენებით, რომ მათ არა მხოლოდ პირდაპირი მფლობელის ვინაობა გახადონ საჯარო, არამედ „ბენეფიციარი მფლობელისაც“. მან ასევე განაცხადა, რომ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვის საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის აკრძალვა "თავისთავად არის ნაბიჯი ფინანსური გამჭირვალობისკენ“. 

"შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით და მე ამის მოწინააღმდეგე ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ მედია ბიზნესის მგრძნობელობა და არ უნდა მივიღოთ იმდენად მკაცრი ზომები, რომელიც ბიზნესს მთლიანად დაუკარგავს მედიაში საკუთარი კაპიტალის ჩადების საშუალებას,"– განაცხადა მან.

"თუ ამ ბალანსს დავიცავთ... თუ ჩვენ ამ ხაზს არ გადავკვეთავთ, ამის ფარგლებში მზად ვარ, რომ დამატებით საკითხებზე ვისაუბროთ... ის, რომ ამდენი ხნის მანძილზე გაგრძელდა ამ ინიციატივაზე მსჯელობა სწორედ ერთ რამეს მიუთითებს, რომ ეს არის რთული საკითხი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის,“ – განაცხადა ბაქრაძემ. 

ზოგადად საქართველოს მედია გარემოზე საუბრისას ბაქრაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში პრობლემა არის არა მედია თავისუფლების, არამედ სიმპათიების მიხედვით, ანუ ხდება დაყოფა პოლიტიკური სიმპათია–ანტიპათიების მიხედვით“.

"პირველი გამოსავალი ამ პრობლემიდან არის ნეიტრალური და დაბალანსებული მედია საშუალებების განვითარება და და სწორედ ასეთი მედია საშუალებაა საზოგადოებრივი მაუწყებელი... და მეორე მიმართულებაა ის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს კონკრეტულად ვინ დგას რომელი არხის უკან,“ – განაცხადა მან.

"თავისთავად პოლიტიკური სიმპატია არის სრულიად ლეგიტიმური,“ – განაცხადა ბაქრაძემ და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ტელეარხების მაგალითი მოიყვანა, "მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვინ დგას არხის უკან, რა ძალას ეკუთვნის ფინანსურად და იურიდიულად ეს არხი... და აქედან გამომდინარე გააკეთოს საკუთარი შეფასება, რამდენად მისაღებია ან არ არის მისაღები ის პოლიტიკა, ის სარედაქციო ხაზი, რომელსაც არხი ატარებს“.

"ამიტომ ხდება არხის მფლობელების გახსნა და გასაჯაროება.... მე არ ვიტყვი, რომ ჩვენთან ეს მექანიზმი არ იყო და ახლა ვქმნით – იყო და მისი სტანდარტები მუშაობდა, მაგრამ მუშაობდა საშუალო სტანდარტის დონეზე. დღეს ჩვენ გადავდივართ ყველაზე მკაცრ სტანდარტზე... ის, რომ ჩვენ მთლიანად ვკრძალავთ ოფშორში დარეგისტრირებული ფირმების მიერ არხის ფლობას, ეს არის ძალიან მკაცრი სტანდარტი,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ერთ–ერთი რეკომენდაცია ის არის, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნები, მათ შორის ოფშორული ფირმების მიერ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის აკრძალვა, არ უნდა შეეხოს მოქმედი ლიცენზიის პერიოდს, რადგან ამან შესაძლოა უკვე არსებული ლიცენზიის მფლობელ მაუწყებლებს სამართლებრივი გაურკვევლობა შეუქმნას. თუმცა, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, „ამ რეკომენდაციას პოზიტიურად არ ვითვალისწინებთ გამომდინარე საზოგადოებრივი განწყობიდან.“  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15